1 კორინთელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1ხოლო სულიერ ნიჭებზე, არ მინდა, ძმებო, უცოდინარნი იყოთ.
- 2იცით, რომ სანამ წარმართები იყავით, უტყვ კერპებთან დადიოდით, თითქოს ვიღაც გეწეოდათ.
- 3ამიტომ გეუბნებით, რომ ვერავინ, ვინც ღვთის სულით ლაპარაკობს, ვერ იტყვის: "შეჩვენებულია იესო”; და არავის შეუძლია თქვას: "უფალია იესო” - თუ არა სულიწმიდით.
- 4სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული იგივეა.
- 5მსახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი იგივეა.
- 6მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი იგივეა, რომელიც ამოქმედებს ყოველივეს ყოველივეში.
- 7თითოეულს კი სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლინება.
- 8ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;
- 9სხვას რწმენა - იმავე სულით და ზოგს - განკურნების ნიჭები იმავე სულით;
- 10ზოგს - სასწაულთმოქმედება, ზოგს - წინასწარმეტყველება, ზოგს - სულების გარჩევა, ზოგს - სხვადასხვა ენები, ზოგს - ენების განმარტება.
- 11ხოლო ყველაფერ ამას ამოქმედებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს თავისი ნებისამებრ უნაწილებს.
- 12რადგან, როგორც სხეულია ერთი, თუმცა მრავალი ასო აქვს, ხოლო სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრნი არიან, ერთი სხეულია, ასეა ქრისტეც.
- 13ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად - იუდეველნი თუ წარმართნი, მონები თუ თავისუფალნი; და ყველას ერთი სული გვისვამს.
- 14სხეულიც ერთი ასო კი არ არის, არამედ ბევრი.
- 15ფეხმა რომ თქვას, მე ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის იგი სხეულს?
- 16ანდა ყურმა რომ თქვას, მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის იგი სხეულს?
- 17თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა? თუ ყველაფერი სმენაა, სადღაა ყნოსვა?
- 18და, აჰა, ღმერთმა თითოეული ასო ისე განალაგა სხეულში, როგორც ნებავდა.
- 19ჰოდა, ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნება სხეული?
- 20აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი - ერთი.
- 21თვალი ვერ ეტყვის ხელს - არ მჭირდებიო; ვერც თავი ეტყვის ფეხს - არ მჭირდებიო.
- 22არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან.
- 23ხოლო რომლებიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება სხეულში, მათ უფრო უხვად ვმოსავთ პატივით და ჩვენი უსახურობა მეტი პატივით იმოსება.
- 24კეთილსახიერ ასოებს ჩვენში, არ აქვთ ამის საჭიროება; მაგრამ ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არგუნა იმას, რომელსაც ნაკლებად აქვს.
- 25რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე.
- 26და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება. ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს.
- 27თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე - მისი ასოები.
- 28და დააყენა ღმერთმა ეკლესიაში, პირველად მოციქულები, მერე წინასწარმეტყველნი, მერე მოძღვრები; შემდეგ ძალნი, განკურნების ნიჭი, შეწევნა, მართვა და სხვადასხვა ენები.
- 29ყველა მოციქულია? ყველა წინასწარმეტყველია? ყველა მოძღვარია? ყველას აქვს ძალთა მოქმედება?
- 30ყველას აქვს განკურნების ნიჭი? ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ?
- 31ეშურეთ დიდ ნიჭებს და მე გაჩვენებთ უფრო აღმატებულ გზას.
იტვირთება შემდეგი თავი