დაბადება — მცხეთური ხელნაწერი–გ. მთაწმინდელი
იტვირთება წინა თავი
თავი 29
- 1და წარემართა იაკობ და წარვიდა ქუეყანად მზისა აღმოსავალად ლაბანის, ასურისა, ძისა ბათოელ ასულისა, ხოლო ძმისა რებეკასა, დედისა იაკობისა და ესავისა.
- 2და მიჰხედა, და იხილა ჯურღმული ველსა ზედა. და იყვნეს მუნ სამნი მწყემსნი ცხოვართანი და განისუენებდეს მუნ, რამეთუ მის ჯურღმულისაგან ასჳან წყალი სამწყსოსა მათსა. და ქვაჲ დაედვა პირსა ზედა ჯურღმულისასა.
- 3და შეკრბის მუნ ყოველი სამწყსოჲ და მწყემსები და გარდააგორიან ლოდი იგი პირისა მისგან ჯურღმულისა და ასჳან ცხოვარსა და კუალად დასდვიან ლოდი იგი პირსა-ვე მის ჯურღმულისსა ადგილსა თჳსსა.
- 4და ვითარ იხილნა იგინი იაკობ, ჰრქუა მათ: ძმანო, ვინანი ხართ? ხოლო მათ ჰრქუეს: ქარანით ვართ ჩუენ.
- 5და ჰრქუა მათ: იცით-ა ლაბან, ძე ნაქორისა? და მათ ჰრქუეს: ვიცით.
- 6ხოლო მან ჰრქუა: ცოცხლებით არს-ა? და მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს. და ვიდრე იგინი ამას იტყოდეს, აჰა, რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა თჳსისათა.
- 7და თქუა იაკობ: დღე დგას-ღა ფრიად და არ-ღა არს შეკრებაჲ სამწყსოთაჲ; ასუთ ცხოვართა, წარვედით და აძოებდით.
- 8ხოლო მათ ჰრქუეს: ვერ შემძლებელ ვართ, ვიდრე შეკრებადმდე ყოველთა მწყემსთა, და გარდააგორვონ ლოდი ესე პირისაგან ჯურღმულისა ამის და მაშინ-ღა ვასუათ საცხოვარსა ჩუენსა.
- 9ჯერეთ ზრახვიდა იგი მათ, და რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა მისისათა, რამეთუ აძოებდა ცხოვართა მამისა მისისათა.
- 10და ვითარცა იხილა იაკობ რაქელ, ასული ლაბანისი. დედისძმისა თჳსისა, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი პირისაგან მის ჯურღმულისა და სუა ცხოვართა მათ ლაბანისთა, დედისძმისა თჳსისათა.
- 11და ამბორს-უყო რაქელს და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და ტიროდა.
- 12და უთხრა რაქელს, ვითარმედ ძმაჲ არს მამისა მისისა და ვითარმედ ძე არს რებეკასი. და წარვიდა რაქელ და უთხრა მამასა თჳსსა სიტყჳსა მისებრ იაკობისა
- 13და ვითარცა ესმა ლაბანს სახელი იაკობისი, დისწულისა თჳსისა, სრბით გამოვიდა შემთხუევად მისა და ვითარცა იხილა იგი, მოეხჳა მას და ამბორს-უყო. და შეიყვანა სახიდ თჳსა და უთხრა ლაბან ყოველთა სიტყუანი ესე.
- 14ჰრქუა მას ლაბან: ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცთა ჩემთაგანი ხარ შენ. და იყო მის თანა თთვეთა და დღეთა მრავალთა.
- 15და ჰრქუა ლაბან იაკობს: რამეთუ ძმაჲ ჩემი ხარი შენ. აჰა მმონო მე მედად. მითხარ მე, რაჲ არს სასყიდელი შენი?
- 16ხოლო ლაბანს ესხნეს ორ ასულ. სახელი უხუცესისა ლია და სახელი უმრწემესისა მის რაქელ.
- 17და იყვნეს თუალნი ლიასნი უძლურ, ხოლო რაქელ იყო კეთილ ხილვითა და შუენიერ პირითა.
- 18და უყვარდა იაკობს რაქელ და თქუა: გმონებდე შენ შჳდ წელ რაქელისთჳს, ასულისა შენისა უმრწემესისა.
- 19მიუგო და ჰრქუა ლაბან: უმჯობეს არს ჩუენდა მიცემად იგი შენ, ვიდრე მიცემად იგი სხუასა ქმარსა, იყოფოდე ჩემ თანა.
- 20და ჰმონებდა იაკობ შჳდ წელ რაქელისთჳს და იყუნეს წინაშე მისსა ვითარცა დღენი მცირენი სიყვარულისა მისისათჳს. და ვითარცა წარჰჴდეს შჳდნი წელნი,
- 21ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი, რამეთუ აღესრულნეს დღენი იგი დროსანი.
- 22და შეკრიბნა ლაბან ყოველნი კაცნი მის ადგილისანი და ყო ქორწილი.
- 23და იყო მწუხრი. და მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და შეიყვანა იაკობისა და შევიდა მისსა იაკობ.
- 24და მისცა ლაბან ლიას, ასულსა თჳსსა, ზელფა მჴევალი თჳსი, მისა მჴევლად. და ვითარცა იყო განთიადი და, აჰა ესერა, იყო იგი ლია.
- 25და ჰრქუა იაკობ ლაბანს: რაჲ ესე ჰყავ, ანუ აჰა რაქელისთჳს გმონებდ? რაჲსათჳს შეურაცხ-მყავ მე.
- 26და თქუა ლაბან: არა არს ჩუენსა ადგილსა ეგრეთ-მიცემად უმრწემესი უწინარეს უხუცესისა.
- 27აღასრულენ სხუანი-ღა წელნი და მიგცე იგი შენ საქმისა მისთჳს. რომელსა იქმოდი ჩემ თანა მერმეცა შჳდ წელ.
- 28და ყო იაკობ ეგრეთ და აღასრულნა სხუანი წელნი.
- 29და მისცა მას ლაბან ასული თჳსი რაქელ ცოლად მისა და რაქელს მისცა ბალა, მჴევალი თჳსი, მისა მჴევლად.
- 30და შევიდა იაკობ რაქელისა და შეიყუარა იგი უფროჲს ლიასსა და ჰმონებდა მას შჳდ წელ-ღა სხუა.
- 31და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ.
- 32მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე. და უწოდა სახელი მისი რუბენ და თქუა: რამეთუ იხილა უფალმან სიმდაბლე ჩემი და მომცა მე შვილი და აწ შემიყუაროს მე ქმარმან ჩემმან.
- 33და მერმე მიუდგა ლია და უშვა ძე მეორე იაკობს და თქუა: რამეთუ ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა და იხილა, ვითარმედ ვსძულ მე, და მომცა მე შვილი მეორე. და უწოდა სახელი მისი სჳმეონ.
- 34და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: ამიერითგან ჩემდამო იყოს ქმარი ჩემი, რამეთუ უშვენ მას სამ ძე და უწოდა სახელი მისი ლევი.
- 35და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: აწ უკვე აღუვარო უფალსა და. უწოდა სახელი მისი იუდა. და დადგა შობისაგან.
იტვირთება შემდეგი თავი