გამოცხადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და ხმამ, პირველად საყვირივით რომ შემომესმა, მითხრა: "აქ ამოდი და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ”.
- 2მყისვე სულში აღმოვჩნდი და, აჰა, ტახტი დგას ცაში და ვიღაც ზის ტახტზე.
- 3მჯდომი შესახედაობით იასპის ქვასა და სარდიონს წააგავს; ხოლო ტახტს ირგვლივ შემორტყმული ცისარტყელა შესახედაობით ზურმუხტს ჰგავს.
- 4ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი დგას, ხოლო ტახტებზე ოცდაოთხი უხუცესი ზის; თეთრი სამოსი აცვიათ და თავზე ოქროს გვირგვინები ადგათ.
- 5ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი; ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ლამპარი ანთია, რომლებიც შვიდი სულია ღვთისა.
- 6ტახტის წინ ბროლის მსგავსი მინის ზღვაა, ტახტის შუაში და ტახტის ირგვლივ - ოთხი ცოცხალი არსება, წინიდან და უკნიდან თვლებით სავსე.
- 7პირველი არსება ლომს ჰგავს, მეორე - ხარს, მესამეს ადამიანის სახე აქვს, მეოთხე მფრინავ არწივს ჰგავს.
- 8ამ ოთხი ცოცხალი არსებიდან თითოეულს ექვსი ფრთა ასხია, ირგვლივ და შიგნიდან თვალებით არიან სავსენი; არც დღისით, არც ღამით არა აქვთ მოსვენება; ამბობენ: "წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა”.
- 9როცა არსებანი დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიან ტახტზე მჯდომს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე,
- 10ოცდაოთხი უხუცესი ემხობა ტახტზე მჯდომის წინ და თაყვანს სცემს უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს, თავიანთ გვირგვინებს ამხობენ ტახტის წინ და ამბობენ:
- 11"ღირსი ხარ უფალო, და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე, შენი ნებით არსებობენ და იქმნენ”.
იტვირთება შემდეგი თავი