1 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1შეიტანეს ღვთის კიდობანი და დადგეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის გაშალა დავითმა; და შესწირეს ღმერთს სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები.
- 2დაასრულა დავითმა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლების აღვლენა და აკურთხა ხალხი უფლის სახელით.
- 3გაუნაწილა მთელ ისრაელს, კაცსა და ქალს, თითო პური, ხორცის ნაჭერი და გამომშრალი ყურძნის ნამცხვარი.
- 4ლევიანთაგან ზოგი უფლის კიდობნის მსახურად დაადგინა, რათა მის საქმეებზე ელაპარაკათ, ექოთ და სამადლობელი აღევლინათ უფლის, ისრაელის ღმერთისადმი:
- 5ასაფი მათი მეთაური იყო და მეორე მის შემდგომ - ზაქარია; შემდეგ იეყიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითიაჰუ, ელიაბი, ბენაიაჰუ, ყობედ-ედომი და იეყიელი, ბობღნებზე და ქნარებზე უკრავდნენ, ასაფი კი ხმამაღალ წინწილებზე უკრავდა.
- 6ბენაიაჰუ და იახაზიელ მღვდლები გამუდმებით ბუკებს აყვირებდნენ ღვთის აღთქმის კიდობნის წინ;
- 7იმავე დღეს, დავითმა უპირველესად სამადლობელი აღავლენინა ღვთისათვის ასაფსა და მის ძმებს:
- 8„მადლობა შესწირეთ უფალს, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისი.
- 9უმღერეთ და უგალობეთ მას, ილაპარაკეთ მის ყოველ სასწაულზე.
- 10დაიკვეხეთ მისი წმიდა სახელით, დაე, იხარონ უფლის მაძიებელთა გულებმა.
- 11ეძიეთ უფალი და ძალა მისი, მუდმივად ეძიებდეთ მის სახეს.
- 12გახსოვდეთ მისი ჩადენილი სასწაულები, მისი საოცრებანი და მისი ბაგის სამართალი.
- 13ო, თესლო ისრაელისავ, უფლის მსახურნო! ო, ძენო იაკობისა, უფლის რჩეულნო!
- 14ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი, მთელს დედამიწაზეა სამართალი მისი,
- 15გახსოვდეთ: მარადიულია აღთქმა მისი, სიტყვა, რომელიც ათასი თაობისთვის ბრძანა!
- 16აღთქმა, რომელიც აბრაჰამს დაუდო, და ფიცი თვისი - ისაკს.
- 17დაუდგინა იგი იაკობს კანონად, ხოლო ისრაელს - საუკუნო აღთქმად,
- 18უთხრა: შენთვის მომიცია ქანაანის ქვეყანა, როგორც წილი შენი მემკვიდრეობისა!
- 19როცა ცოტანი იყვნენ ისინი, ძალიან მცირერიცხოვანნი და ხიზნობდნენ მასში.
- 20ხეტიალობდნენ ისინი ერთი ერიდან მეორეში და ერთი სამეფოდან - მეორეში.
- 21არავის მისცა მათი დაჩაგვრის უფლება; და ასე გააფრთხილა მეფენი:
- 22ჩემს ცხებულებს არ შეეხოთ და ცუდი არაფერი გაუკეთოთ ჩემს წინასწარმეტყველთ!
- 23მთელი დედამიწა უგალობდეს უფალს, მისი ხსნის სიკეთე გამოაცხადეთ ყოველ დღე.
- 24ერთა შორის გააცხადეთ მისი დიდება, ყველა ხალხში - მისი სასწაულები.
- 25რადგან დიადია უფალი და დიდად საქებარი; ყველა ღმერთზე შიშისმომგვრელია იგი,
- 26რადგან სხვა ხალხთა ღმერთები - კერპებია; უფალმა კი ცანი დააფუძნა.
- 27პატივი და დიდებაა მის წინაშე; ძალა და სიხარულია მის სამყოფელში.
- 28მიაგეთ უფალს, ხალხთა ტომებო, მიაგეთ უფალს დიდება და ძალა.
- 29მიაგეთ უფალს დიდება მისი სახელის გამო; შესაწირი მიართვით და მიეახლეთ მას; თაყვანი ეცით უფალს სიწმიდეში.
- 30თრთოდე მის წინაშე, მთელო დედამიწავ, აჰა, მტკიცედაა დაფუძნებული სამყარო და არ შეირყევა!
- 31გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ; დაე, ერებს შორის გამოაცხადონ - უფალი მეფობს!
- 32დაე, გრგვინავდეს ზღვა და მთელი სავსება მისი; ამაღლდნენ ველები და ყოველივე, რაც მათზეა.
- 33მაშინ სიხარულით ამღერდებიან ხეები ტყეში, უფლის წინაშე. რადგან მოდის იგი დედამიწის განსასჯელად.
- 34უმადლოდეთ უფალს, რადგან კეთილია იგი; რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
- 35თქვით: გვიხსენი, ჩვენი ხსნის ღმერთო! შემოგვკრიბე ჩვენ და გვიხსენი სხვა ერებისგან, რათა ვუმადლოდეთ შენს წმიდა სახელს და სიხარულით ვლაპარაკობდეთ შენს საქებრად!
- 36კურთხეულ იყოს ისრაელის ღმერთი უკუნითი უკუნისამდე!” და თქვა მთელმა ხალხმა - „ამინ!” და აქებდნენ უფალს.
- 37და დატოვა იქ, უფლის აღთქმის კიდობანთან, ასაფი და მისი ძმანი, რათა მუდმივად, ყოველდღიური საჭიროებისამებრ ემსახურათ კიდობნის წინ;
- 38ყობედ-ედომი და მისი ძმანი - სამოცდარვა კაცი; და ყობედ-ედომ იედითუნის ძე და ხოსა - კარის მცველებად;
- 39ცადოკ მღვდელი და მისი ღვთისმსახური ძმები, უფლის სავანის წინაშე იყვნენ გაბაონის მაღლობზე,
- 40რათა მუდმივად აღევლინათ უფლისთვის სრულადდასაწველი სამსხვერპლოზე, დილა-საღამოს, როგორც წერია ეს უფლის სჯულში, რომელიც მან დაუწესა ისრაელს.
- 41მათთან ერთად ჰემანი, იედუთუნი და დანარჩენი რჩეულნი, რომლებიც სახელდებით დაადგინეს უფლისთვის სამადლობლის აღსავლენად: „ვინაიდან მარადიულია წყალობა მისი!”
- 42მათთან იყვნენ ჰემანი და იედუთუნი ბუკებისა და წინწილების ხმამაღლა ასაჟღერებლად და ღვთისთვის საგალობელი საკრავებით, ხოლო ძენი იედუთუნისა ჭიშკართან დასადგომად.
- 43და გაბრუნდა მთელი ხალხი, თითოეული თავის სახლში; დავითი კი თავისი სახლეულის საკურთხებლად დაბრუნდა.
იტვირთება შემდეგი თავი