ქებათა-ქება სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 4

  1. 1
    აჰა, მშვენიერი ხარ ჩემო სატრფოვ, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები მტრედებია შენი პირბადის ქვეშ; შენი თმა გილყადის მთიდან დაშვებული თხების არვეა!
  2. 2
    შენი კბილები საბანელიდან ამომავალი გაპარსული ცხვარია, ყოველ მათგანს ტყუპი მოჰყვება და არც ერთი მათგანი არ არის მარტო.
  3. 3
    შენი ბაგენი მეწამული ძაფია და შენი პირი - მშვენიერი; შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ.
  4. 4
    შენი ყელი დავითის კოშკია, საჭურველისთვის აშენებული, ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყოველი ფარი!
  5. 5
    შენი მკერდი შვლის ორი ნუკრია, ქურციკის ტყუპები, შროშანთა შორის რომ ბალახობენ.
  6. 6
    ვიდრე დღის სიგრილეა და გადახრილია ჩრდილები, ავალ მურის მთაზე და გუნდრუკის მაღლობზე.
  7. 7
    ყოვლად მშვენიერი ხარ, ჩემო სატრფოვ და ნაკლი არ არის შენში.
  8. 8
    ლიბანიდან წამომყევი, ჩემო საპატარძლოვ, ლიბანიდან წამომყევი! ჩამოდი ამანის, სენირისა და ხერმონის მწვერვალებიდან, ლომთა ბუნაგთა და ჯიქთა თავშესაფრიდან!
  9. 9
    შენ დაატყვევე ჩემი გული, საპატარძლოვ, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით;
  10. 10
    რა მშვენიერია შენი ალერსი, საპატარძლოვ, დაო ჩემო! რა ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი, და შენი ნელსაცხებლის სურნელი ყველა სურნელზე უკეთესი!
  11. 11
    გოლეული მოსწვეთს შენს ბაგეებს, საპატარძლოვ, თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ! შენი სამოსელის სურნელი ლიბანის სურნელია!
  12. 12
    ზღუდეშემოვლებული ბაღი ხარ, საპატარძლოვ, დაო ჩემო! ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი!
  13. 13
    შენი ყლორტები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფით, ჰენნით და ნარდით!
  14. 14
    ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, გუნდრუკის ყოველგვარი ხით, მურით და ალოეთი, ყოველგვარი საუკეთესო სურნელებით.
  15. 15
    ბაღების წყარო ხარ, ცოცხალი წყლის ჭა - ლიბანიდან მომდინარე ნაკადები!
  16. 16
    გამოიღვიძე ჩრდილოეთის ქარო, მოდი სამხრეთის ნიავო, ჩემს ბაღს მოჰბერე, რომ იფრქვეოდეს მისი სურნელი! მოვიდეს თავის ბაღში ჩემი მიჯნური და იგემოს მისი რჩეული ხილი!
იტვირთება შემდეგი თავი