დაბადება — მცხეთური ხელნაწერი–გ. მთაწმინდელი
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1ესე წიგნი შესაქმისა კაცთასა, რომელსა დღესა შექმნა ღმერთმან ადამ ხატებად ღმრთისა.
- 2შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი.
- 3ხოლო ცხოვნდა ადამ ორას ოცდაათ წელ და შვა სახოვნებისაებრ თჳსისა და ხატებისაებრ თჳსისა. და სახელ-სდვა სახელი მისი სით.
- 4ხოლო იქმნნეს დღენი ადამისნი შემდგომად შობისა სეითისა შვიდას წელ და შვნა ძენი და ასულნი.
- 5და იქმნნეს ყოველნი დღენი ადამისნი, რომელთა ცხოვნდა ცხრაასოცდაათ წელ და მოკუდა.
- 6ხოლო ცხოვნდა სით ორას და ხუთ წელ. და შვა ენოს.
- 7და ცხოვნდა სით შემდგომად შობისა ენოსისა შვიდსა და შვიდ წელ და შვნა ძენი და ასულნი.
- 8და იქმნნეს ყოველნი დღენი სეითისნი ცხრაასდაათორმეტ წელ და მოკუდა,
- 9და ცხოვნდა ენოს ასოთხმეოცდაათ წელ. და შვა კაინან.
- 10და ცხოვნდა ენოს შემდგომად შობისა მის კაინანისსა შვიდასათხუთმეტ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.
- 11და იქმნნეს ყოველნი დღენი ენოსისნი ცხრაასდახუთ წელ და მოკუდა.
- 12და ცხოვნდა კაინან ასსამეოცდაათ წელ. და შვნა მალელეილ.
- 13და ცხოვნდა კაინან შემდგომად შობისა მის მალელეილისსა შვიდასორმეოც წელ. და შვნა ძენი და ასულნი.
- 14და იქმნა ყოველნი დღენი კაინანისნი ცხრაასდაათ წელ. და მოკუდა.
- 15და ცხოვნდა მალელეილ ასსამეოცდახუთ წელ და შვა იარედ.
- 16და ცხოვნდა მალელეილ შემდგომად შობისა მის იარედისსა შვიდასოცდაათ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.
- 17და იქმნეს ყოველნი დღენი მალელეილისნი. შვიდასოთხმეოცდაათხუთმეტ წელ და მოკუდა.
- 18და ცხოვნდა იარედ ასსამეოცდაორ წელ და შვა ენუქ.
- 19და ცხოვნდა იარედ შემდგომად შობისა მის ენუქისსა შვიდას წელ. და შვნა ძენი და ასულნი.
- 20და იქმნნეს ყოველნი დღენი იარედისნი რვაასსამეოცდაორ წელ და მოკუდა.
- 21და ცხოვნდა ენუქ ასსამეოცდახუთ წელ. და შვა მათუსალა.
- 22ხოლო სათნო ეყო ენუქ ღმერთსა. და ცხოვნდა ენუქ შემდგომად შობისა მის მათუსალასა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი.
- 23და იქმნნეს ყოველნი დღენი ენუქისნი სამასსამეოცდახუთ წელ.
- 24და სათნო ეყო ენუქ ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან.
- 25და ცხოვნდა მათუსალა ასსამეოცდაშვიდ წელ. და შვა ლამექ.
- 26და ცხოვნდა მათუსალა შემდგომად შობისა მის ლამექისა. შვიდასოთხმეოცდაორ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.
- 27და იქმნნეს ყოველნი დღენი მათუსალასნი, რომელთა ცხოვნდა, ცხრაასსამეოცდაცხრა წელ. და მოკუდა.
- 28და ცხოვნდა ლამექ ასოთხმეოცდარვა წელ და შვა ძე.
- 29და უწოდა სახელი მისი ნოე მეტყუელმან:ამან განმისუენოს ჩუენ საქმეთაგან ჩვენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან, რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან ჩუენმან.
- 30და ცხოვნდა ლამექ შემდგომად შობისა მის ნოესსა. ხუთასსამეოცდახუთ წელ და შვნა ძენი და ასულნი.
- 31და იქმნნეს ყოველნი დღენი ლამექისნი შჳდასორმეოცდააცამეტ წელ და მოკუდა.
- 32და იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა. და შვნა ნოე სამნი ძენი: სემ, ქამ და იაფეთ.
იტვირთება შემდეგი თავი