3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1იმ ხანებში დასნეულდა აბია, იერობყამის ძე.
- 2უთხრა იერობყამმა თავის ცოლს: "ადექი, გადაიცვი, რათა ვერ გიცნონ იერობყამის ცოლი რომ ხარ და წადი შილოში; იქაა ახია წინასწარმეტყველი, რომელმაც მითხრა, ამ ხალხის მეფე გახდებიო.
- 3აიღე ათი პური და კვერები, ქილა თაფლი და მიდი მასთან; ის გეტყვის, რაც დაემართება ყრმას”.
- 4ასეც მოიქცა იერობყამის ცოლი; ადგა, წავიდა შილოში და მივიდა ახიას სახლში. ვეღარ ხედავდა ახია, სიბერისგან დაუძლურებოდა თვალები.
- 5უთხრა უფალმა ახიას: "აჰა, იერობყამის ცოლი მოდის, რათა გკითხოს თავის ძეზე, რადგან დასნეულებულია იგი; ასე და ასე ელაპარაკე მას, როცა მოვა და სხვა ქალად მოგეჩვენება”.
- 6გაიგონა ახიამ მისი ფეხის ხმა, როცა კარს მიუახლოვდა იგი და გასძახა: "მოდი, იერობყამის ცოლო, სხვა ვინმედ რატომ მაჩვენებ თავს? მძიმე ამბავი უნდა გითხრა.
- 7წადი და უთხარი იერობყამს, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: შენ აღგამაღლე ხალხს შორის და წინამძღოლად დაგადგინე ჩემს ხალხზე, ისრაელზე;
- 8წავართვი სამეფო დავითის სახლს და შენ მოგეცი, თუმცა არ ჰგავხარ ჩემს მსახურს, დავითს, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და მთელი გულით მიჰყვებოდა ჩემს კვალს, რათა მხოლოდ ის აღესრულებინა, რაც ჩემს თვალში იყო მართებული;
- 9მაგრამ გადააჭარბე ბოროტებით მათ, ვინც შენამდე იყვნენ; წახვედი და გაიკეთე უცხო ღმერთები - ჩამოსხმული კერპები, ჩემს განსარისხებლად, მე კი ზურგი მაქციე.
- 10აჰა, ამიტომ, უბედურებას მოვუვლენ იერობყამის სახლს და ამოვუწყვეტ იერობყამს ყველა კედელთან მიმშარდავს, ტუსაღსა თუ თავისუფალს ისრაელში და გავხვეტ იერობყამის სახლეულს, როგორც კაცი ხვეტს სიბინძურეს, სანამ სულ არ გააქრობს.
- 11მათ, ვინც ქალაქში მოუკვდება იერობყამს - ძაღლები შეჭამენ, ხოლო, ვინც მინდორში - ცის ფრინველები დაჯიჯგნიან, ვინაიდან უფალმა ბრძანა ასე.
- 12შენ კი ადექი და წადი შენს სახლში, როგორც კი ფეხს შედგამ ქალაქში, მოკვდება ყრმა.
- 13მთელი ისრაელი იგლოვებს და დაკრძალავენ; მხოლოდ ის დაიკრძალება იერობყამისგან, რადგან მისი სახლეულიდან მხოლოდ ის ერთადერთი აღმოჩნდა სათნო უფლის, ისრაელის ღმერთის თვალში.
- 14უფალი აღადგენს ისრაელზე მეფეს, რომელიც მოსპობს იერობყამის სახლეულს ამ დღეს და აღარ დაყოვნდება ეს საქმე.
- 15შემუსრავს უფალი ისრაელს, წყალზე მოქანავე ლერწამივით და ამოძირკვავს ისრაელს ამ ნოყიერი მიწიდან, რომელიც მისცა მათ მამებს და მიმოაბნევს მდინარის გაღმა, რადგან კერპები გაიკეთეს თავისთვის და განარისხეს უფალი.
- 16მტერს გადაეცემა ისრაელი იერობყამის ცოდვების გამო, თვითონაც რომ სცოდა და ისრაელსაც შეაცოდინა”.
- 17ადგა იერობყამის ცოლი, წავიდა და მივიდა თირცაში; როგორც კი სახლის ზღურბლს მიუახლოვდა, მოკვდა ყრმა.
- 18იგლოვა და დაკრძალა იგი მთელმა ისრაელმა, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავისი მსახურის, ახია წინასწარმეტყველის პირით.
- 19იერობყამის დანარჩენი საქმენი, მისი ბრძოლები და მეფობა, ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნშია აღწერილი.
- 20ოცდაორ წელს მეფობდა იერობყამი იერუსალიმში და მიიძინა თავის მამებთან, მის ნაცვლად ნადაბი, მისი ძე გამეფდა.
- 21რეხაბყამ სოლომონის ძე იუდაში მეფობდა. ორმოცდაერთი წლის იყო რეხაბყამი თავისი გამეფებისას და ჩვიდმეტი წელი მეფობდა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც თავისი სახელის დასამკვიდრებლად გამოარჩია უფალმა ისრაელის ყოველი ტომიდან. დედამისს ნაყამა ერქვა, ყამონელი ქალი იყო იგი.
- 22ბოროტად იქცეოდნენ იუდევლები უფლის თვალში და ჩადენილი ცოდვებით თავიანთ მამებზე მეტად ანრისხებდნენ მას.
- 23მათაც მოიწყვეს მაღლობები, აიშენეს სვეტები და საკერპოები ყოველ მაღალ ბორცვსა და ფოთლოვანი ხის ქვეშ.
- 24საკერპოს მეძავი კაცებიც გაჩნდნენ ქვეყანაში და სჩადიოდნენ ყველა იმ სისაძაგლეს, რომელსაც აკეთებდნენ უფლის მიერ ისრაელის ძეთაგან განდევნილი ერები.
- 25რეხაბყამის მეფობის მეხუთე წელს, ეგვიპტის მეფე შიშაკმა გაილაშქრა იერუსალიმზე.
- 26წაიღო უფლის ტაძრის, მეფის სასახლისა და ყველა სხვა საუნჯე; თან გაიყოლა სოლომონის გაკეთებული ოქროს ყველა ფარი.
- 27სპილენძის ფარები დაამზადა მათ ნაცვლად მეფე რეხაბყამმა და მეფის სასახლის კარისმცველთა უფროსებს გადასცა.
- 28როცა უფლის ტაძარში წავიდოდა მეფე, მცველები ატარებდნენ მათ, მერე კი ისევ საცავში აბრუნებდნენ.
- 29რეხაბყამის დანარჩენი საქმენი და ყოველივე, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეს წიგნშია აღწერილი.
- 30გამუდმებული ომი იყო რეხაბყამსა და იერობყამს შორის.
- 31მიიძინა რეხაბყამმა თავის მამებთან და დაიკრძალა თავის მამების გვერდით, დავითის ქალაქში. ნაყამა ყამონელი ერქვა დედამისს. მის მაგიერ აბიამი, მისი ძე გამეფდა.
იტვირთება შემდეგი თავი