იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 24
- 1ბოროტი ადამიანების ნუ შეგშურდება და მათთან ყოფნას ნუ ისურვებ,
- 2რადგან ძალადობას განიზრახავს მათი გული და ბოროტებაზე ლაპარაკობენ მათი ბაგეები.
- 3სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით მტკიცდება იგი.
- 4ცოდნის გამო ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საამური სიმდიდრით.
- 5ბრძენი ადამიანი ძლიერია, მცოდნე კაცი ძალას იკრებს,
- 6რადგან ბრძნული მითითებით წარმართავს ომს და მრავალი მრჩევლის წყალობით ექნება გამარჯვება.
- 7მიუწვდომელია სიბრძნე უგუნურისთვის; კარიბჭესთან პირს ვერ გახსნის იგი.
- 8ვინც სიავეს განიზრახავს, ბოროტგანმზრახველს უწოდებენ.
- 9უგუნურის განზრახვა ცოდვაა და უზნეო კაცი საძაგელია ხალხისთვის.
- 10თუ გაჭირვების დღეს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა.
- 11იხსენი სასიკვდილოდ წაყვანილნი და დასახოცად განწირულებს ნუ მიატოვებ!
- 12თუ იტყვი: აჰა, არ ვიცოდიო ეს! განა ის, ვინც გულს წონის, ვერ მიხვდება? განა შენი სულის მცველმა არ იცის? განა კაცს თავისი საქმეებისამებრ არ მიუზღავს?
- 13შვილო, ჭამე თაფლი, რადგან კარგია და გოლეული ფიჭაც ეტკბილება შენს სასას;
- 14იცოდე, ასევეა სიბრძნე შენი სულისთვის; თუ ჰპოვე იგი - მომავალი გექნება და შენი იმედი არ წარიკვეთება.
- 15ბოროტეულო! მართალი კაცის სამკვიდროს ნუ ჩაუსაფრდები და თავს ნუ დაესხმი მის სამყოფელს!
- 16რადგან შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც წამოდგება, ბოროტეულნი კი უბედურების ჟამს წაბორძიკდებიან.
- 17ნუ გაიხარებ შენი მტრის დაცემისას და მისი წაბორძიკებისას ნუ ილხენს შენი გული;
- 18თორემ დაინახავს უფალი, არ მოეწონება და მოაქცევს მისგან თავის რისხვას.
- 19ბოროტმოქმედთა გამო ნუ გაბრაზდები და უმართლოსი ნუ შეგშურდება,
- 20რადგან ბოროტს მომავალი არ გააჩნია და უკეთურთა ლამპარი ჩაქრება.
- 21შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეებს ნუ გაეკარები.
- 22რადგან მოულოდნელად მოვა მათგან განადგურება და ვინ იცის, რა უბედურებას დაგატეხენ?
- 23ესეც ბრძენთა გამონათქვამია: მიკერძოება სასამართლოზე კარგი არ არის.
- 24ვინც ბოროტს ეუბნება, მართალი ხარო, იმას ხალხები დასწყევლიან და ერები შეაჩვენებენ.
- 25მის მამხილებელთ კი სიამე ექნებათ და მათზე გადმოვა კეთილი კურთხევა.
- 26გულწრფელი პასუხი პირზე კოცნას ჰგავს.
- 27დაასრულე შენი საქმე გარეთ, მოამზადე მინდორი, შემდეგ კი აიშენე სახლი.
- 28ნუ გამოხვალ ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ, ნუ იცრუებ შენი ბაგეებით.
- 29ნურც იმას იტყვი: როგორც მომექცა, ისევე მოვექცევი, თავისი ქცევისამებრ მივუზღავო.
- 30ზარმაცი კაცის მინდორთან და ჭკუათხელი ადამიანის ვენახთან ჩავიარე;
- 31აჰა, ჭინჭრითა და ეკლით იყო ყველაფერი დაფარული, ყორე კი ჩამონგრეულიყო.
- 32როცა ეს ვნახე, დავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე:
- 33ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა მოსასვენებლად
- 34და ყაჩაღივით მოგადგება შენი სიღატაკე და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.
იტვირთება შემდეგი თავი