1 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1შეიკრიბა მთელი ისრაელი დავითთან ხებრონში და უთხრეს: „აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ;
- 2წარსულშიც, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ გაგყავდა და შემოგყავდა ისრაელი, უფალმა, შენმა ღმერთმა გითხრა: შენ დამწყემსავო ჩემს ხალხს და შენ იქნებიო ჩემი ქვეყნის, ისრაელის, მთავარი”.
- 3და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს. აღთქმა დადო დავითმა მათთან უფლის წინაშე ხებრონში და სცხეს დავითი ისრაელის მეფედ უფლის სიტყვის თანახმად, სამუელის ხელით.
- 4გაილაშქრა დავითმა და მთელმა ისრაელმა იერუსალიმისკენ, იგივე იებუსისკენ. იქ იყვნენ იებუსელნი, იმ ქვეყნის მკვიდრნი.
- 5უთხრეს იებუსის მკვიდრებმა დავითს: „აქ ვერ შემოხვალ!” მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.
- 6თქვა დავითმა: „ვინც პირველი შემუსრავს იებუსელებს, ის იქნება მეთაური და მთავარსარდალი”. ყველაზე უწინ იოაბ ცერუიას ძე ავიდა და გახდა სარდალი.
- 7დამკვიდრდა დავითი იმ ციხე-სიმაგრეში და ამიტომ უწოდეს მას დავითის ქალაქი.
- 8მან შემოაშენა ქალაქი გარშემო მილოდან შემოგარენამდე, იოაბმა კი ქალაქის დანარჩენი ნაწილი აღადგინა.
- 9უფრო და უფრო დიდდებოდა დავითი, რადგან უფალი, ცაბაოთ ღმერთი იყო მასთან.
- 10ესენი არიან დავითის ძლიერი მეომრების თავკაცები, რომლებიც მასთან ერთად გაძლიერდნენ სამეფოში და ხელი შეუწყეს მის გამეფებას მთელ ისრაელთან ერთად, უფლის სიტყვის მიხედვით.
- 11აჰა, დავითის ძლიერი მეომრების ნუსხა: იაშაბყამ ჰაქმონის ძე, ოცდაათეულის მთავარი. სამასი კაცი მოკლა მან ერთი შერკინებისას თავისი შუბი.
- 12მის შემდეგ ელეაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი, სამ ძლიერ მებრძოლთაგანი.
- 13იგი დავითთან ერთად იდგა ფასდამიმში, სადაც ფილისტიმელნი იყვნენ საბრძოლველად შეკრებილნი. ქერის ყანა იყო იქ და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან.
- 14ისინი ჩადგნენ შუა ყანაში, გადაარჩინეს იგი და მუსრი გაავლეს ფილისტიმელებს; დიდი გამარჯვება მოუტანა მათ უფალმა!
- 15ოცდაათი მთავრიდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის მღვიმეში; ხოლო ფილისტიმელთა ლაშქარი რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.
- 16მაშინ ციხე-სიმაგრეში იყო დავითი, ხოლო ფილისტიმელთა ძალები ბეთლემში იდგნენ.
- 17მოსწყურდა დავითს, ინატრა და თქვა: „ნეტავი ვინმემ ბეთლემის ჭის წყალი დამალევინოს, კარიბჭესთან რომ არის!”
- 18გაარღვია ამ სამმა ძლიერმა კაცმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომაა, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ არ ინდომა დავითმა წყლის დალევა და უფალს დაუღვარა.
- 19თქვა: „შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე, რომ ამ კაცების სისხლი დავლიო, თავი რომ ჩაიგდეს საფრთხეში და თავიანთი სიცოცხლის ფასად მოიტანეს წყალი”. აღარ ინდომა დავითმა წყლის შესმა. ასე მოიქცა ის სამი მეომარი.
- 20აბიშაი, იოაბის ძმა, ამ ოცდაათში უფროსი იყო. სამას კაცს შეებრძოლა შუბით და განგმირა. სახელოვანი იყო ამ ოცდაათში.
- 21მათზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.
- 22ბენაია იეჰოიადაყის ძე, კაბცეელელი მამაცი ვაჟკაცი იყო, განთქმული ძლიერი საქმეებით; მან შემუსრა ორი მოაბელი ლომკაცი, ორმოში ჩავიდა და ლომი მოკლა თოვლიან დღეს.
- 23მანვე განგმირა ხუთი წყრთის სიმაღლის ეგვიპტელი კაცი: შუბი ისე ეჭირა ეგვიპტელს ხელში, როგორც მქსოველს საქსელავი. გაეჭრა კეტით, ხელიდან გამოსტაცა ეგვიპტელს შუბი და განგმირა მისივე შუბით.
- 24ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი გაითქვა ოცდაათ მეომარს შორის.
- 25აჰა, ოცდაათს შორის ყველაზე პატივდებული იყო, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა; თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.
- 26მეომრებიდან მამაცები იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა; ელხანანი, დოდოს ძე, ბეთლემელი;
- 27შამოთ ჰარორელი; ხელეც ფელონელი;
- 28ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი; აბიყეზერ ყანათოთელი;
- 29სიბქაი ხუშათელი; ყილაი ახოხელი;
- 30მაჰარაი ნეტოფათელი, ხელედ ბაყანას ძე, ნეტოფათელი;
- 31ითაი რიბაის ძე, ბენიამინის ძეთაგან, გიბყადან; ბენაია ფირყათონელი;
- 32ხურაი გაყაშის ხევიდან; აბიელ ყარბათელი;
- 33ყაზმავეთ ბახარუმელი; ელიახბა შაყალბონელი;
- 34ჰაშემ გიზონელის ძენი: იონათან შაგეს ძე, ჰარარელი,
- 35ახიამ საქარის ძე, ჰარარელი; ელიფალ ურის ძე,
- 36ხეფერ მეხერათიელი, ახია ფელონელი,
- 37ხეცრო ქარმელელი, ნაყარაი, ეზბაის ძე,
- 38იოელი, ნათანის ძმა, მიხბარ ჰაგრის ძე,
- 39ცელეკ ყამონელი, ნახრაი ბეეროთელი, იოაბ ცერუიას ძის საჭურველმტვირთველი.
- 40ყირა ითრელი, გარებ ითრელი,
- 41ურია ხეთელი, ზაბად ახალაის ძე.
- 42ყადინა შიზას ძე, რეუბენიანი, რეუბენიანთა მეთაური, თავის ოცდაათ კაცთან ერთად.
- 43ხანან მაყაქას ძე და იოშაფატ მითნიელი,
- 44ყუზია ყაშთერათელი, შამაყი და იეყიელი, ხოთამის ძენი, ყაროყერელნი.
- 45იედიყაელ შიმრის ძე და მისი ძმა, იოხა თიციელი.
- 46ელიელ მახაველი, ირიბაი და იოშავია, ელყამის ძენი და ითმა მოაბელი.
- 47ელიელი, ყობედი, იაყასიელი, მეცობაელი.
იტვირთება შემდეგი თავი