გამოცხადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1"ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, ვისაც შვიდი ვარსკვლავი უპყრია მარჯვენაში და ოქროს შვიდ სალამპრეს შორის მიმოდის:
- 2ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და მოთმინება; და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტეულთა ატანა და გამოსცადე ისინი, თავის თავზე რომ ამბობენ, მოციქულები ვართო, მაგრამ არ კი არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად.
- 3მოთმინებაც გაქვს და იტანჯე კიდეც ჩემი სახელის გულისთვის, და არ დაქანცულხარ.
- 4მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული.
- 5ამიტომ გაიხსენე, სად დაეცი, მოინანიე და აკეთე პირვანდელი საქმეები. თორემ, მალე მოვალ შენთან და გადავწევ შენს სალამპრეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ.
- 6ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმეები, რომლებიც მეც მძულს.
- 7ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია”.
- 8"სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:
- 9ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავის თავზე ამბობენ, იუდეველები ვართო, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან.
- 10ნუ შეგეშინდება ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ზოგიერთ თქვენგანს საპყრობილეში ჩააგდებს ეშმაკი, რათა გამოიცადოთ. გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.
- 11ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან”.
- 12"პერგამოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, ვისაც ორლესული მახვილი აქვს:
- 13ვიცი რომ იქ ცხოვრობ, სადაც სატანის ტახტი დგას, და რომ გიჭირავს ჩემი სახელი და არ უარყავი ჩემი რწმენა, ჩემი ერთგული მოწამის, ანტიპას დღეებშიც კი, რომელიც მოკლეს თქვენს შორის, სადაც სატანა მკვიდრობს.
- 14მაგრამ ცოტა რამ მაქვს შენს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან არიან შენთან ისეთებიც, რომლებიც ბილყამის მოძღვრებას მისდევენ, ბალაკს რომ ასწავლა და აცდუნა ისრაელიანები, რათა კერპთშენაწირი ეჭამათ და ემეძავათ.
- 15ისეთებიც იმყოფებიან შენთან, ნიკოლაელთა მოძღვრებას რომ მისდევენ, მე რომ მძულს.
- 16მაშ, მოინანიე, თორემ მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით.
- 17ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მივცემ გამარჯვებულს დაფარულ მანნას და მივცემ თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც მიმღების გარდა არავინ იცის”.
- 18"თიატირას ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო ძე ღვთისა, ვისი თვალებიც ცეცხლის ალს წააგავს, ხოლო მისი ფეხები ელვარე სპილენძივითაა:
- 19ვიცი შენი საქმეები, სიყვარული, რწმენა, მსახურება და მოთმინება; და რომ შენი უკანასკნელი საქმეები პირველზე მეტია.
- 20მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ თავის ნებაზე უშვებ დედაკაც იეზაბელს, თავის თავს წინასწარმეტყველს რომ უწოდებს, და ასწავლის და აცდენს ჩემს მორჩილთ, რომ იმეძაონ და კერპთშენაწირი ჭამონ.
- 21მე მივეცი დრო, რომ მოენანიებინა, მაგრამ არ სურს მოინანიოს თავისი მეძავობა.
- 22აჰა, დავაგდებ მას სარეცელზე. ხოლო მათ, ვინც მასთან ერთად მეძავობდნენ, დიდ გასაჭირში ჩავყრი, თუ არ მოინანიებენ თავიანთ საქმეებს.
- 23სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებსა და გულებს; და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ.
- 24ხოლო დანარჩენებს, თიატირაში რომ იმყოფებით, გეუბნებით: ყველას, ვისაც არა აქვს ეს მოძღვრება და არ იციან სატანის სიღრმეები - როგორც ისინი ამბობენ - სხვა ტვირთს აღარ გაკისრებთ.
- 25რაც გაქვთ, მხოლოდ ის გეჭიროთ, ვიდრე მოვიდოდე.
- 26ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეებს, მას მივცემ ხელმწიფებას ერებზე;
- 27და დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით და დაიმსხვრევიან თიხის ჭურჭელივით, ისევე, როგორც მე მივიღე მამისგან.
- 28და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.
- 29ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს”.
იტვირთება შემდეგი თავი