3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1ფარაონის ასულის გარდა, მრავალი უცხოტომელი ქალი უყვარდა მეფე სოლომონს: მოაბელნი, ყამონელნი, ედომელნი, ციდონელნი და ხეთელნი.
- 2იმ ერებიდან, რომლებზეც ნათქვამი ჰქონდა უფალს ისრაელის ძეთათვის: "ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უსათუოდ მიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ”, სოლომონი სწორედ ასეთებს მიეწება სიყვარულით.
- 3შვიდასი ცოლი ჰყავდა სამეფო გვარიდან და სამასი ხარჭა; და მიდრიკეს მისი გული მისმა ცოლებმა.
- 4სიბერის ჟამს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიძღვნილი აღარ იყო მისი გული უფლის, თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის, მამამისის გული.
- 5მიჰყვა სოლომონი აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს და მილქომს, ყამონელთა სიბილწეს.
- 6ბოროტად იქცეოდა სოლომონი უფლის თვალში და სრულად არ მიჰყვებოდა უფლის კვალს, როგორც მამამისი, დავითი.
- 7მაშინ აუშენა სოლომონმა მაღლობი ქემოშს, მოაბის სიბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ; ასევე მოლოქს, ყამონის ძეთა სიბილწეს.
- 8ასევე მოიქცა ყველა თავისი უცხოელი ცოლის გულისთვის, რომლებიც თავ-თავის ღმერთებს უკმევდნენ და სწირავდნენ.
- 9განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული მიედრიკა თავისი უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას.
- 10რომელმაც უბრძანა, არ გაჰყოლოდა უცხო ღმერთების კვალს; მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება.
- 11უთხრა უფალმა სოლომონს: "იმის გამო, რომ ასეთი გახდი და არ დაიცავი ჩემი აღთქმა და წესები, რომლებიც გიბრძანე, უსათუოდ გამოგგლეჯ სამეფოს და მივცემ შენს მსახურს.
- 12ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას დავითის, მამაშენის გულისთვის; შენს ძეს კი გამოვგლეჯ ხელიდან.
- 13მაგრამ მთელს სამეფოს არ გამოვგლეჯ, ერთ ტომს შენს ძეს მივცემ - დავითის, ჩემი მსახურის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, მე რომ ავირჩიე”.
- 14და აღუდგინა უფალმა მტერი სოლომონს, ედომელი ჰადადი, ედომის მეფის შთამომავალი.
- 15ედომში დავითის ყოფნისას, როცა მხედართმთავარი იოაბი ამოვიდა დახოცილთა დასამარხად იმის მერე, რაც გაწყვიტა ყოველი მამაკაცი ედომში,
- 16რადგან ექვს თვეს დარჩნენ იქ იოაბი და მთელი ისრაელი, ვიდრე არ მოსპეს ყოველი მამაკაცი ედომში,
- 17გაიქცა ჰადადი მამამისის მსახურ ედომელებთან ერთად, რომ ეგვიპტეში ჩასულიყვნენ; პატარა ბიჭი იყო მაშინ ჰადადი.
- 18აიყარნენ მიდიანიდან და მოვიდნენ ფარანს. წაიყვანეს ფარანიდან ხალხი და მივიდნენ ეგვიპტეში, ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან, რომელმაც მისცა მას სახლი, სარჩო და მიწა.
- 19დიდი მადლი ჰპოვა ჰადადმა ფარაონის თვალში და მისცა მას ცოლად თავისი ცოლის, დედოფალ თახფენესის და.
- 20და უშვა მას თახფენესის დამ ვაჟი, გენუბათი. ფარაონის სახლში გაზარდა ბავშვი თახფენესმა და იზრდებოდა გენუბათი ფარაონის სახლში ფარაონის შვილებთან ერთად.
- 21გაიგონა ჰადადმა ეგვიპტეში, რომ განისვენა დავითმა თავის მამებთან, და რომ მოკვდა მხედართმთავარი იოაბი. უთხრა ჰადადმა ფარაონს: "გამიშვი, წავალ ჩემს ქვეყანაში”.
- 22უთხრა ფარაონმა: "რა გაკლია ჩემთან, შენს ქვეყანაში წასვლა რომ მოინდომე?” უპასუხა: "არაფერი, მაგრამ მაინც გამიშვი”.
- 23კიდევ აღუდგინა სოლომონს ღმერთმა მტერი, რეზონი, ელიადაყის ძე, რომელიც გაექცა ჰადად-ყეზერს, ცობის მეფეს, თავის ბატონს;
- 24შემოიკრიბა კაცები და გახდა მძარცველთა მეთაური. მას შემდეგ, რაც მოსრა დავითმა ისინი ცობში, დამასკოსკენ წავიდნენ, დასახლდნენ და იქ ბატონობდნენ.
- 25ისრაელის მტერი იყო ის სოლომონის დღეებში; იმ ხანად ისრაელს ჰადადიც მტრობდა. სძულდა მას ისრაელი და არამზე გამეფდა იგი.
- 26იერობყამ ნებატის ძემაც, ეფრათელმა, ცარედიდან, სოლომონის მსახურმა, რომლის დედა იყო ცერუყა, ქვრივი ქალი, ხელი აღმართა მეფეზე.
- 27აი, მიზეზი, რის გამოც ხელი აღმართა მეფეზე: მილო ააშენა სოლომონმა, დანგრეულ ნაპრალებს აღადგენდა მამამისის, დავითის ქალაქში.
- 28მამაცი კაცი იყო იერობყამი. დაინახა სოლომონმა, რომ კარგად ასრულებდა საქმეს ეს ახალგაზრდა და ჩააბარა იოსების სახლიდან გამოყვანილი ბეგარის ხალხი.
- 29ერთ დღეს გავიდა იერობყამი იერუსალიმიდან და შეხვდა გზად შილოამელი წინასწარმეტყველი ახია, რომელსაც ახალი მოსასხამი ემოსა. მხოლოდ ეს ორნი იყვნენ მინდვრად.
- 30აიღო ახიამ ახალი მოსასხამი ზედ რომ ემოსა და თორმეტ ნაჭრად დაგლიჯა.
- 31უთხრა იერობყამს: "აიღე შენთვის ათი ნაჭერი, რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გამოვგლეჯ სამეფოს სოლომონს ხელიდან და შენ მოგცემ ათ ტომს.
- 32ერთი ტომი მას დარჩება ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე ისრაელის ყველა ტომისგან,
- 33რადგან მიმატოვეს და თაყვანს სცემენ აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს, ქემოშს, მოაბის ღმერთს და მილქომს, ყამონის ძეთა ღმერთს; არ იარეს ჩემს გზებზე, რომ სიმართლე ექმნათ ჩემს თვალში, დაეცვათ ჩემი წესები და სამართალი, როგორც მამამისი, დავითი იცავდა.
- 34არ გამოვგლეჯ ხელიდან მთელ სამეფოს, რადგან მთავრად დავადგინე იგი მთელი მისი სიცოცხლე ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და ჩემს წესებს.
- 35ხელიდან გამოვგლეჯ მის ძეს სამეფოს და შენ მოგცემ ათ ტომს,
- 36მის ძეს კი ერთ ტომს მივცემ, რომ მუდმივად დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს მსახურს, ჩემ წინაშე იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად.
- 37აგირჩევ და ისე იმეფებ, როგორც შენი სული მოისურვებს; შენ იქნები ისრაელის მეფე.
- 38თუ შეისმენ ყველაფერს, რასაც გიბრძანებ და ჩემს გზებზე ივლი, თუ იქმ სიმართლეს ჩემს თვალში და დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური დავითი აკეთებდა, შენთან ვიქნები, აგიშენებ გამძლე სახლს, როგორც დავითს ავუშენე და მოგცემ ისრაელს.
- 39ამის გულისთვის მოვდრეკ დავითის შთამომავლებს, ოღონდ არა სამუდამოდ”.
- 40ეძებდა სოლომონი იერობყამს მოსაკლავად, მაგრამ ადგა და ეგვიპტეში გაიქცა იერობყამი, შიშაკთან, ეგვიპტის მეფესთან; და იყო იქ სოლომონის სიკვდილამდე.
- 41სოლომონის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა და მისი სიბრძნე სოლომონის საქმეთა წიგნშია ჩაწერილი.
- 42ხანი სოლომონის მეფობისა იერუსალიმში და მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი.
- 43განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დაიმარხა იგი დავითის, მამამისის ქალაქში, ხოლო მის ნაცვლად მისი ძე, რეხაბყამი გამეფდა.
იტვირთება შემდეგი თავი