1 კორინთელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1რაც შეეხება წმიდანებისთვის შეგროვებას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.
- 2ყოველი კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა თავისთან გადადოს და გადაინახოს თავისი შემოსავლიდან, რათა მანდ რომ მოვალ, მაშინ არ გროვდებოდეს.
- 3ხოლო, როცა მოვალ, ვისაც თქვენ ცნობთ სანდოდ, იმათ მივავლენ წერილებით თქვენი ძღვენის იერუსალიმში წასაღებად.
- 4და თუ იქ ჩემი წასვლაც საჭირო იქნება, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.
- 5ხოლო თქვენთან, მაკედონიის გავლის შემდეგ მოვალ; ვინაიდან მაკედონიაზე უნდა გავიარო.
- 6თქვენთან კი, შესაძლოა, დავრჩე ან იქნებ გამოვიზამთრო კიდეც, რათა იქ გამაცილოთ, სადაც წავალ,
- 7ვინაიდან ახლა გავლით არ მინდა თქვენი ნახვა, არამედ ვიმედოვნებ რამდენიმე ხანს დავრჩე თქვენთან, თუ დამრთავს ნებას უფალი.
- 8ხოლო ეფესოში ორმოცდამეათე დღის ზეიმამდე დავრჩები,
- 9ვინაიდან გამეღო ფართო კარი, ქმედითი მსახურებისთვის, ოღონდ მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.
- 10ტიმოთე თუ მოვა, ეცადეთ, რომ უშიშრად იყოს თქვენთან; ვინაიდან ისევე, როგორც მე, ისიც უფლის საქმეს აკეთებს.
- 11ამიტომ არავინ უგულებელყოს, არამედ გამოისტუმრეთ მშვიდობიანად, რათა ჩემთან მოვიდეს; ვინაიდან ველოდები მას ძმებთან ერთად.
- 12რაც შეეხება ძმა აპოლოსს, ძალიან ვეხვეწე, მოსულიყო თქვენთან ძმებითურთ, მაგრამ ახლა არ ისურვა წამოსვლა. მოვა, როცა შეძლებს.
- 13იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით ვაჟკაცურნი, იყავით ძლიერნი.
- 14ყოველივე სიყვარულით გააკეთეთ.
- 15ჰოდა შეგაგონებთ ძმანო, ხომ იცით სტეფანეს სახლეულობა, რომელიც აქაიას პირველი ნაყოფია, და რომ მათ თავიანთი თავი წმიდანთა მსახურებას მიუძღვნეს.
- 16თქვენც დაემორჩილეთ ასეთებს და ყველას, ვინც თანამშრომელი და მოღვაწეა.
- 17მე კი ვხარობ სტეფანეს, ფორტუნატესა და აქაიკეს მოსვლით, ვინაიდან მათ შემივსეს თქვენი არყოფნა,
- 18რადგან ჩემი სულიც დაამშვიდეს და თქვენიც. ამიტომ აღიარეთ ასეთები.
- 19მოგიკითხავენ აზიის ეკლესიები; დიდად მოგიკითხავენ უფლის მიერ აკვილა და პრისკილა და ასევე მათი საოჯახო ეკლესია.
- 20მოგიკითხავთ ყველა ძმა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.
- 21მოგიკითხავთ ჩემი, პავლეს ხელით.
- 22ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, შეჩვენებული იყოს. მარანათა!
- 23ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან,
- 24ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოში, ამინ!