სოფონია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1ვაი მეამბოხე და წაბილწულ, მოძალადე ქალაქს!
- 2არავის ხმას არ ისმენს, დარიგებას არ იღებს; უფალს არ მიენდო და თავის ღმერთს არ მიუახლოვდა.
- 3მისი მთავრები მბრდღვინავი ლომები არიან მის შუაგულში, მისი მსაჯულები - მგლები, საღამოდან დილამდე ძვალსაც რომ არ ტოვებენ.
- 4თავქარიანნი არიან მისი წინასწარმეტყველნი, მოღალატე კაცები; საწმიდარს ბილწავენ მისი მღვდლები, ფეხქვეშ თელავენ რჯულს.
- 5სამართლიანია მის წიაღში უფალი, უსამართლობას არ ჩაიდენს, დილ-დილობით გამოაქვს თავისი სამართალი სინათლეზე და არ ბრკოლდება, უსამართლომ კი არ იცის სირცხვილი.
- 6გავწყვიტე ერები, ნანგრევებად ვაქციე მათი კოშკები. გავაუკაცრიელე მათი ქუჩები, არ დარჩენილა გამვლელი; აოხრდა მათი ქალაქები, კაცი არ დარჩა, აღარავინაა მცხოვრები.
- 7ვამბობდი: მხოლოდ ჩემი გეშინოდეთ, მიიღეთ დარიგება, რომ არ განადგურდეს თქვენი სამკვიდრო და ჩემმა სასჯელმა გვერდი აგიაროთ-მეთქი. მაგრამ დილიდანვე ყოველმხრივ ბოროტებას სჩადიოდით.
- 8ამიტომ მაცალეთ - ამბობს უფალი - იმ დღემდე, როცა მოწმედ წამოვდგები, რადგან ჩემი განაჩენით მოიყრიან თავს ერები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი წყრომა და მთელი ჩემი მგზნებარე რისხვის მძვინვარება, რადგან ჩემი ეჭვიანობის ცეცხლით შთაინთქმება მთელი ქვეყანა.
- 9მაშინ მივცემ ერებს გასუფთავებულ ბაგეებს, რომ ყველამ მოუხმოს უფლის სახელს და მხარდამხარ ემსახურონ ღმერთს.
- 10ჩემი თაყვანისმცემელნი ქუშის მდინარეთა გაღმიდან, ჩემი გაფანტული ხალხის ასულნი მომართმევენ ძღვენს.
- 11აღარ შეგრცხვება იმ დღეს ყველა შენი საქმის გამო, რითაც მიჯანყდებოდი, რადგან მაშინ მოვაშორებ შენი წიაღიდან ამპარტავნებსა და ქედმაღლებს, რომ აღარ იამპარტავნო ჩემს წმიდა მთაზე;
- 12დავტოვებ შენს წიაღში თავმდაბალსა და თვინიერ ხალხს და უფლის სახელში ჰპოვებენ თავშესაფარს ისინი.
- 13აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს და აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა; მოძოვენ და დაისვენებენ, აღარავინ შეაშინებს მათ.
- 14სიხარულით შესძახე, სიონის ასულო, იყიჟინე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო!
- 15მოგაშორა უფალმა სასჯელი და განდევნა შენი მტრები. ისრაელის მეფე, უფალია შენს წიაღში და აღარ შეუშინდები უბედურებას.
- 16იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: ნუ გეშინია! და სიონს - ნუ მოგეშვება მკლავები.
- 17უფალი, შენი ღმერთია შენს შორის; ძლევამოსილი მეომარი. სიხარულით გაიხარებს შენზე, თავისი სიყვარულით განგაახლებს და გალობით იზეიმებს შენზე.
- 18შევკრებ მათ, ვინც უდღესასწაულობამ დაამწუხრა; შენგან რომ გავიდნენ, სიონო, გადასახლების სირცხვილი რომ აწევთ ტვირთად.
- 19აჰა, მე გავუსწორდები იმ დროს ყველა შენს მჩაგვრელს, კოჭლს გადავარჩენ და განდევნილთ თავს მოვუყრი; მათ სირცხვილს ქებითა და სახელით ჩავანაცვლებ, ყველა იმ მიწაზე, სადაც ილანძღებოდნენ.
- 20იმ დროს შემოგკრებთ და შინ დაგაბრუნებთ; დიდ სახელსა და ქებას მოგცემთ დედამიწის ყველა ხალხში, როცა აღვადგენ თქვენს კეთილდღეობას თქვენსავე თვალწინ! - ამბობს უფალი.