ზაქარია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 14

  1. 1
    აჰა, მოდის უფლის დღე და გაინაწილებენ ნადავლს შენს წიაღში.
  2. 2
    ყველა ერს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად შევაგროვებ და დაპყრობილ იქნება ქალაქი; გაიძარცვება სახლები და შეიბილწებიან დიაცნი. გადასახლებაში წავა ნახევარი ქალაქი, დანარჩენი ხალხი კი არ მოიკვეთება ქალაქიდან.
  3. 3
    მაშინ გამოვა უფალი და გაილაშქრებს იმ ერებზე ისე, როგორც ბრძოლის დღეს.
  4. 4
    დადგება მისი ფეხი იმ დღეს ზეთისხილის მთაზე, რომელიც იერუსალიმის პირდაპირაა, აღმოსავლეთით; გაიპობა ზეთისხილის მთა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ფრიად დიდ ხეობად და გადავა ნახევარი მთა ჩრდილოეთით და მეორე ნახევარი - სამხრეთით.
  5. 5
    და გაიქცევით ჩემი მთების ხეობით, ვინაიდან აცალამდე მიაღწევს მთების ხეობა. გაიქცევით, როგორც მიწისძვრისგან გაიქეცით იუდას მეფის, ყუზიას დღეებში; და მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი ყველა წმიდანთან ერთად.
  6. 6
    არ იქნება იმ დღეს ნათელი, არამედ - მძიმე და ბნელი ღრუბელი.
  7. 7
    ეს დღე იქნება ერთადერთი, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე. საღამოს ჟამს გამოჩნდება სინათლე.
  8. 8
    იმ დღეს ცოცხალი წყლები იდენენ იერუსალიმიდან, ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ და ნახევარი - დასავლეთის ზღვისკენ. ზაფხულშიც ასე იქნება და ზამთარშიც.
  9. 9
    უფალი გამეფდება მთელ დედამიწაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და ერთი იქნება სახელი მისი.
  10. 10
    ვაკედ იქცევა მთელი ქვეყანა, გებაყის ველიდან რიმონამდე, იერუსალიმის სამხრეთით. იერუსალიმი კი ამაღლდება და დამკვიდრდება თავის ადგილზე, ბენიამინის კარიბჭიდან პირველი კარიბჭის სამყოფელამდე, კუთხის კარიბჭემდე და ხანანელის კოშკიდან მეფის საწნახლებამდე.
  11. 11
    დამკვიდრდებიან მასში ადამიანები და მეტად აღარ იქნება ნგრევა! უსაფრთხოდ იცხოვრებს იერუსალიმი!
  12. 12
    აჰა, ეს იქნება წყლული, რომლითაც დასცემს უფალი ყველა ხალხს, რომლებმაც გამოილაშქრეს იერუსალიმზე; სხეულები მათი გაიხრწნება ჯერ კიდევ მათი ფეხზე დგომისას, თვალები მათი დალპება თავის ბუდეებში და ენები მათი გაიხრწნება მათ პირში.
  13. 13
    დიდი აურზაური ჩამოვარდება იმ დღეს უფლისგან მათ შორის; თითოეული თავისი მოყვასის ხელს მოეჭიდება და მოყვასის ხელის წინააღმდეგ შეიმართება მისი ხელი.
  14. 14
    თვით იუდაც შეებრძოლება იერუსალიმს, და დახვავდება ყველა გარშემო ხალხების დოვლათი: ოქრო-ვერცხლი და ფრიად მრავალი სამოსელი.
  15. 15
    ასეთივე წყლულები ექნება ცხენებს, ჯორებს, აქლემებს, ვირებსა და ყველა ცხოველს, რომელიც იქნება მათ ბანაკებში. მსგავსი ამ წყლულისა.
  16. 16
    და იქნება, ყოველი გადარჩენილი ყველა იმ ერისგან, რომელიც იერუსალიმის წინააღმდეგ გამოვიდა, წლიდან წლამდე ივლის მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვების დღესასწაულის საზეიმოდ.
  17. 17
    თუ ვინმე დედამიწის ტომთაგან არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვების დღესასწაულის საზეიმოდ, არ იქნება წვიმა მათზე.
  18. 18
    და თუ ეგვიპტის სახლეული არ ავა და არ შევა, არც მათზე იქნება წვიმა და ეწევა სენი, რომელსაც დაუშვებს უფალი იმ ხალხებზე, რომლებიც არ ავლენ, რათა იზეიმონ კარვების დღესასწაული.
  19. 19
    ეს იქნება ეგვიპტისა და ყველა ერის სასჯელი, რომელიც არ ავა კარვების დღესასწაულის საზეიმოდ!
  20. 20
    იმ დღეს ცხენთა მოსართავებზეც კი წარწერილ იქნება: ‘სიწმიდე უფალს’ და იქნება ქვაბები უფლის ტაძარში, როგორც თასები სამსხვერპლოს წინ.
  21. 21
    ყველა ქვაბი იერუსალიმსა და იუდაში ცაბაოთ უფლისადმი იქნება მიძღვნილი. ივლის მსხვერპლის ყველა შემწირავი, აიღებს მათგან და მოხარშავს მათში. და მეტად აღარ იქნება იმ დღეს მოვაჭრე ცაბაოთ უფლის ტაძარში.