1 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 17
- 1როგორც კი დამკვიდრდა მეფე თავის სახლში, უთხრა ნათან წინასწარმეტყველს: „აჰა, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი ფარდებქვეშაა”.
- 2მიუგო დავითს ნათანმა: „გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი”.
- 3იმ ღამეს უფლის სიტყვა გამოეცხადა ნათანს და უთხრა:
- 4„წადი და უთხარი ჩემს მსახურს, დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?
- 5სახლში არ დავმკვიდრებულვარ იმ დღიდან, რაც გამოვიყვანე ისრაელი და დღემდე კარვიდან კარავსა და სავანიდან სავანეში ვმკვიდრობ.
- 6აბა, ისრაელიანთა შორის მოარულს, ოდესმე თუ მითქვამს სიტყვა ისრაელის რომელიმე მსაჯულისთვის, ვისთვისაც ჩემი ხალხის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?
- 7ახლა ასე უთხარი ჩემს მსახურს, დავითს: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი - ფარეხიდან, ცხვრის მწყემსობიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი გამხდარიყავი.
- 8შენთან ვიყავი ყველგან, სადაც გივლია და მოვსპე შენი მტრები შენს წინაშე; განვადიდე შენი სახელი, დიდებული ადამიანების მსგავსად ამ ქვეყანაზე.
- 9ადგილს დავუდგენ ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნებ მას, რათა თავისთვის იცხოვროს უშიშრად და ბოროტმოქმედებმა ვეღარ შეავიწროონ წინანდებურად,
- 10იმ დროიდან, რაც მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს. ყველა შენი მტრისგან მე მოგასვენებ. მეტიც, გიცხადებ ახლა, რომ სახლს აგიშენებს უფალი!
- 11და როცა დრო მოგივა და განისვენებ შენს მამებთან, აღვადგენ შენს შემდგომ შენს შთამომავალს, შენი ძეთაგანი იქნება იგი და სამეფოს განვუმტკიცებ მას.
- 12ის ამიშენებს სახლს და მე განვამტკიცებ მის ტახტს უკუნისამდე.
- 13ვიქნები მისთვის მამა, ის კი ძე იქნება ჩემთვის. წყალობასა და სიკეთეს არ წავართმევ, როგორც წავართვი შენს წინამორბედს.
- 14უკუნისამდე დავაყენებ მას ჩემს სახლსა და სამეფოში და საუკუნოდ მტკიცე იქნება მისი ტახტი!”
- 15და გადასცა ყველა ეს სიტყვა და ეს ხილვა დავითს ნათანმა.
- 16მივიდა მეფე დავითი, დადგა უფლის წინაშე და თქვა: „უფალო ღმერთო, ვინა ვარ მე და ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე ამამაღლე!
- 17ესეც გეცოტავა თვალში, უფალო ღმერთო, წინასწარ განჭვრიტე და სამომავლო დაპირება აღუთქვი შენი მორჩილის სახლს. როგორც დიდებულ ადამიანს უყურებენ, ასე მიყურებ, უფალო ღმერთო.
- 18კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა, შენი მორჩილის განდიდების გამო? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო ღმერთო!
- 19უფალო, შენი მსახურისთვის და შენი გულის თანახმად მოიმოქმედე ეს დიადი საქმეები, რათა გამოაცხადო მთელი შენი სიდიადე.
- 20უფალო, არავინაა შენი მსგავსი და შენს გარდა არ არის სხვა ღმერთი, თანახმად ყველაფრისა, რაც ჩვენი ყურებით მოვისმინეთ.
- 21რომელი სხვა ხალხია ამქვეყნად შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც ღმერთი მოევლინა, რომ თავისთვის გამოესყიდა იგი და ექცია თავის ხალხად, რათა სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი საქმეები ხალხების განდევნით შენი ერის წინაშე, რომელიც ეგვიპტისგან და ხალხებისგან გამოისყიდე?
- 22შენ შეჰქმენ შენი ხალხი, ისრაელი, რომ შენს ხალხად ყოფილიყვნენ უკუნისამდე და შენ გახდი მათი ღმერთი უფალო.
- 23ახლა კი უფალო ღმერთო, ეს სიტყვა, შენს მსახურზე და მის სახლზე რომ გითქვამს, სამარადისოდ განამტკიცე, როგორც ნაბრძანები გაქვს.
- 24განმტკიცდეს და უკუნისამდე განდიდდეს სახელი შენი, თქვან: ცაბაოთ უფალია ისრაელის ღმერთი, დიახ, ღმერთი ისრაელისა! დავითის, შენი მსახურის სახლი კი, მტკიცე იყოს შენს წინაშე.
- 25რადგან შენ გამოაცხადე ღმერთო, შენი მსახურის გასაგონად, რომ სახლს აუშენებდი მას. ამიტომაც ჰპოვა გაბედულება შენმა მსახურმა, რომ ასეთი ლოცვით ელოცა შენ მიმართ.
- 26ახლა, უფალო, ღმერთი ხარ და აღუთქვი სიკეთე შენს მსახურს.
- 27ახლა, ინებე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ გამუდმებით შენს წინაშე იყოს და რადგან შენ აკურთხებ უფალო, კურთხეული იქნება უკუნისამდე”.
იტვირთება შემდეგი თავი