3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 12

  1. 1
    წავიდა რეხაბყამი შექემს, რადგან იქ შეიკრიბა მთელი ისრაელი მის გასამეფებლად.
  2. 2
    ეს ამბავი იერობყამ ნებატის ძემ ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას გაიგო, სადაც მეფე სოლომონს გაექცა და დარჩა.
  3. 3
    გაუგზავნეს მას კაცები და მოიხმეს იგი. მივიდა იერობყამი და ისრაელის მთელი კრებული და უთხრეს რეხაბყამს:
  4. 4
    "უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა, ახლა შენ შეგვიმსუბუქე მამაშენის მიერ დაკისრებული რთული სამსახური და მძიმე უღელი, რომ გემსახუროთ”.
  5. 5
    უპასუხა რეხაბყამმა: "წადით და სამი დღის შემდეგ კვლავ დაბრუნდით ჩემთან”. წავიდა ხალხი.
  6. 6
    ითათბირა მეფე რეხაბყამმა უხუცესებთან, რომლებიც მამამისს, სოლომონს ემსახურებოდნენ, ვიდრე ცოცხალი იყო; ჰკითხა მათ: "რას მირჩევთ, რა ვუპასუხო ამ ხალხს?”
  7. 7
    უთხრეს: "თუ ამ ხალხის მსახური გახდები დღეს, დაეთანხმები და კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამო მსახურებად გაგიხდებიან”.
  8. 8
    მაგრამ ზურგი აქცია უხუცესთა რჩევას, მას რომ ურჩიეს და მასთან ერთად გაზრდილ და მის წინაშე მდგომ ჭაბუკებს დაეკითხა;
  9. 9
    ჰკითხა: "რას მირჩევთ, რა ვუპასუხო იმ ხალხს, მამაჩემის მიერ დადებული უღლის შემსუბუქება რომ მთხოვეს?”
  10. 10
    უპასუხეს ჭაბუკებმა, რომლებიც მასთან ერთად აღიზარდნენ: "ასე უთხარი ხალხს, რომელმაც გითხრა, შეგვიმსუბუქეო მამაშენის მიერ ჩვენზე დამძიმებული უღელი: მამაჩემის წელზე უფრო მსხვილია-თქო ჩემი ნეკი.
  11. 11
    თუ მამაჩემის მიერ დადებული უღელი გემძიმებათ, მე უფრო მეტად დაგიმძიმებთ; მამაჩემი შოლტებით გსჯიდათ, მე კი მორიელებით დაგსჯით”.
  12. 12
    მივიდნენ იერობყამი და მთელი ხალხი რეხაბყამთან მესამე დღეს, როგორც უბრძანა მათ მეფემ: დაბრუნდითო ჩემთან მესამე დღეს!
  13. 13
    მკაცრად ელაპარაკა ხალხს მეფე; არად ჩააგდო უხუცესთა მიერ მისთვის მიცემული რჩევა.
  14. 14
    ჭაბუკთა ამალის რჩევისამებრ უთხრა: "მამაჩემმა ხომ მძიმე უღელი დაგაკისრათ, მე უფრო მეტად დაგიმძიმებთ; მამაჩემი შოლტებით გსჯიდათ, მე კი მორიელებით დაგსჯით”.
  15. 15
    არ შეისმინა მეფემ ხალხის თხოვნა, რადგან ასეთი იყო უფლის ნება, რათა აღსრულებულიყო მისი სიტყვა, რომელიც ახია შილონელის მეშვეობით გამოუცხადა იერობყამ ნებატის ძეს უფალმა.
  16. 16
    როცა იხილა სრულიად ისრაელმა, რომ არ შეისმინა მეფემ მისი სიტყვა, ასე შეეპასუხა მეფეს: "რა წილი გვაქვს დავითთან? არც მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძესთან! შენი კარვებისკენ გასწი, ისრაელო! ახლა შენს სახლს შენ თვითონ მიხედე, დავით! და თავის კარვებში გაბრუნდა ისრაელი.
  17. 17
    მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზეღა მეფობდა რეხაბყამი.
  18. 18
    გაგზავნა მეფე რეხაბყამმა ჰადორამი ხარკის ასაკრეფად, მაგრამ ქვებით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა და მოკვდა. ისწრაფა მეფე რეხაბყამმა ეტლზე ასვლა და იერუსალიმს გაქცევა.
  19. 19
    ასე განუდგა ისრაელი დავითის სახლეულს.
  20. 20
    როცა გაიგო სრულიად ისრაელმა, რომ დაბრუნდა იერობყამი, წარგზავნეს, მოუხმეს და გაამეფეს მთელ ისრაელზე. აღარავინ ერთგულებდა დავითის სახლს, გარდა იუდას ტომისა.
  21. 21
    მივიდა რეხაბყამი იერუსალიმში, შეკრიბა იუდას მთელი სახლი და ბენიამინის ტომი: ას ოთხმოცი ათასი რჩეული მებრძოლი, ისრაელის სახლთან საბრძოლველად, რათა რეხაბყამ სოლომონის ძისთვის დაებრუნებინათ სამეფო.
  22. 22
    მაგრამ ღვთის სიტყვა გამო­ეცხადა შემაყიას, ღვთისკაცს:
  23. 23
    "უთხარი რეხაბყამს, სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, იუდას მთელ სახლს, ბენიამინსა და დანარჩენ ხალხს:
  24. 24
    ასე ამბობს უფალი: ნუ გახვალთ და ნუ იბრძოლებთ თქვენს ძმებთან, ისრაელის ძეებთან; თითოეული თავის სახლს დაუბრუნდეს, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს”. და ისმინეს უფლის სიტყვა და დაბრუნდნენ უკან უფლის სიტყვისამებრ.
  25. 25
    ააშენა იერობყამმა შექემი ეფრემის მთაში და იქ დამკვიდრდა; გამოვიდა იქიდან და ააშენა ფენუელი.
  26. 26
    გულში ამბობდა იერობყამი: "ისევ დაუბრუნდება სამეფო დავითის სახლს;
  27. 27
    თუ იერუსალიმში, უფლის ტაძარში ივლის ეს ხალხი მსხვერპლის შესაწირად, მაშინ ისევ თავისი ბატონის, რეხაბყამისკენ, იუდას მეფისკენ მიიქცევა ხალხის გული, მომკლავენ და დაბრუნდებიან რეხაბყამთან, იუდას მეფესთან”.
  28. 28
    ითათბირა მეფემ თავის მრჩევლებთან, ოქროს ორი ხბო გააკეთა და უთხრა თავის ხალხს: "გეყოფათ იერუსალიმში სიარული; აჰა, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც გამოგიყვანეს ეგვიპტიდან”.
  29. 29
    ერთი ბეთელში დადგეს, მეორე დანში.
  30. 30
    ცოდვად ექცა ეს ხალხს და დანამდე ადიოდა ხბოს თაყვანსაცემად.
  31. 31
    საკერპე ააშენა იერობყამმა მაღლობზე და მღვდლები დანიშნა ყველა ტომიდან, გარდა ლევის ძეებისა.
  32. 32
    დღესასწაული დაადგინა იე­რობყამმა მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსად, იუდაში რომ იყო და სამსხვერპლოზეც ავიდა; ასევე მოიქცა ბეთელშიც, რათა ხბოებისთვის შეეწირა, რომლებიც გააკეთა. და მღვდლები დაუდგინა ბეთელში მაღლობებს, რომლებიც აღმართა.
  33. 33
    და ავიდა თავის გაკეთებულ სამსხვეპლოზე ბეთელში, მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ თვეს, რომელიც თვითონ დაუდგინა დღესასწაულად ისრაელის ძეებს და ავიდა სამსხვერპლოზე საკმევად.
იტვირთება შემდეგი თავი