დაბადება — საპატრიარქო – orthodoxy.ge
თავი 1
- 1თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
- 2მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
- 3თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
- 4და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.
- 5ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.
- 6თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.
- 7გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.
- 8მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.
- 9თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.
- 10ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო .
- 11თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
- 12წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.
- 13იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.
- 14თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;
- 15იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.
- 16გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.
- 17დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,
- 18განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- 19იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.
- 20თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.
- 21. შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- 22აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.
- 23იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.
- 24თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
- 25გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ- თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- 26თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
- 27შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
- 28აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
- 29თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.
- 30მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.
- 31დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.
იტვირთება შემდეგი თავი