ზაქარია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1დარიოსის მეფობის მეორე წლის მერვე თვეს უფლის სიტყვა იყო ზაქარია ბერექიას ძის, ყიდოს ძის, წინასწარმეტყველის მიმართ:
- 2ფრიად განურისხდა უფალი თქვენს მამებს.
- 3მაშ, უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, მობრუნდით ჩემსკენ და მეც მოვბრუნდები თქვენსკენ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- 4თქვენი მამებივით ნუ იქნებით, რომ უცხადებდნენ და ეუბნებოდნენ წინანდელი წინასწარმეტყველები, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: დატოვეთ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი ბოროტი საქმეები! მაგრამ არ შეისმინეს და არ გამიგონეს - ამბობს უფალი.
- 5სადღა არიან თქვენი მამები? ან განა საუკუნოდ ცოცხლობენ წინასწარმეტყველები?
- 6მაგრამ ჩემი სიტყვები და დადგენილებები, ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ვუბრძანე, განა არ მოეწია თქვენს მამებს? ამიტომ მოექცნენ ისინი და თქვეს: განიზრახა ცაბაოთ უფალმა, რომ ჩვენი გზებისა და საქმეების მიხედვით მოეზღო, და მოგვიზღა კიდეც.
- 7მეთერთმეტე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეფობის მეორე წელს უფლის სიტყვა იყო ზაქარია ბერექიას ძის, ყიდოს ძის, წინასწარმეტყველის მიმართ:
- 8ღამით ვიხილე, აჰა, კაცი იყო წითელ ცხენზე ამხედრებული. ის მურტის ხეებს შორის იდგა, ხეობაში. მის უკან წითელი, ალისფერი და თეთრი ცხენები იდგნენ.
- 9ვკითხე: რა არიან-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? მიპასუხა ანგელოზმა, მე რომ მელაპარაკებოდა: გაჩვენებ, რა არიან ესენი.
- 10მურტის ხეთა შორის მდგარმა კაცმა მითხრა: უფალმა ქვეყნის შემოსავლელად მოავლინა ესენი.
- 11და მიუგეს მურტის ხეთა შორის მდგარ უფლის ანგელოზს: შემოვიარეთ ქვეყანა და აჰა, მშვიდია და წყნარი მთელი ქვეყანა.
- 12შემდეგ თქვა უფლის ანგელოზმა: ცაბაოთ უფალო! როდემდე არ შეიბრალებ იერუსალიმს და იუდას ქალაქებს, რომლებზეც განრისხებული ხარ აგერ უკვე სამოცდაათი წელია?
- 13მიუგო უფალმა ჩემთან მოლაპარაკე ანგელოზს კეთილი და ნუგეშისმცემელი სიტყვები.
- 14და მითხრა ანგელოზმა, მე რომ მელაპარაკებოდა: განაცხადე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: დიდი შურით ვარ აღძრული იერუსალიმისა და სიონის მიმართ.
- 15დიდად ვმრისხანებ უდარდელ ხალხზე; მცირედ რომ ვმრისხანებდი, ბოროტებას უმატეს.
- 16ამიტომ ასე ამბობს უფალი: სიბრალულით მოვბრუნდები იერუსალიმისკენ და აშენდება მასში ჩემი სახლი - ამბობს ცაბაოთ უფალი - საზომი ლარი გაიჭიმება იერუსალიმზე.
- 17კიდევ განაცხადე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით, კვლავ ანუგეშებს უფალი სიონს და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.
- 18აღვაპყარი თვალები და აჰა, ოთხი რქა იყო.
- 19ვკითხე ანგელოზს, მე რომ მელაპარაკებოდა: რა არის-მეთქი ესენი? მიპასუხა: ეს ის რქებია, იუდა, ისრაელი და იერუსალიმი რომ გაფანტა.
- 20შემდეგ ოთხი მჭედელი დამანახა უფალმა.
- 21ვკითხე: ამათ რა უნდა გააკეთონ-მეთქი? მიპასუხა: ეს ის რქებია, იუდა რომ გაფანტა ისე, რომ ვერავინ შეძლო თავის აწევა; ხოლო ეს მჭედლები იმ ხალხთა დასაშინებლად და რქების დასახრელად მოვიდნენ, რქა რომ აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტად.
იტვირთება შემდეგი თავი