1 იოანე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 5

  1. 1
    ყოველი, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღმერთისგან არის შობილი, და ყველას, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს.
  2. 2
    იმით გავიგებთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიცავთ მის მცნებებს;
  3. 3
    რადგან ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს; ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია.
  4. 4
    რადგან ყველა, ვინც ღმერთისგან არის შობილი, სძლევს წუთისოფელს; და ეს არის ძლევა, და წუთისოფლის მძლეველი - ჩვენი რწმენა.
  5. 5
    ვინ არის წუთისოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?
  6. 6
    ეს არის იესო ქრისტე, რომელიც წყლითა და სისხლით მოვიდა; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და სული მოწმობს, ვინაიდან სულია ჭეშმარიტება.
  7. 7
    რადგან სამნი მოწმობენ ცაში - მამა, სიტყვა და სულიწმიდა, და ეს სამი ერთია.
  8. 8
    და სამნი მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი, და ეს სამი ერთშია.
  9. 9
    თუ კაცთა მოწმობას ვღებულობთ, ღვთის მოწმობა უმეტესია, ვინაიდან ეს არის ღმერთის მოწმობა, რომელიც დაამოწმა თავის ძეზე.
  10. 10
    ღმერთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა; ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არ სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა დაამოწმა თავის ძეზე.
  11. 11
    ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია.
  12. 12
    ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც არ ჰყავს ძე ღვთისა, სიცოცხლე არ აქვს.
  13. 13
    ეს მოგწერეთ თქვენ, ღმერთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ საუკუნო სიცოცხლე გაქვთ.
  14. 14
    და აჰა, რა გაბედულება გვაქვს მის მიმართ, რომ როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს.
  15. 15
    და როცა ვიცით, რომ გვისმენს იგი, რასაც კი ვთხოვთ, ვიცით, რომ გვაქვს, რაც ვითხოვეთ მისგან.
  16. 16
    თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა, მასზე არ ვამბობ ილოცოს-მეთქი.
  17. 17
    ყოველგვარი უკეთურება ცოდვაა, მაგრამ არის არამომაკვდინებელი ცოდვა.
  18. 18
    ვიცით, რომ ყოველი, ვინც ღმერთისგან იშვა, არ სცოდავს; რადგან ღმერთისგან შობილი იცავს თავის თავს და ბოროტი არ ეკარება მას.
  19. 19
    ვიცით, რომ ღმერთისგან ვართ და მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს.
  20. 20
    ვიცით ისიც, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონიერება, რა­თა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ღმერთის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
  21. 21
    შვილებო! დაიცავით თავი კერპთაგან. ამინ!