3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1ესმა შებას დედოფალს სოლომონის მიერ უფლის სახელის სადიდებლად აღსრულებული საქმენი და მივიდა გამოცანებით მის გამოსაცდელად.
- 2ფრიად დიდი ქარავნით მივიდა იერუსალიმში: სურნელებებით, უამრავი ოქროთი და ძვირფასი ქვებით დაეტვირთათ აქლემები; ეახლა სოლომონს და ყველაფერი უთხრა, რაც გულში ჰქონდა.
- 3ყველა კითხვაზე პასუხი გასცა სოლომონმა; არაფერი იყო დაფარული მეფისგან, რომ ვერ გაეცა პასუხი.
- 4და იხილა შებას დედოფალმა სოლომონის მთელი სიბრძნე და სასახლე, რომელიც მან ააშენა;
- 5ასევე მისი სუფრის სანოვაგე, მსახურთა სადგომი, სუფრის მომსახურეთა ქცევა და მათი ჩაცმულობა, ასევე ღვინის მწდენი, მისი სრულადდასაწველნი, რომელსაც აღავლენდა უფლის ტაძარში და გაოგნდა დედოფალი;
- 6უთხრა მეფეს: "ჭეშმარიტება ყოფილა ყველაფერი, რაც ჩემს ქვეყანაში მსმენია შენს საქმეებსა და სიბრძნეზე.
- 7არ ვუჯერებდი სიტყვებს, ვიდრე მოვიდოდი და ჩემი თვალით ვიხილავდი; აჰა, თურმე ნახევარიც კი არ მსმენია: იმაზე მეტი სიბრძნე და სიმდიდრე გქონია, ვიდრე გაგონილი მქონდა.
- 8ნეტარია შენი ხალხი და ნეტარ არიან შენი მსახურნი, რომლებიც მუდმივად დგანან შენ წინაშე და ისმენენ შენს სიბრძნეს.
- 9კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც ისურვა შენთვის ისრაელის ტახტის მოცემა! ისრაელისადმი მარადიული სიყვარულით დაგადგინა მეფედ უფალმა, რათა აღასრულო სიმართლე და სამართალი”.
- 10და მისცა მან მეფეს ას ოცი ტალანტი ოქრო, ფრიად მრავალი კეთილსურნელება და ძვირფასი ქვა; არასოდეს შემოზიდულა ქვეყანაში ამდენი კეთილსურნელება, რამდენიც შებას დედოფალმა უძღვნა მეფე სოლომონს.
- 11ხირამის გემებმაც შემოიტანეს ოფირის ოქრო, დიდძალი სანდალოზის ხე და ძვირფასი ქვა.
- 12სანდალოზის ხისგან მოაჯირი გაუკეთა მეფემ უფლის ტაძარსა და მეფის სასახლეს, მგალობლებს კი - ქნარები და ჩანგები; აღარასდროს შემოზიდულა სანდალოზის ამდენი ხე და არც უნახავს ვინმეს დღემდე.
- 13ყველაფერი უბოძა მეფე სოლომონმა შებას დედოფალს, რაც კი ინება და ითხოვა, გარდა იმისა, რაც მეფე სოლომონმა თვითონ აჩუქა თავისი გულუხვობით; და დაუბრუნდა იგი თავის ქვეყანას თავის მსახურებთან ერთად.
- 14ოქროს წონა, რომელიც წელიწადში შემოსდიოდა სოლომონს, ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი იყო,
- 15იმ ოქროს გარდა, რაც მოქარავნეთაგან, ვაჭართაგან, არაბთა მეფეებისა და მხარეთა განმგებლებისაგან შემოსდიოდა.
- 16და გააკეთა მეფე სოლომონმა სამასი შუბი ნაჭედი ოქროსგან: ოქროს ექვსასი შეკელი დასჭირდა თითო ოქროს ფარს;
- 17ასევე ნაჭედი ოქროს სამასი ფარი: სამი მინა ოქრო დასჭირდა თითო ფარს და ლიბანის მაღნარის სახლში დააწყო ისინი მეფემ.
- 18გააკეთა მეფემ სპილოს ძვლის დიდი ტახტი და სუფთა ოქროთი შემოჭედა.
- 19ექვსი საფეხური ადიოდა ტახტამდე, მომრგვალებული თხემი ჰქონდა უკან და სანიდაყვეები ერთვოდა დასაჯდომ ადგილს ორივე მხრიდან; ორი ლომი ედგა სანიდაყვეებთან.
- 20თორმეტი ლომი ედგა ექვსივე საფეხურს აქეთ-იქიდან. არც ერთ სამეფოში არ ყოფილა ასეთი რამ.
- 21მეფე სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო და ლიბანის მაღნარის სასახლის ყველა ჭურჭელიც ასევე ხალასი ოქროსი იყო; ვერცხლისა არაფერი იყო, რადგან არაფრად ფასობდა ვერცხლი სოლომონის დღეებში.
- 22მეფის თარშიშული გემები ხირამის გემებთან ერთად ნაოსნობდნენ ზღვაში; სამ წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ ეს გემები და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი და მაიმუნები და ფარშევანგები მოჰყავდათ.
- 23დედამიწის ყველა მეფეს გადააჭარბა მეფე სოლომონმა სიმდიდრითა და სიბრძნით.
- 24დედამიწის ყოველ მეფეს სურდა სოლომონის ხილვა და იმ სიბრძნის მოსმენა, რომელიც ღმერთმა ჩადო მის გულში.
- 25თითოეულ მათგანს საჩუქრები მოჰქონდა: ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, სამოსელი, საჭურველი, კეთილსურნელებანი, ცხენები და ჯორები. ასე იყო წლიდან წლამდე.
- 26შეკრიბა სოლომონმა ეტლები და მხედრები; ათას ოთხასი ეტლი ჰქონდა და თორმეტი ათასი მხედარი ჰყავდა; საეტლო ქალაქებში განალაგა ისინი და თავისთან ახლოს, იერუსალიმში.
- 27ქვის ფასი დაედო ვერცხლს იერუსალიმში სოლომონის დღეებში, კედარს კი - ლეღვის ხისა, რომელიც მრავლად ხარობს დაბლობზე.
- 28ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი სოლომონის ცხენები; მეფის ვაჭრები საფასურად ყიდულობდნენ მათ კევეში.
- 29ვერცხლის ექვსასი შეკელი ჯდებოდა ეგვიპტეში ეტლის შეძენა და გატანა, ას ორმოცდაათი კი - ცხენისა; ასევე ამარაგებდნენ ისინი ხეთელთა და არამელთა მეფეებს.
იტვირთება შემდეგი თავი