იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1კეთილი სახელი დიდ სიმდიდრეზე უკეთესია, ვერცხლსა და ოქროს კი კეთილგანწყობა სჯობს.
- 2მდიდრები და ღარიბები ერთმანეთს ხვდებიან: ყველა მათგანის შემქმნელი კი უფალია.
- 3გონიერი წინასწარ ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, ბრიყვი კი გზას აგრძელებს და ისჯება.
- 4თავმდაბლობის და უფლის შიშის საზღაური: სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლეა.
- 5უკუღმართს გზაზე ეკლები და ხაფანგები ხვდება, ის კი, ვინც საკუთარ თავს უფრთხილდება, შორს უვლის მათ.
- 6გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას.
- 7მდიდარი ღარიბზე ბატონობს, მსესხებელი კი გამსესხებელს ემონება.
- 8უსამართლობის მთესველი უბედურებას მოიმკის; მისი მრისხანების კვერთხი გადატყდება.
- 9კურთხეული იქნება გულმოწყალე, რადგან თავისი საზრდოდან უწილადებს ღარიბებს.
- 10გააგდე დამცინავი და დავაც თან გაჰყვება, ჩხუბსაც და დავიდარაბასაც ბოლო მოეღება.
- 11ვისაც სუფთა გული აქვს და მადლიანი ლაპარაკი უყვარს, მისი მეგობარი მეფეა.
- 12უფლის თვალები ცოდნას იცავენ, მოღალატის ნათქვამს კი ძირს დასცემს.
- 13ზარმაცი ამბობს: ლომიაო გარეთ, მომკლავსო - შუა ქუჩაში.
- 14ღრმა ორმოა უცხო ქალის პირი, უფლის მიერ შერისხული ჩავარდება შიგ.
- 15სიბრიყვე მიეკრა ყმაწვილის გულს; შეგონების კვერთხი გამოდევნის მას.
- 16ვინც თავისი დოვლათის გასამრავლებლად ღარიბს ავიწროებს და მდიდარს აძლევს, გაღატაკდება.
- 17ყური დაუგდე, ბრძენთა სიტყვები მოისმინე და ცოდნისკენ მოაქციე გული,
- 18ვინაიდან, გეამება თუ გულში შეინახავ მათ და მუდამ ბაგეზე გექნება.
- 19დღეს შენც გაუწყებ მათ, რომ უფალზე იყო დანდობილი.
- 20განა არ მოგწერე, რჩევითა და ცოდნით სავსე ოცდაათი გამონათქვამი,
- 21რომ მეჩვენებინა შენთვის, რა არის ჭეშმარიტი და მართალი, რათა ჭეშმარიტებით უპასუხო შენს მომავლინებელთ?
- 22ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღატაკია; საწყალს ნუ დაჩაგრავ კარიბჭესთან,
- 23რადგან უფალი იდავებს მათ დავას და წაიღებს მათი მძარცველების სიცოცხლეს.
- 24ნუ დაუმეგობრდები ბრაზიანს და ფიცხ კაცს ნუ დაემგზავრები,
- 25რომ არ ისწავლო მისი გზები და მახეში არ გააბა საკუთარი თავი.
- 26ნუ იქნები იმათგანი ხელს რომ ურტყამენ ხელზე და თავდებად უდგებიან სესხზე,
- 27რადგან თუ ვერ გადაიხდი, ქვეშაგებსაც კი გამოგაცლიან ძირიდან.
- 28ნურც შენი მამების მიერ ძველთაგანვე დადგენილ მიჯნას გადასწევ.
- 29გინახავს კაცი, თავისი საქმის ოსტატი? მეფეთა წინაშე წარსდგება იგი, და არა მდაბიოთა წინაშე.
იტვირთება შემდეგი თავი