1 იოანე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში.
- 2ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორცში მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის;
- 3ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.
- 4შვილებო, თქვენ ღვთისგან ხართ და სძლიეთ მათ, ვინაიდან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც ქვეყნიერებაზეა.
- 5ისინი წუთისოფლისანი არიან, ამიტომაც წუთისოფლისას ლაპარაკობენ და წუთისოფელიც ყურს უგდებს მათ.
- 6ჩვენ ღვთისგან ვართ, ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს. ამით შევიცნობთ ჭეშმარიტების სულს და ცდომილების სულს.
- 7საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი! რადგან სიყვარული ღვთისგანაა; ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.
- 8ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია.
- 9ღმერთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ქვეყნიერებაზე, რათა მის მიერ ვიცოცხლოთ.
- 10იმაში ჩანს სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე, ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად.
- 11საყვარელნო, თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული!
- 12ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სრულყოფილი სიყვარული ჩვენშია.
- 13იმით ვგებულობთ, რომ ჩვენ მასში ვრჩებით და ის - ჩვენში, რომ თავისი სულისგან მოგვცა.
- 14ჩვენ ვიხილეთ და ვამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე - ქვეყნიერების მხსნელი.
- 15ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის - ღმერთში.
- 16ჩვენ შევიცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი - მასში.
- 17ამგვარად, ისეთ სრულყოფას აღწევს სიყვარული ჩვენში, რომ გაბედულება გვაქვს განკითხვის დღეს, რადგან როგორიც ისაა, ჩვენც ისეთივე ვართ ამ ქვეყნიერებაზე.
- 18სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრული სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, მშიშარა კი სრული არ არის სიყვარულში.
- 19ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.
- 20თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა; ვინაიდან, ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს!
- 21და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უყვარდეს!
იტვირთება შემდეგი თავი