დაბადება — მცხეთური ხელნაწერი–გ. მთაწმინდელი
იტვირთება წინა თავი
თავი 24
- 1და იყო აბრაჰამ მოხუცებულ და გარდასრულ დღეთა და უფალმან აკურთხა აბრაჰამ ყოვლითა-ვე.
- 2და ჰრქუა აბრაჰამ მონასა თჳსსა უხუცესსა სახლისა მისისასა, მთავარსა მას ყოვლისასა, რომელ-რაჲ იყო მისი: დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა.
- 3და გაფუცო შენ უფალსა ღმერთსა ცათასა და ქუეყანისასა, რათა არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე დამკჳდრებულ ვარ მათ შორის.
- 4არამედ ქუეყანით ჩუენით, ვინა-იგი ვიყავ მე, მუნ წარხჳდე ნათესავთა ჩემთა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს მიერ.
- 5ჰრქუა მას მონამან მან უკეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვად ჩემ თანა ქუეყანასა ამას, მივაქციოა ძე შენი ქუეყანასა მას, ვინა-ცა გამოხუედ შენ მიერ?
- 6ჰრქუა მას აბრაჰამ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ.
- 7უფალმან ღმერთმან ცისამან და ღმერთმან ქუეყანისამან, რომელმან გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ქუეყანისა მისგან, რომელსა ვიშევ, რომელ-იგი მეტყოდა მე და მეფუცა და მრქუა: შენ მიგცე ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა, მან წარავლინოს ანგელოზი მისი წინაშე შენსა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა მუნით.
- 8ხოლო უკუეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვაჲ ჩუენ თანა ქუეყანასა ამას, უბრალო იყო შენ ფიცისა ამისგან, გარნა ძესა ჩემსა ნუ მიაქცევ მუნ
- 9და დასდვა ჴელი მონამან მან წყჳლთა აბრაჰამისთა, უფლისა თჳსისათა, და ეფუცა მას სიტყჳსა ამისთჳს.
- 10და წარიყუანა მონამან მან ათი აქლემი აქლემთაგან უფლისა თჳსისათა და ყოვლისაგან კეთილისა უფლისა თჳსისა თავისა თჳსისა თანა და აღდგა და წარვიდა შუამდინარედ ქალაქად ნაქორისაჲ.
- 11და დააწვინნა აქლემნი იგი გარეშე ქალაქსა ჯურღმულსა მას თანა მიმწუხრი, რაჟამს გამოვლენედ მერწყულნი.
- 12და თქუა: უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარმიმართე მე წინაშე ჩემსა დღეს და ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.
- 13აჰა ესერა, ვდგა მე წყაროსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა მკჳდრნი გამოვლენ ვსებად წყლისა.
- 14და იყოს ქალწული. რომელსა ვჰრქუა მე: მომიდრიკე მე სარწყული შენი, რათა ვსუა მე. ხოლო მან მრქუას: შენცა სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ესე არს დედაკაცი, რომელი განუმზადე მონასა შენსა ისაკს. და ამით ვცნა, რამეთუ ჰყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.
- 15და ვიდრე აღსრულებადმდე სიტყუათა ამათ გონებასა შინა. მუნთქუეს-ვე რებეკა გამოვიდოდა, შობილი ბათოელისი, ძისა მელქასი, ცოლისა ნაქორისა, ძმისა აბრაჰამისაჲ, და აქუნდა სარწყული მჴართა თჳსთა.
- 16ხოლო ქალწული შუენიერ იყო ხილვითა ფრიად, და ქალწული იყო, მამაკაცი არა უწყოდა მან. და შთავიდა წყაროსა მას და აღმოავსო სარწყული და აღმოვიდა.
- 17ხოლო მირბიოდა ყრმაჲ მიგებებად მისსა და ჰრქუა მას: მეც მე წყალი, ისწრაფა და გარდამოიღო სარწყული იგი მისგან.
- 18და თქუა: სუ, უფალო. და ასუა.
- 19ვიდრე განძღებოდა სმითა. და თქუა: აქლემთაცა შენთა ვასუა, ვიდრემდის ყოველთა სუან.
- 20ისწრაფა და წარმოაცალიერა სარწყული ისარნებსა შინა. და მირბიოდა მერმეცა ჯურღმულისა მიმართ აღმოვსებად წყლისა და ასვა ყოველთავე აქლემთა.
- 21ხოლო კაცი შეისწავლიდა მას და ზომდა ცნობად, უკუეთუ კეთილ-ყო ღმერთმან გზაჲ მისი, ანუ არა.
- 22და იყო, ვითარცა დასცხრეს ყოველნი აქლემნი სმისაგან, მოიხუნა კაცმან საყურნი ოქროჲსანი თითოჲ დიდრაქმისა საწონისანი და ორნი სალტენი ჴელთა მისთა ოქროჲ საწონი მათნი.
- 23და ჰკითხა მას და ჰრქუა: ასული ვისი ხარ. შენ? მითხარ მე. უკუეთუ არს მამისა შენისა თანა ადგილი ჩემთჳს დავანებად.
- 24და ჰრქუა მან მას: ასული ბათოელისი ვარ მე მელქაჲსისაჲ, რომელი უშვა მან ნაქორს.
- 25და ჰრქუა მას: ბზე-ცა და თივაჲ არს ჩუენდა და ადგილი დავანებად.
- 26და სთნდა კაცსა მას და თაყუანის-სცა უფალსა.
- 27და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი. რომელმან არა დამაკლო სიმართლე მისი და ჭეშმარიტებაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამისგან, მე მომიძღუა უფალი სახიდ ძმისა უფლისა ჩემისა
- 28და მირბიოდა ქალი და მიუთხრა სახლსა დედისა თჳსისასა მსგავსად სიტყუათა ამათ.
- 29ხოლო რებეკას ძმაჲ იყო, რომლისა სახელი ლაბან. და მირბიოდა კაცისა მიმართ გარე წყაროსა ზედა.
- 30და იყო ვითარცა იხილნა სალტენი და საყურნი ჴელთა ზედა დისა თჳსისათა, რამეთუ ესმნეს სიტყუანი დისა მისისა რებეკას მეტყუელისანი: ესრეთ მეტყოდა მე კაცი, და მოვიდა კაცისა მომართ, დგა რა იგი აქლემთა თანა წყაროსა ზედა.
- 31და ჰრქუა მას: მოედ, შემოვედ კურთხეულ არს უფალი, რაჲსათჳს სდგა გარე? რამეთუ მე განმიმზადებიეს სახლი ღა ადგილი აქლემთა.
- 32და შევიდა კაცი სახიდ და გარდატჳრთნა აქლემნი და მისცა ბზე და თივაჲ აქლემთა და წყალი დასაბანელად ფერჴთა მისთა და ფერჴთა მისთანათა კაცთასა.
- 33და დაუგნა მან პურნი ჭამად. და თქუა მან: არა ვჭამო ვიდრე თქუმადმდე სიტყუათა ჩემთა.
- 34და ჰრქუა მონაჲ აბრაჰამისი ვარ მე.
- 35უფალმან აკურთხა უფალი ჩემი ფრიად, და ამაღლდა. და მისცნა მას ცხოვარნი და ზროხანი, ოქროჲ და ვეცხლი, აქლემი და ვირნი.
- 36და უშვა სარრა, ცოლმან უფლისა ჩემისამან, ძე ერთი უფალსა ჩემსა შემდგომად დაბერებისა მისისა და მისცა მას ყოველი, რაოდენი-რაჲ იყო მისი.
- 37და მაფუცა მე უფალმან ჩემმან მეტყუელმან: არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე მკჳდრ ვარ ქუეყანასა მათსა.
- 38არამედ სახიდ მამისა ჩემისა წარხჳდე და ტომისა მიმართ ჩემისა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა, ისაკს, მუნით.
- 39ხოლო მე ვარქუ: უკუეთუ არა მოვიდეს დედაკაცი ჩემ თანა?
- 40და მრქუა მე უფალმან ღმერთმან, რომლისა სათნო-ვიქმენ წინაშე მისსა, მან წარმოავლინენ ანგელოზი თჳსი შენ თანა და წარმართენ გზა შენი და მოგუარო ცოლი ძესა ჩემსა ტომისაგან ჩემისა და სახლისაგან მამისა ჩემისა.
- 41მაშინ უბრალო იყო წყევისაგან ჩემისა, ხოლო რაჟამს წარხჳდე ტომისა მიმართ ჩემისა და არა მოგცენ შენ და იყო უბრალო ფიცისაგან.
- 42და მო-რა-ვედ მე დღეს წყაროსა ზედა, ვთქუ: უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო! უკუეთუ შენ გზა კეთილ ჰყოფ გზასა ჩემსა, რომელსა ზედა ვალ მე.
- 43აჰა, მე ვდგა წყაროსა ზედა წყლისასა, ხოლო ასულნი კაცთა ქალაქისათანი გამოვლენ ვსებად წყლისა. და იყოს ქალწული, რომელსაცა ვჰრქუა მე: მასუ მცირედი წყალი სარწყულისაგან შენისა.
- 44და მრქუას მე: და შენ სუ და აქლემთაცა შენთა ვასუა, ესე დედაკაცი არს, რომელი განუმზადა უფალმან მსახურსა თჳსსა ისაკს, და ამით ვცნა, ვითარმედ უყავ წყალობაჲ უფალსა ჩემსა აბრაჰამს.
- 45და იყო პირველ დასრულებისა ჩემგან, მეტყუელისა გონებასა შინა, მეყსეულად რებეკა გამოვიდოდა მქონებელი სარწყულისა მჴართა ზედა. და შთავიდა წყაროსა ზედა და აღმოივსო. ხოლო ვარქუ მას: მასუ მე.
- 46და მოსწრაფე ქმნილმან შთა-მოიღო სარწყული თავისაგან თჳსისა და თქუა: სუ შენცა ღა აქლემთაცა შენთა ვასუა. და აქლემთაცა ასუა.
- 47და ვჰკითხე მას და ვარქუ: ვისი ხარ ასული? ხოლო მან თქუა: ასული ბათოელისი, რომელი უშვა მელქა. და შეუსხენ მას საყურნი და სალტენი ჴელთა მისთა.
- 48და სათნო ჩენილმან თაყუანის-ვეც უფალსა და ვაკურთხე უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან წარმიმართა მე გზასა ჭეშმარიტებისასა მიყვანებად ასულისა ძმისა უფლისა ჩემისა ძისა მისისათჳს.
- 49აწ უკუეთუ ჰყოფთ ვიდრემე თქუენ წყალობასა და სიმართლესა უფლისა თანა ჩემისა, მითხართ მე, ხოლო უკუეთუ არა, რათა მივაქციო მარჯუენით, ანუ მარცხენით.
- 50მიუბეს ლაბან და ბათოელ და თქუეს: უფლისაგან გამოვიდა ბრძანებაჲ ესე. ვერ ძალ-გჳც უკუე წინააღდგომად, თქუმად ჰავ-კარგობისა.
- 51აჰა, რებეკა წინაშე შენსა, მიიყუანე და განისწრაფე და ეყავნ ცოლ ძესა უფლისა შენისასა, ვითარცა თქუა უფალმან.
- 52ხოლო იყო ყრმისაგან სმენასა აბრაჰამისსა სიტყუათა მათთასა, თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა უფალსა.
- 53და გამომღებელმან ყრმამან ჭურჭლისა ოქროჲსა და ვეცხლისა და შესამოსლისა და მისცნა რებეკას. და ძღუენი მისცა ძმასა მისსა და დედასა მისსა.
- 54და ჭამეს და სუეს მან და მისთანათა მყოფთა კაცთა. და დაიძინეს და აღ-რაჲ-დგა განთიად ყრმაჲ იგი და თქუა: განმავლინე მე, რათა წარვიდე უფლისა ჩემისა.
- 55მიუგეს ძმათა რებეკასთა და დედამან და ჰრქუეს: იყავნ ჩუენ თანა ქალწული ესე ვითარ აწ დღე ოდენ ათთა და ამისსა შემდგომად წარვიდეთ.
- 56ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ მაბრკოლებთ მე, რამეთუ უფლისა მიერ წარმემართა გზაჲ ჩემი, წარმგზავნეთ მე და წარვიდე უფლისა ჩემისა.
- 57ხოლო მათ ჰრქუეს: მოუწოდეთ ქალწულსა მასცა და ვჰკითხოთ პირსა მისსა.
- 58და მოუწოდეს რებეკას და ჰრქუეს: წარხჳდეა კაცისა ამის თანა? ხოლო მან თქუა: წარვიდე.
- 59და წარგზავნეს რებეკა, დაჲ მათი, და ზითევი მისი და მონაჲ იგი აბრაჰამისი და მისთანანი ყოველნი.
- 60და აკურთხეს რებეკა, დაჲ მათი, და ჰრქუეს: დაჲ ჩუენი ხარ შენ, იყავ ათასეულად ბევრეულთა და დაიმკჳდრონ ნათესავმან შენმან ქალაქები მტერთაჲ.
- 61აღდგა რებეკა და შიმუნვარნი მისნი და აღსხდეს აქლემებსა ზედა და წარვიდეს, კაცისა მის თანა და წარიყუანა მონამან მან რებეკა და წარვიდა.
- 62ხოლო ისაკ იქცეოდა უდაბნოსა, ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა, რამეთუ იგი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას სამხრითკერძოსა.
- 63და განსრულ იყო იგი ველად განცხრომად მიმწუხრი. და აღმხილველმან თუალთამან იხილნა აქლემნი მომავალნი ათნი.
- 64და მიადგნა რებეკა თუალნი თჳსნი და იხილა ისაკ შთამავალი სწრაფი აქლემთა მომართ.
- 65და ჰრქუა მონასა მას: ვინ არს კაცი ესე, რომელი მოგებებად ჩუენდა? ხოლო მან ჰრქუა: ესე უფალი ჩემი. და გარდამოჴდა იგი აქლემისა მისგან და მოიღო თერისტროჲ და გარე მოისხა.
- 66მაშინ მიუთხრა მონამან მან ისაკს ყოველივე ესე სიტყუაჲ, რაჲცა ყო.
- 67ხოლო შევიდა ისაკ სახიდ დედისა თჳსისასა და შეიყუანა რებეკა და იყო იგი მისა ცოლად. და შეიყუარა იგი და ნუგეშინის-იცა ისაკ სარრაჲსთჳს დედისა თჳსისა.
იტვირთება შემდეგი თავი