1 კორინთელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ მხოლოდ ჟღარუნა რვალი ვარ ან წკრიალა წინწილა.
- 2წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი ცოდნა, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი.
- 3მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არაფერი სარგებელი მაქვს.
- 4სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია; არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს,
- 5უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და ბოროტს არ განიზრახავს,
- 6არ ხარობს უმართლობით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს;
- 7ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს.
- 8სიყვარული არასოდეს მთავრდება; წინასწარმეტყველებანი გაუქმდება, ენები შეწყდება და ცოდნა გადაივლის.
- 9რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ.
- 10და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება.
- 11როცა ბალღი ვიყავი, ბალღურად ვმეტყველებდი, ბალღურად ვაზროვნებდი და ბალღურად ვმსჯელობდი; მამაკაცი რომ გავხდი, ყოველივე ბალღური მივატოვე.
- 12რადგან ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ კი ისე შევიცნობ, როგორც მე ვარ შეცნობილი, ღმერთის მიერ.
- 13ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული - ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია უდიდესი.
იტვირთება შემდეგი თავი