1 კორინთელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 15
- 1გაუწყებთ თქვენ ძმებო, სახარებას, რომელიც მე გიქადაგეთ, რომელიც მიიღეთ და რომელზეც დგახართ.
- 2რომლითაც ხსნას ღებულობთ, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გიქადაგეთ, თუ არა - ფუჭად გირწმუნიათ.
- 3რადგან, პირველ რიგში, გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე, რომ ქრისტე წერილების თანახმად მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის,
- 4დაიკრძალა და, წერილებისავე თანახმად, აღდგა მესამე დღეს.
- 5გამოეცხადა კეფას და შემდეგ - თორმეტს;
- 6მერე ერთდროულად გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას, რომელთა უმრავლესობა დღემდეა ცოცხალი, ზოგმა კი განისვენა;
- 7შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე - ყველა მოციქულს;
- 8ყველაზე ბოლოს მეც გამომეცხადა, როგორც უდღეურს.
- 9ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას.
- 10მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაცა ვარ; და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე; თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა.
- 11და აი, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ.
- 12ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღსდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არისო მკვდრეთით აღდგომა?
- 13თუ არ არის მკვდრეთით აღდგომა, ქრისტეც არ აღმდგარა.
- 14ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგება ფუჭი ყოფილა და ფუჭი ყოფილა თქვენი რწმენაც.
- 15ღმერთის ცრუმოწმენიც გამოვდექით, რადგან ვამოწმებდით, რომ ღმერთმა აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია და მაშასადამე, არც მკვდრები აღდგებიან;
- 16რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა.
- 17ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, თქვენი რწმენა ფუჭი ყოფილა და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.
- 18მაშინ ისინიც დაღუპულან, რომლებმაც ქრისტეში განისვენეს.
- 19და თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავები ვყოფილვართ.
- 20მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველნაყოფი.
- 21რადგან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომა.
- 22რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.
- 23თითოეული თავისი წესით: თავდაპირველად პირმშო - ქრისტე, ხოლო შემდეგ - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.
- 24მერე დადგება აღსასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას - მას შემდეგ, როცა გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.
- 25ვინაიდან მან უნდა იმეფოს, სანამ ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის ყველა მტერს.
- 26ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.
- 27იმიტომ, რომ ყოველივე მის ფეხქვეშ დაამხო და დაუმორჩილა. ხოლო როცა ვამბობ, ყოველივე მას დაუმორჩილა-მეთქი, ცხადია, იმის გარდა, ვინც მას დაუმორჩილა ყოველივე.
- 28და როცა ყოველივეს დაუმორჩილებს მას, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.
- 29თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რაღატომ ინათლებიან მკვდართათვის?
- 30და ჩვენც ყოველჟამს რატომ ვართ საფრთხეში?
- 31ვამოწმებ იმ სიქადულით, რომელიც მაქვს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში, რომ ყოველდღე ვკვდები ძმებო.
- 32თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!
- 33ნუ მოტყუვდებით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვეულებებს.
- 34ფხიზელი გონება იქონიეთ, როგორც გმართებთ კიდეც და ნუ სცოდავთ, რადგან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს.
- 35მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენ?
- 36უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა.
- 37და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც აღმოცენდება, არამედ შიშველ მარცვალს - სულერთია ხორბლისა იქნება თუ რომელიმე სხვა.
- 38ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს; თითოეულ თესლს - თავის სხეულს.
- 39ყოველი სხეული ერთნაირი როდია, არამედ ადამიანის სხეული სხვანაირია, ცხოველის სხეული - სხვანაირი, ფრინველის სხეული - სხვანაირი, თევზისა - სხვანაირი.
- 40არის ციური სხეული და არის მიწიერი სხეული; ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა - სხვა.
- 41სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისგან დიდებით.
- 42ასევეა მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით.
- 43ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით; ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით;
- 44ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული.
- 45ასეც წერია: პირველი კაცი, ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად, ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად.
- 46მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მშვინვიერი, შემდეგ - სულიერი.
- 47პირველი კაცი მიწის მტვრისგანაა; ხოლო მეორე კაცი - ზეცისგან.
- 48და როგორიცაა მტვრისგან შექმნილი, ასეთივენი არიან მიწიერნი; და როგორიცაა ზეციერი, ასეთივენი არიან ზეციერნი.
- 49და როგორც მტვრისგან შექმნილის ხატებას ვატარებდით, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატებასაც.
- 50ამას კი გეტყვით, ძმებო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სამეფოს დამკვიდრება, ხრწნილება ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
- 51აი, საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით;
- 52ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
- 53ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს.
- 54ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი - უკვდავებით, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: "სიკვდილი შთაინთქა გამარჯვებით”.
- 55სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?
- 56სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია.
- 57მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს გამარჯვებას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
- 58ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში.
იტვირთება შემდეგი თავი