1 კორინთელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1და მეც, თქვენთან მოსვლისას, ძმებო, მაღალფარდოვანი სიტყვითა და სიბრძნით არ მოვსულვარ ღვთის მოწმობის გასაცხადებლად,
- 2რადგან გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა.
- 3ვიყავი თქვენთან უძლურებით, შიშითა და დიდი თრთოლვით.
- 4ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოვლინებით,
- 5რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით.
- 6ხოლო სიბრძნეს ვლაპარაკობთ მოწიფულთა შორის, ოღონდ არა სიბრძნეს ამ წუთისოფლისას ან წუთისოფლის მთავრებისას, რომლებიც წარმავალნი არიან,
- 7არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს, იდუმალებაში დაფარულს, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის.
- 8რაც ვერავინ შეიცნო წუთისოფლის მთავართაგან; ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს.
- 9მაგრამ, როგორც წერია: რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს.
- 10ჩვენ კი თავისი სულით გაგვიმხილა ღმერთმა; ვინაიდან სული ყოველივეს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც.
- 11რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისაც არავინ იცის, გარდა ღვთის სულისა.
- 12ჩვენ კი მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული.
- 13რასაც ვლაპარაკობთ კიდეც, არა ადამიანური სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდის მიერ ნასწავლით, განვმარტავთ რა სულიერს სულიერით.
- 14მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.
- 15ხოლო სულიერი ყოველივეს განსჯის, თავად კი არავისგან განისჯება.
- 16ვინ შეიცნო უფლის გონება, რომ განსაჯოს იგი? ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს!
იტვირთება შემდეგი თავი