გამოცხადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 22
- 1და მაჩვენა ბროლივით ბრწყინვალე სიცოცხლის წყლის მდინარე, ღვთისა და კრავის ტახტიდან რომ მოედინებოდა.
- 2მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, რომელსაც თორმეტი ნაყოფი გამოაქვს, თითოეულ თვეს თავისი ნაყოფი; ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა.
- 3მეტად აღარაფერი იქნება დაწყევლილი; და ღვთისა და კრავის ტახტი იქნება მასში, და მისი მსახურნი ემსახურებიან მას.
- 4იხილავენ მის სახეს, და მისი სახელი შუბლზე ექნებათ.
- 5ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც ლამპრის შუქი და არც მზის სინათლე, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
- 6და მითხრა: "სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურებისთვის, რა უნდა მოხდეს მალე.
- 7"აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს”.
- 8და მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს. როცა მოვისმინე და ვიხილე, დავემხე იმ ანგელოზის ფერხთით, ყოველივე ეს რომ მაჩვენა, რათა თაყვანი მეცა.
- 9მითხრა: "ნუ იზამ ამას, ვინაიდან მე, თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმებისა; და იმათი, ვინც იცავს ამ წიგნის სიტყვებს. ღმერთს ეცი თაყვანი”.
- 10და მითხრა: "ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა დრო.
- 11დაე, უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმინდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს.
- 12"აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთანაა, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მივუზღა.
- 13მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული”.
- 14ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში.
- 15მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა, ვისაც სიცრუე უყვარს და სჩადის.
- 16"მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი”.
- 17სული და სასძლო ამბობენ: "მოდი!” გამგონემაც თქვას: "მოდი!” მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.
- 18და ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს.
- 19თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი.
- 20ამის დამმოწმებელი ამბობს: "ჰე, მალე მოვალ!” ამინ, ჰე, მოდი, უფალო იესო!
- 21ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან, ამინ!