რომაელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 14

  1. 1
    რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო.
  2. 2
    ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლურნი კი მხოლოდ ბოსტნეულს ჭამენ.
  3. 3
    ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს; და ვინც არ ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. რამეთუ ღმერთმა მიიღო იგი.
  4. 4
    ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა; მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება.
  5. 5
    ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში.
  6. 6
    ვინც იცავს დღეს, უფლისათვის იცავს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს.
  7. 7
    ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისთვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის,
  8. 8
    ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.
  9. 9
    რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც.
  10. 10
    მაშ, რაღატომ განიკითხავ შენს ძმას და ამცირებ, ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე?!
  11. 11
    რადგან წერია: "ცოცხალი ვარ, - აბობს უფალი. ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს”.
  12. 12
    ესე იგი, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ჩააბარებს ღმერთს ანგარიშს.
  13. 13
    ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე, რომ შებრკოლება ან ცდუნება არ დაუდოთ ძმას.
  14. 14
    მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ არაფერია უწმიდური თავისთავად; მხოლოდ მისთვის არის უწმიდური, ვინც არაწმიდად ჩათვლის რამეს.
  15. 15
    თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
  16. 16
    ასე რომ, დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე.
  17. 17
    ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.
  18. 18
    ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი მოსაწონია ღვთისათვის და მისაღები - ადამიანთათვის.
  19. 19
    მაშ, ვესწრაფოთ მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას.
  20. 20
    საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე სუფთაა, მაგრამ ბოროტია იმისთვის, ვინც ჭამს და ამით სხვას აბრკოლებს.
  21. 21
    უმჯობესია არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შებრკოლდება შენი ძმა.
  22. 22
    გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს.
  23. 23
    ხოლო თუ ეჭვით ჭამს, მსჯავრი დაედება, ვინაიდან რწმენით არ იქცევა, რადგან რაც რწმენით არაა, ცოდვაა.
იტვირთება შემდეგი თავი