რომაელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1მაშ, რა არის იუდევლის უპირატესობა, ან რა სარგებელია წინადაცვეთაში?
- 2დიდია უპირატესობა ყოველნაირად. უწინარეს ყოვლისა კი იმით, რომ მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვა.
- 3მერედა რა, თუ ზოგიერთი არ იყო ერთგული? განა მათი ორგულობა გააბათილებს ღვთის ერთგულებას?
- 4არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი, და ყოველი ადამიანი - ცრუ, როგორც წერია: "რათა გამართლდე შენი სიტყვებით, გაიმარჯვო შენი განკითხვისას”.
- 5ხოლო თუ ჩვენი უმართლობა გამოაჩენს ღვთის სამართლიანობას, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? ვლაპარაკობ ადამიანურად.
- 6არამც და არამც! სხვაგვარად, როგორღა განიკითხოს ღმერთმა ქვეყნიერება?
- 7მაგრამ, თუ ჩემი სიცრუით გამრავლდა ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რაღად გავსამართლდე როგორც ცოდვილი?
- 8მაშ, ხომ არ ვაკეთო ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? - როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? სამართლიანია მსჯავრი ასეთებზე.
- 9მაშ, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდევლებიც და წარმართებიც ცოდვის ქვეშ არიან.
- 10როგორც წერია: "არავინ არის მართალი.
- 11არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს.
- 12ყველამ გადაუხვია, უსარგებლონი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.
- 13მათი ხორხი ღია სამარეა; ენებით ცრუობენ; მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია.
- 14მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე.
- 15მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად.
- 16ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე
- 17და არ იციან მშვიდობის გზა.
- 18ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ”.
- 19ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი ქვეყნიერება დაექვემდებაროს ღვთის სამსჯავროს.
- 20რადგან რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე; ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა.
- 21ხოლო ახლა, რჯულის გარეშე გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელზეც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი.
- 22ანუ ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არსებობს განსხვავება,
- 23ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას.
- 24და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით,
- 25რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლში, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით,
- 26რომელთაც ითმენდა ღმერთი, რათა ახლა ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რომ ის არის მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.
- 27მაშ სადღაა დასაკვეხნი? გამოირიცხა! რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით, არა! არამედ რწმენის რჯულით!
- 28რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთა გარეშე.
- 29განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია, განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც არის.
- 30ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელთ - რწმენით.
- 31მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც; არამედ განვამტკიცებთ რჯულს.
იტვირთება შემდეგი თავი