1 კორინთელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1ხოლო მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერებთან, არამედ როგორც ხორციელებთან, როგორც ჩვილებთან ქრისტეში.
- 2რძეს გაძლევდით სასმელად და არა საჭმელს, რადგან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის მიღება და არც ახლა ძალგიძთ,
- 3იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. რადგან თუ დღემდე შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანთა ჩვეულებისამებრ არ იქცევით?
- 4რადგან, როცა ერთი ამბობს: მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე: მე აპოლოსი ვარო, განა ხორციელნი არა ხართ?
- 5ვინ არის პავლე? ვინ არის აპოლო? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც უფალმა მისცა თითოეულს.
- 6მე დავრგე, აპოლომ მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა.
- 7ამიტომ, არც დამრგველია რაიმე და არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი.
- 8დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, თუმცა თითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს თავის საზღაურს,
- 9ვინაიდან ჩვენ ღმერთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი - ღმერთის ყანა და ღმერთის შენობა.
- 10მე, ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე; მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს.
- 11რადგან არავის ძალუძს სხვა საძირკველი ჩაყაროს, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე.
- 12და ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ხეს, ნამჯას, თივას -
- 13თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით ცხადდება და თვითონ ცეცხლი გამოცდის თითოეული ადამიანის საქმეს.
- 14ვისი აშენებული საქმეც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.
- 15ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს; თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისგან.
- 16განა არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული მკვიდრობს თქვენში?
- 17თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი, და ეს თქვენ ხართ.
- 18თავს ნურავინ მოიტყუებს. თუ ვინმეს თავისი თავი ბრძენი ჰგონია ამ საუკუნეში, დაე გაუგუნურდეს, რომ ბრძენი გახდეს.
- 19ვინაიდან ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც სწერია: მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენთ.
- 20და კიდევ: "იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი”.
- 21ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანით, ვინაიდან ყოველივე თქვენია:
- 22გინდ პავლე, გინდ აპოლო, გინდ კეფა, გინდ წუთისოფელი, გინდ სიცოცხლე, გინდ სიკვდილი, გინდ აწმყო და გინდაც მომავალი - ყოველივე თქვენია.
- 23თქვენ ხომ ქრისტესი ხართ, ქრისტე კი ღმერთისაა.
იტვირთება შემდეგი თავი