1 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 29
- 1და უთხრა მეფე დავითმა მთელ კრებულს: „სოლომონი, ჩემი ძე ამოირჩია ღმერთმა, ყმაწვილია იგი და გამოუცდელი, ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს ტაძარი კაცისთვის კი არა, უფალი ღმერთისთვისაა.
- 2რაც შემეძლო ყველაფერი მოვამზადე ღვთის სახლისთვის: ოქრო - ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი - ვერცხლის ნივთებისთვის, სპილენძი - სპილენძის ნივთებისთვის, რკინა - რკინის ნივთებისთვის, ხე - ხის ნაკეთობებისთვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასასმელი ქვები და დაფერილი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვა და უამრავი მარმარილოს ქვა.
- 3ამასთან ერთად, ჩემი ღმერთის სახლის სიყვარულის გამო საკუთარ ოქროსა და ვერცხლის საგანძურს ჩემი ღმერთის სახლს ვაძლევ, ყოველივე იმის გარდა, რაც წმიდა ტაძრისთვის მაქვს მომზადებული:
- 4სამი ათასი ტალანტი ოქრო, ოფირის ოქრო, შვიდი ათასი ტალანტი გამოდნობილი ვერცხლი, შენობის კედლების მოსაპირკეთებლად,
- 5ოქრო - ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი - ვერცხლის ნივთებისთვის, ყველა ოსტატური საქმისთვის. კიდევ ვის სურს შესწიროს დღეს უფალს სავსე ხელით?”
- 6საკუთარი ნებით სწირავდნენ მამისსახლთა თავკაცები და მთავრები, ათასეულთა და ასეულთა სარდლები და მეფის საქმეთა გამგებლები.
- 7და გაიღეს ღვთის სახლის სამსახურისთვის: ხუთი ათასი ტალანტი ოქრო, ათი ათასი დრაქმა და ათი ათასი ტალანტი ვერცხლი, თვრამეტი ათასი ტალანტი სპილენძი და ასი ათასი ტალანტი რკინა.
- 8და ვისაც კი ძვირფასი ქვები აღმოაჩნდა, უფლის სახლის საგანძურს გადასცეს იეხიელ გერშონელის ხელით.
- 9ხარობდა ხალხი შესაწირის გამო, რადგან ყველა მათგანი მთელი გულით სწირავდა უფალს; მეფე დავითიც ხარობდა დიდი სიხარულით.
- 10აკურთხა დავითმა უფალი მთელი კრებულის თვალწინ და თქვა: „კურთხეული ხარ შენ, უფალო, ისრაელის ღმერთო, ჩვენო მამაო, უკუნითი უკუნისამდე.
- 11შენია ღმერთო სიდიადე, ძლიერება, დიდება, გამარჯვება და დიდებულება, შენია ყველაფერი ცაში თუ დედამიწაზე, ღმერთო; შენია სამეფო და ყოველივეს სათავე ხარ და ამაღლებული ყოველივეზე.
- 12სიმდიდრე და პატივი შენგან მოდის, შენ ბატონობ ყოველივეზე, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყველას განდიდება და გაძლიერება,
- 13ახლა, გმადლობთ ჩვენო ღმერთო და ვაქებთ შენს დიდებულ სახელს.
- 14ვინა ვარ მე ან ვინ არის ჩემი ხალხი, ამდენის შემოწირვა რომ შევძელით? მაგრამ ყოველივე ეს შენგან არის, შენი ხელით მოცემული დაგიბრუნეთ!
- 15რადგან მდგმურნი და ხიზანნი ვართ შენს წინაშე, ჩვენი მამების მსგავსად! აჩრდილივით არის ჩვენი დღეები ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო.
- 16უფალო, ღმერთო ჩვენო! მთელი ეს სიმდიდრე, რაც მოვამზადეთ შენს წმიდა სახელზე სახლის ასაშენებლად, შენმა ხელმა მოგვცა და ყველაფერი შენ გეკუთვნის.
- 17ვიცი, ჩემო ღმერთო, რომ ცდი ჩვენს გულებს და სიმართლით ხარობ. ჩემი გულის სიწრფელით და ნებით შემოგწირე ეს ყველაფერი და ახლა ვხედავ, რომ სიხარულით გიძღვნის შესაწირს შენი ხალხი.
- 18უფალო, აბრაჰამის, ისაკისა და ისრაელის, ჩვენი მამების ღმერთო! დაიცავი უკუნისამდე შენი ხალხის გულის ფიქრები და ზრახვები და შენკენ წარმართე მათი გული.
- 19მიეცი სოლომონს, ჩემს ძეს, ერთგული გული, რომ დაიცვას შენი მცნებები, შენი მოწმობანი და წესები, რომ ყოველივე ამასთან ერთად ტაძარი აგიშენოს, რომლისთვისაც მოვამზადე ყველაფერი”.
- 20უთხრა დავითმა მთელ კრებულს: „აკურთხეთ უფალი, თქვენი ღმერთი!” და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავისი მამების ღმერთი, მოიდრიკნენ და თაყვანი სცეს უფალსა და მეფეს.
- 21მეორე დღეს მსხვერპლები შესწირეს უფალს და სრულადდასაწველი აღუვლინეს: ათასი მოზვერი, ათასი ვერძი, ათასი კრავი თავისი საღვრელით და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისთვის.
- 22დიდი სიხარულით ჭამეს და სვეს იმ დღეს უფლის წინაშე და მეორედ გაამეფეს სოლომონი, დავითის ძე და სცხეს მთავრად უფლის წინაშე, ხოლო ცადოკი მღვდლად.
- 23დაჯდა სოლომონი უფლის ტახტზე მეფედ, დავითის, მამამისის ნაცვლად, წარმატებული იყო იგი და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა.
- 24ყველა მთავარი, ძლიერი მეომარი და მეფე დავითის ყველა ძე დაემორჩილა მეფე სოლომონს.
- 25დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრაელის თვალში და ისეთი მეფური ბრწყინვალება მისცა, როგორიც არც ერთ მის წინამორბედ მეფეს არ ჰქონია ისრაელში.
- 26და მეფობდა მთელს ისრაელზე დავით იესეს ძე.
- 27ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე: აქედან შვიდ წელიწადს ხებრონში მეფობდა, ოცდაცამეტს კი - იერუსალიმში.
- 28და მოკვდა კეთილ სიბერეში, მაძღარი წლებით, სიმდიდრითა და დიდებით; მის ნაცვლად კი სოლომონი, მისი ძე გამეფდა.
- 29მეფე დავითის საქმეები, პირველი და უკანასკნელი, აჰა, წინასწარმეტყველ სამუელის წიგნში, წინასწარმეტყველ ნათანის წიგნსა და წინასწარმეტყველ გადის წიგნშია აღწერილი,
- 30მთელი მისი მეფობა, მისი ძალა და ამბები, რომლებიც თავად მას, ისრაელს და სხვა ქვეყნების სამეფოებს გადახდა.