3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 13

  1. 1
    და აჰა, ღვთისკაცი მოვიდა უფლის სიტყვით იუდადან ბეთელს, იერობყამი კი სამსხვერპლოსთან იდგა საკმევად.
  2. 2
    დასძახა სამსხვერპლოს უფლის სიტყვა და თქვა: "სამსხვერპლოვ, სამსხვერპლოვ! ასე ამბობს უფალი: აჰა, დაებადება ვაჟი დავითის სახლს და იოშია იქნება მისი სახელი, მსხვერპლად დაგაკლავს იგი გორაკთა მღვდლებს, რომლებიც საკმეველს აკმევდნენ შენზე და კაცთა ძვლებს დაწვავენ შენზე”.
  3. 3
    ნიშანი მისცა იმავე დღეს და თქვა: "აი, იმის ნიშანი, რომ უფლის ნათქვამია ეს სიტყვა: აჰა, დაიშლება ეს სამსხვერპლო და გაიფანტება ზედ დაყრილი ნაცარი”.
  4. 4
    და როცა მოისმინა მეფემ ღვთისკაცის ნათქვამი, სამსხვერპლოს რომ დასძახა ბეთელში, გაიწოდა სამსხვერპლოდან ხელი და თქვა: "შეიპყარით!” მყისვე გაუხმა მისკენ გაწვდილი ხელი და ვეღარ შეძლო უკან წაღება.
  5. 5
    დაიშალა სამსხვერპლო და გაიფანტა ნაცარი სამსხვერპლოდან იმ ნიშნის თანახმად, ღვთისკაცმა რომ წარმოთქვა უფლის სიტყვისამებრ.
  6. 6
    უთხრა მეფემ ღვთისკაცს: "დაიმდაბლე თავი უფლის, შენი ღმერთის სახის წინაშე და ილოცე ჩემთვის, რომ შევძლო ხელის უკან წაღება”. შეევედრა ღვთისკაცი უფალს და აღუდგინა ხელი მეფეს და გახდა როგორიც ადრე ჰქონდა.
  7. 7
    უთხრა მეფემ ღვთისკაცს: "სახლში წამომყევი, რამე შეჭამე და თან დაგასაჩუქრებ”.
  8. 8
    უთხრა ღვთისკაცმა მეფეს: "ნახევარი სახლიც რომ მომცე, არ წამოგყვები, არც პურს შევჭამ და არც წყალს დავლევ ამ ადგილზე.
  9. 9
    რადგან ასე მაქვს ნაბრძანები უფლის სიტყვით: პურს ნუ შეჭამ, წყალს ნუ დალევ და ნურც იმ გზით დაბრუნდები, რომლითაც მოხვედი”.
  10. 10
    და სხვა გზით წავიდა იგი, არ გაბრუნებულა იმ გზით, რომლითაც ბეთელში მოვიდა.
  11. 11
    ერთი მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა ბეთელს. მოვიდნენ მისი ძენი და უამბეს ყველაფერი, რაც ღვთისკაცმა მოიმოქმედა იმ დღეს ბეთელში და მის მიერ მეფისთვის ნათქვამი სიტყვებიც გადასცეს მამას.
  12. 12
    მამამ იკითხა: "რომელი გზით წავიდა?” და დაანახეს შვილებმა ის გზა, რომლითაც წავიდა იუდადან მოსული ღვთისკაცი.
  13. 13
    უთხრა შვილებს: "შემიკაზმეთ სახედარი”. შეუკაზმეს სახედარი და შეჯდა.
  14. 14
    გამოედევნა ღვთისკაცს და მუ­ხის ქვეშ მჯდომი იპოვა. უთხრა: "შენა ხარ ღვთისკაცი, იუდადან რომ იყო მოსული?” მიუგო: "მე ვარ”.
  15. 15
    უთხრა: "სახლში წამომყევი და პური ჭამე”.
  16. 16
    უპასუხა: "ვერ დავბრუნდები შენთან ერთად და ვერც შენთან შემოვალ, ვერც პურს შევჭამ და ვერც წყალს დავლევ ამ ადგილზე,
  17. 17
    რადგან ასე მაქვს ნაბრძანები უფლის სიტყვით: პურს ნუ შეჭამ, წყალს ნუ დალევ და ნურც იმ გზით დაბრუნდები, რომლითაც მოხვედი”.
  18. 18
    უთხრა: "მეც შენსავით წინასწარმეტყველი ვარ, ანგელოზი მელაპარაკა უფლის სიტყვით და მითხრა - შენს სახლში წამოიყვანეო ეს კაცი, პური ჭამოს და წყალი დალიოს” - იცრუა მან.
  19. 19
    დაბრუნდა ღვთისკაცი მასთან ერთად მის სახლში, ჭამა პური და დალია წყალი.
  20. 20
    ჯერ კიდევ სუფრას უსხდნენ, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველს, რომელმაც დააბრუნა იგი.
  21. 21
    დაუყვირა იუდადან მოსულ ღვთისკაცს და უთხრა: "ასე ამბობს უფალი, რაკი ეურჩე უფლის სიტყვას და არ დაიცავი მისი ბრძანება, რაც უფალს, შენს ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები,
  22. 22
    მობრუნდი, პური ჭამე და წყალი დალიე იმ ადგილზე, რომელზეც გითხრა: პურს ნუ შეჭამ და წყალს ნუ დალევო, ამიტომ არ ჩავა შენი გვამი შენი მამების საფლავში”.
  23. 23
    პურის ჭამისა და წყლის დალევის შემდეგ შეუკაზმა სახედარი წინასწარმეტყველს, რომელიც გზიდან დააბრუნა;
  24. 24
    წავიდა, შემოეყარა გზად ლომი, და მოკლა იგი ლომმა. გზაზე ეგდო მისი გვამი, სახედარი ედგა გვერდით და ლომიც გვამთან იდგა.
  25. 25
    აჰა, დაინახა გამვლელმა ხალხმა გზაზე დაგდებული გვამი და გვამთან მდგომი ლომი. მივიდნენ და ამბავი მიიტანეს ქალაქში, სადაც ცხოვრობდა ის მოხუცი წინასწარმეტყველი.
  26. 26
    გაიგო ეს ამბავი წინასწარმეტყველმა, რომელმაც გზიდან დააბრუნა იგი და თქვა: "ეს ის ღვთისკაცია, რომელიც უფლის ბრძანებას არ დაემორჩილა, უფ­ალმა მისცა ლომს, რომელსაც დაუგლეჯია და მოუკლავს, უფ­ლის სიტყვის თანახმად, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის”.
  27. 27
    და უთხრა თავის ძეებს: "შემიკაზმეთ სახედარი”. შეუკაზმეს.
  28. 28
    წავიდა და იპოვა გზაზე დაგდებული გვამი, სახედარი და ლომი იდგნენ გვამთან, არც გვამი შეუჭამია ლომს და არც სახედარი დაუგლეჯია.
  29. 29
    აიღო წინასწარმეტყველმა ღვ­თისკაცის გვამი, შედო სახედარზე და უკან წამოიღო. და დაბრუნდა მოხუცი წინასწარმეტყველი ქალაქში მის დასატირებლად და დასამარხად.
  30. 30
    ჩაასვენა გვამი თავის სამარხში, გლოვობდა და ამბობდა: "ვაი, ჩემო ძმაო!”
  31. 31
    დამარხა და უთხრა თავის ძეებს: "როცა მოვკვდები, დამმარხეთ სამარხში, სადაც ღვთისკაცი მარხია, მის ძვლებთან დაასვენეთ ჩემი ძვლები.
  32. 32
    რადგან ჭეშმარიტად ახდება ის, რაც უფლის სიტყვით დასძახა მან ბეთელში მდგარ სამსხვერპლოს და სახლებს მაღლობებზე, სამარიის ქალაქებში რომ არიან აღმართულნი”.
  33. 33
    ამ ამბების შემდეგაც არ მიუტოვებია იერობყამს ბოროტი გზა და კვლავ განაწესებდა ხალხიდან მღვდლებს მაღლობებისთვის; ვის განწესებასაც მოისურვებდა, ხელს უვსებდა და ისიც მღვდელი ხდებოდა მაღლობზე.
  34. 34
    ამ მიზეზით ჩავარდა ცოდვაში იერობყამის სახლი, ამიტომ მოიკვეთა და აღიგავა მიწის პირისგან.
იტვირთება შემდეგი თავი