1 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 28

  1. 1
    შემოკრიბა დავითმა ისრაელის ყველა მთავარი იერუსალიმში, მამისსახლთა თავკაცები, ჯარების სარდალნი, მეფის მსახურნი, ათასისთავნი, ასისთავნი, მეფისა და მისი ძეების მთელი ქონებისა და ჯოგის გამგებელნი, მეფისწულები თავისი საჭურისებით და ყველა მამაცი ვაჟკაცი.
  2. 2
    ფეხზე წამოდგა მეფე დავითი და ბრძანა: „მისმინეთ, ძმანო ჩემო და ხალხო ჩემო! გულში მქონდა უფლის აღთქმის კიდობნისთვის სამუდამო სახლისა და ჩვენი ღვთის ფეხთათვის კვარცხლბეკის აშენება; აჰა, ყველაფერი გავამზადე მშენებლობის დასაწყებად.
  3. 3
    მითხრა უფალმა: არ ააშენო ტაძარი ჩემს სახელზე, რადგან მებრძოლი კაცი ხარ და სისხლი გაქვს დაღვრილი!
  4. 4
    მამაჩემის მთელი სახლეულიდან გამომარჩია უფალმა, ისრაელის ღმერთმა, უკუნისამდე სამეფებლად ისრაელზე, რადგან იუდა გამოარჩია მმართველად, იუდას სახლში მამაჩემის სახლი აირჩია, მამაჩემის ძეთა შორის კი, ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე!
  5. 5
    ჩემი ყველა ვაჟიდან კი, ვინაიდან მრავალი ძე მომცა უფალმა, სოლომონი ამოირჩია, უფლის სამეფოს, ისრაელის ტახტზე დასასმელად.
  6. 6
    მითხრა: სოლომონი, შენი ძე, ის ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან ის ავირჩიე ჩემთვის ძედ და მე ვიქნები მის მამად.
  7. 7
    სამარადისოდ განვუმტკიცებ სამეფოს, თუ მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებსა და დადგენილებებს, როგორც დღეს იცავს!
  8. 8
    ახლა კი, მთელი ისრაელის, უფლის კრებულის წინაშე და ჩვენი ღმერთის გასაგონად ვამბობ: დაიცავით და გამოიკვლიეთ უფლის, თქვენი ღმერთის ყოველი მცნება, რათა დაიმკვიდროთ ეს ბარაქიანი ქვეყანა და დაუტოვოთ თქვენს ძეთ, თქვენ შემდეგ სამუდამოდ.
  9. 9
    შენც სოლომონ, ჩემო ძეო, შეიცანი მამაშენის ღმერთი და მთელი გულითა და გონებით ემსახურე მას, რამეთუ მთლიანად იკვლევს გულს უფალი და ფიქრთა ყოველი ზრახვა უწყის. თუ მოძებნი მას - იპოვი, თუ მიატოვებ - სამუდამოდ უარგყოფს.
  10. 10
    აჰა, შენ გამოგარჩია უფალმა, რათა სახლი აუშენო საწმიდრად, მტკიცედ იდექი და შეასრულე!”
  11. 11
    და მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს, კარიბჭის, მისი სახლების, ზედა სათავსების, ქორედების, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლის ნახაზები;
  12. 12
    ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც სულით უნდოდა, უფლის სახლის ეზოების, ირგვლივ თითოეული ოთახების, ღვთის ტაძრის საგანძურებისა და შეწირული ნივთების საგანძურებისა;
  13. 13
    მღვდელთა და ლევიანთა დასებისთვის, უფლის სახლის ყველა მსახურებისა და მისთვის საჭირო მთელი ჭურჭლისა;
  14. 14
    ოქროს ნივთებისა განსაზღვრული წონით, ყოველგვარი მსახურებისთვის განკუთვნილი ყოველი ჭურჭლისა, ვერცხლის ყველა ნივთისა, განსაზღვრული წონით, ყოველგვარი მსახურებისთვის განკუთვნილი ყოველი ჭურჭლისა.
  15. 15
    ოქროს სალამპრეებისა თავ-თავისი წონით, თითოეული სალამპრე, თავის სადგომზე წონის ნიშნულით და ვერცხლის სალამპრეებისა წონით, თითოეული სალამპრე, თავის სადგომზე წონის ნიშნულით, თითოეული სალამპრე თავისი სამსახურებრივი დანიშნულებისამებრ.
  16. 16
    ოქროს წონა, საწინაშეო პურის მაგიდისთვის, თითოეული მაგიდისთვის და ვერცხლიც, ვერცხლის მაგიდისთვის.
  17. 17
    ასევე სუფთა ოქრო ჩანგლების, თასებისა და ოქროს ფიალებისთვის ოქროსავე სარქვლებით, თითოეული სარქვლისთვის წონით, ასევე ვერცხლიც წონით, თითოეული სარქვლისთვის.
  18. 18
    და საკმევლის სამსხვერპლოსთვის ხალასი ოქრო, განსაზღვრული წონა და ეტლის გამოსახულება ოქროს ფრთებგაშლილი ქერუბებით, რომლებიც უფლის აღთქმის კიდობანს ფარავდნენ.
  19. 19
    და თქვა დავითმა: "ეს ყველაფერი უფლისგან არის, რაც ჩამაგონა აღსასრულებლად”.
  20. 20
    უთხრა დავითმა სოლომონს, თავის ძეს: „მტკიცედ იდექი, გაბედული იყავი და შეუდექი საქმეს. ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთანაა და არ მიგატოვებს, უფლის სახლის მსახურების ყოველი საქმის აღსრულებამდე.
  21. 21
    და აჰა, მღვდელთა და ლევიანთა დასები ყოველგვარი მსახურებისთვის ღვთის სახლში და ყველა გულმოდგინე, ხელოსნობაში გაწაფული კაცი შენთან არის ყოველ საქმეში; ასევე ყველა მთავარი და მთელი ხალხი, შენს ბრძანებაზეა”.
იტვირთება შემდეგი თავი