ტიტეს მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1პავლე, ღმერთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული, ღვთის რჩეულებს რწმენითა და ჭეშმარიტების შემეცნებით, ღვთისმოსაობის შესაბამისად,
- 2საუკუნო სიცოცხლის იმედით, რომელიც აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა საუკუნეთა უწინ.
- 3მაგრამ თავის დროზე გამოაცხადა თავისი სიტყვით, ქადაგებაში, რომელიც მე მომენდო ჩვენი მაცხოვარი ღმერთის ბრძანებით.
- 4ტიტეს, ჩემს ნამდვილ შვილს საერთო რწმენაში, მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისგან და ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტესგან.
- 5იმიტომ დაგტოვე კრეტაში, რომ დაასრულო დასასრულებელი და ხუცესები დააყენო ყველა ქალაქში, როგორც მე დაგავალე:
- 6თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი და ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელი.
- 7ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის სახლმმართველი, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარული.
- 8არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა და თავშეკავებული,
- 9სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, მოძღვრების მიხედვით, რომ საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და მოწინააღმდეგეთა მხილება.
- 10ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან,
- 11რომლებსაც პირი უნდა აეკრათ: ისინი რყვნიან მთელ სახლებს, რადგან სამარცხვინო ანგარების გამო იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ.
- 12ერთ-ერთმა მათგანმა, მათმავე წინასწარმეტყველმა, თქვა: კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, ბოროტი მხეცები, უქნარა სტომაქები.
- 13ეს მოწმობა სამართლიანია. ამ მიზეზით მკაცრად ამხილე ისინი, რათა საღნი იყვნენ რწმენაში.
- 14ყურად არ იღონ იუდეველთა ზღაპრები და იმ კაცთა მცნებანი, ვინც განერიდა ჭეშმარიტებას.
- 15წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა; ხოლო წაბილწულთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ წაბილწულია მათი გონებაც და სინდისიც.
- 16ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, ვინაიდან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისთვის.
იტვირთება შემდეგი თავი