რომაელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1მაშასადამე, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით,
- 2რომელშიც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რაშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით.
- 3და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი ქმნის მოთმინებას,
- 4მოთმინება - გამოცდილებას, გამოცდილება კი იმედს,
- 5ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
- 6რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განსაზღვრულ დროს მოკვდა უღმრთოთათვის.
- 7ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის, შესაძლოა, ვინმემ კიდეც გაბედოს სიკვდილი.
- 8ღმერთი კი იმით გვიჩვენებს თავის სიყვარულს ჩვენდამი, რომ ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით, როცა ქრისტე მოკვდა ჩვენთვის.
- 9მით უმეტეს ახლა, როცა გავმართლდით მისი სისხლით, მისით გადავრჩებით რისხვისაგან.
- 10რადგან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს შერიგებულნი, გადავრჩებით მისი სიცოცხლით.
- 11და არა მარტო ამით, ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მეშვეობითაც მივიღეთ ახლა შერიგება.
- 12ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა,
- 13რადგან რჯულამდეც იყო ცოდვა ქვეყანაზე, ცოდვა კი, არ ითვლება თუ რჯული არ არის,
- 14თუმცა სიკვდილი სუფევდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ ადამივით, რომელიც მომავლის სახეა.
- 15მაგრამ მადლის საჩუქარი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის წყალობა და საჩუქარი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით, რომელიც უხვად ეძლევა მრავალს.
- 16ხოლო საჩუქარი არ არის იგივე, რაც შედეგი ერთი შემცოდებლისაგან, რადგან განკითხვა ერთისაგან გამოდის მსჯავრდასადებად, მადლის საჩუქარი კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად.
- 17ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი მეფობდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლსა და სიმართლის საჩუქარს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
- 18ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.
- 19ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.
- 20რჯული იმისთვის შემოვიდა, რომ დანაშაული გამრავლებულიყო, ხოლო როცა ცოდვა გამრავლდა, მადლმაც გადააჭარბა.
- 21რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილში, ისე მადლს ემეფა სიმართლეში, მარადიული სიცოცხლისათვის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
იტვირთება შემდეგი თავი