3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 15
- 1იერობყამ ნებატის ძის მეფობის მეთვრამეტე წელს, აბიამი გამეფდა იუდაზე.
- 2სამ წელიწადს მეფობდა იგი იერუსალიმში. დედამისი იყო მაყაქა, აბესალომის ასული.
- 3და დადიოდა ყველა იმ ცოდვაში, რომელიც მასზე უწინ მამამისს ჰქონდა ჩადენილი. მისი გული ისე არ ყოფილა მინდობილი უფალზე, როგორც მამამისის, დავითის გული იყო.
- 4დავითის გამო მისცა უფალმა, მისმა ღმერთმა, მას ლამპარი იერუსალიმში, მისი ძე დასვა მის შემდეგ, რათა განემტკიცებინა იერუსალიმი.
- 5რადგან სიმართლით იქცეოდა უფლის თვალში და არ გადაუხვევია უფლის მცნებისგან, გარდა ურია ხეთელის შემთხვევისა.
- 6გამუდმებული ომი იყო იერობყამსა და აბიამს შორის, მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში.
- 7აბიამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. ომი იყო აბიამსა და იერობყამს შორის.
- 8განისვენა აბიამმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ასა, მისი ძე გამეფდა.
- 9ისრაელის მეფის, იერობყამის მეფობის მეოცე წელს გამეფდა ასა იუდაზე.
- 10ორმოცდაერთ წელს მეფობდა იგი იერუსალიმში. დედამისი იყო მაყაქა, აბესალომის ასული.
- 11სიმართლით იქცეოდა უფლის თვალში ასა, მამამისის, დავითის მსგავსად.
- 12გაყარა ტაძრის მეძავი კაცები ქვეყნიდან და ყველა კერპი მოაცილა, რომელიც გაკეთებული ჰქონდათ მის მამებს.
- 13დედამისი მაყაქაც მოაშორა დედოფლობას, რადგან აშერას ქანდაკება ჰქონდა დადგმული. აჩეხა ასამ მისი კერპი და დაწვა კედრონის ღელესთან.
- 14მაღლობები კი არ მოუშორებია, თუმცა მთელი მისი სიცოცხლე ერთგული იყო ასა უფლისადმი.
- 15უფლის სახლში შეიტანა მან მამამისის მიერ მიძღვნილი ნივთები და თვითონაც მიუძღვნა ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი.
- 16გამუდმებული ომი იყო ასასა და ისრაელის მეფე ბაყაშას შორის.
- 17გავიდა ბაყაშა, ისრაელის მეფე, იუდას წინააღმდეგ და დაიწყო რამის შენება, რათა არავინ გამოსულიყო ასასგან, იუდას მეფისგან, და არავინ შესულიყო მასთან.
- 18აიღო ასამ მთელი ოქრო-ვერცხლი, რაც კი სამეფო სახლის საგანძურებში იყო დარჩენილი და მისცა ხელში თავის მსახურებს. და გაგზავნა ისინი მეფე ასამ ბენ-ჰადადთან, ტაბრიმონის ძესთან, ხეზიონის ძესთან, არამელთა მეფესთან, დამასკოში რომ მკვიდრობდა. შეუთვალა:
- 19"იყოს კავშირი ჩემსა და შენ შორის, როგორც მამაჩემსა და მამაშენს შორის იყო; აჰა, ოქრო-ვერცხლს გიგზავნი ძღვნად, გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან და უკან დაიხევს იგი”.
- 20უსმინა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ და დაიპყრო ყიონი, დანი, აბელ-თებ-მაყაქა, მთელი ქინეროთი და ნაფთალის მთელი ქვეყანა.
- 21ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და თირცაში დაბრუნდა.
- 22და მოუხმო მეფე ასამ უკლებლივ მთელ იუდას, გაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რითაც აშენებდა ბაყაშა და ამით ააშენა მეფე ასამ ბენიამინის გებაყი და მიცფა.
- 23ასას დანარჩენი საქმეები, მისი გმირობა, ყველაფერი, რაც გააკეთა და ქალაქები, რომლებიც ააშენა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი; გარდა იმისა, რომ სიბერეში ფეხები დაუსნეულდა.
- 24განისვენა ასამ თავის მამებთან და დაიმარხა თავისი მამების გვერდით, დავითის, მამამისის ქალაქში. მისი ძე, იოშაფატი გამეფდა მის ნაცვლად.
- 25იუდას მეფის, ასას გამეფების მეორე წელს, ნადაბ იერობყამის ძე გამეფდა ისრაელში და ორ წელიწადს მეფობდა ისრაელზე.
- 26ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში; მამამისის გზასა და ცოდვებს მიჰყვებოდა და ისრაელსაც აცდუნებდა.
- 27და აუმხედრდა მას ბაყაშა, ახიას ძე, ისაქარის სახლეულიდან; და მოკლა იგი ბაყაშამ ფილისტიმელთა ქალაქ გიბეთონში, როცა ალყად ედგნენ გიბეთონს ნადაბი და მთელი ისრაელი.
- 28მოკლა იგი ბაყაშამ, იუდას მეფის, ასას გამეფების მესამე წელს და მის ნაცვლად გამეფდა.
- 29გამეფდა თუ არა, მოსრა იერობყამის მთელი სახლი, ცოცხალი არავინ დაუტოვა იერობყამს, ვიდრე მთლიანად არ გაანადგურა უფლის სიტყვისამებრ, როგორც ბრძანა თავისი მსახურის, შილოელი ახიას პირით
- 30იერობყამის ცოდვების გამო, თვითონ რომ შესცოდა და ისრაელსაც რომ აცდუნებდა და ამით უფლის, ისრაელის ღმერთის რისხვა გამოიწვია.
- 31ნადაბის დანარჩენი საქმენი და ყველაფერი რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
- 32გამუდმებული ომი იყო ასასა და ბაყაშას, ისრაელის მეფეს შორის.
- 33იუდას მეფის, ასას გამეფების მესამე წელს გამეფდა ბაყაშა ახიას ძე მთელს ისრაელზე, თირცაში. ოცდაოთხი წელი იმეფა.
- 34ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, მიჰყვებოდა იერობყამის გზას, მის ცოდვებს და ისრაელსაც აცდუნებდა.
იტვირთება შემდეგი თავი