გამოცხადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 7

  1. 1
    ამის შემდეგ ვიხილე დედამიწის ოთხ კიდეზე მდგარი ოთხი ანგელოზი, რომელთაც დედამიწის ოთხი ქარი ეჭირათ, რომ არ ექროლა ქარს არც დედამიწაზე, არც ზღვაზე და არც რაიმე ხეზე.
  2. 2
    და ვიხილე მზის აღმოსავლიდან ამომავალი სხვა ანგელოზი, ცოცხალი ღმერთის ბეჭდის მქონე, რომელმაც დიდი ხმით შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც უფლება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ დედამიწისა და ზღვისთვის,
  3. 3
    და უთხრა: "ნუ ავნებთ დედამიწას, ზღვასა და ხეებს, ვიდრე დავბეჭდავდეთ ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს”.
  4. 4
    და გავიგონე ბეჭედდასმულთა რიცხვი: ასორმოცდაოთხი ათასი ბეჭედდასმული ისრაელიანთა ყველა ტომიდან;
  5. 5
    იუდას ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული; რეუბენის ტომიდან თორმეტი ათასი; გადის ტომიდან თორმეტი ათასი;
  6. 6
    აშერის ტომიდან თორმეტი ათასი; მენაშეს ტომიდან თორმეტი ათასი;
  7. 7
    სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი; ლევის ტომიდან თორმეტი ათასი; ისაქარის ტომიდან თორმეტი ათასი;
  8. 8
    ზებულონის ტომიდან თორმეტი ათასი; იოსების ტომიდან თორმეტი ათასი; ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული.
  9. 9
    ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, უამრავი ხალხი, დათვლა რომ არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან; სპეტაკი სამოსელით შემოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინ და ხელთ პალმის რტოები ეჭირა.
  10. 10
    დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: "ხსნა ეკუთვნის ჩვენს ღმერთს, ტახტზე რომ ზის, და კრავს!”
  11. 11
    ყველა ანგელოზი, ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ რომ იდგა, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე. მათ თაყვანი სცეს ღმერთს
  12. 12
    და ამბობდნენ: "ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”
  13. 13
    შემდეგ მომიგო ერთმა უხუცესთაგანმა და მკითხა: "ვინ არიან ეს თეთრი სამოსით შემოსილები ან საიდან მოვიდნენ?”
  14. 14
    ვუპასუხე: "უფალო, შენ იცი”. მან მითხრა: "ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები; რომელთაც გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს კრავის სისხლით.
  15. 15
    ამიტომაც არიან ღმერთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში; და ტახტზე მჯდომი გაშლის თავის კარავს მათზე.
  16. 16
    აღარ მოშივდებათ და არც მოსწყურდებათ, არც მზე დასწვავთ და არც არავითარი პაპანაქება.
  17. 17
    ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.
იტვირთება შემდეგი თავი