3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1ეუწყა უფლის სიტყვა ბაყაშას წინააღმდეგ იეჰუ ხანანის ძეს:
- 2"მტვრიდან აღგადგინე და ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლად გაქციე, შენ კი იერობყამის გზით წახვედი და აცდუნე ისრაელი, რათა განვრისხდე მათი ცოდვებით,
- 3აჰა, პირწმინდად აღვგვი ბაყაშას და მის სახლს და ვაქცევ იერობყამ ნებატის ძის სახლივით.
- 4ვინც ქალაქში მოუკვდება ბაყაშას, ძაღლები შეჭამენ; და ვინც ველზე - ცის ფრინველნი დაჯიჯგნიან”.
- 5ბაყაშას დანარჩენი საქმენი, მისი სიმამაცე, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 6მიიძინა ბაყაშამ თავის მამებთან და დაიკრძალა თირცაში. მის ნაცვლად ელა, მისი ძე გამეფდა.
- 7წინასწარმეტყველ იეჰუ ხანანის ძის მეშვეობით ეუწყა უფლის სიტყვა ბაყაშას და მის სახლეულს, ყველა იმ ბოროტების შესახებ, რომელიც ჩაიდინა უფლის თვალში, რათა განერისხებინა ღმერთი თავისი ქცევით, გამხდარიყო იერობყამის სახლივით და განადგურებულიყო.
- 8იუდას მეფის, ასას გამეფების ოცდამეექვსე წელს გამეფდა ელა, ბაყაშას ძე და ორ წელს იმეფა თირცაში ისრაელზე.
- 9აუმხედრდა მისი მსახური ზიმრი, რომელიც საბრძოლო ეტლების ნახევარს მეთაურობდა. თირცას სამეფო სასახლის მოურავის, არცას სახლში იყო მთვრალი ელა.
- 10შევიდა ზიმრი, უგმირა და მოკლა. იუდას მეფის, ასას მეფობის ოცდამეშვიდე წელს გამეფდა მის მაგიერ.
- 11როცა გამეფდა და ტახტზე დაჯდა, მაშინვე მოსრა ბაყაშას მთელი სახლეული, არ დაუტოვებია მისგან კედელზე მიმშარდველი, არც ნათესავი და არც მეგობარი.
- 12მოსპო ზიმრიმ ბაყაშას მთელი სახლეული უფლის სიტყვისამებრ, რომელიც წინასწარმეტყველ იეჰუს მეშვეობით ჰქონდა ნათქვამი ბაყაშაზე,
- 13ბაყაშას მთელი ცოდვებისთვის და ელას, მისი ძის ცოდვებისთვის, რომლებითაც აცდუნეს ისრაელი თავისი ამაოებით, რათა განერისხებინათ უფალი, ისრაელის ღმერთი.
- 14ელას დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 15იუდას მეფის, ასას მეფობის ოცდამეშვიდე წელს, შვიდ დღეს იმეფა ზიმრიმ თირცაში. ხალხი ფილისტიმელთა გიბეთონის პირდაპირ იყო დაბანაკებული.
- 16გაიგო დაბანაკებულმა ხალხმა, რომ ამბოხებულ ზიმრის მეფე მოუკლავს და იმავე დღეს, მხედართმთავარი ყომრი გაამეფა ბანაკში მთელ ისრაელზე.
- 17წავიდა ყომრი გიბეთონიდან მთელ ისრაელთან ერთად და ალყაში მოაქცია თირცა.
- 18დაინახა ზიმრიმ, რომ აღებულია ქალაქი, შევიდა მეფის სასახლის სამალავში, თავზე გადაიწვა სასახლე და მოკვდა.
- 19თავისი ცოდვებისთვის, რომლითაც სცოდავდა, რადგან ბოროტს სჩადიოდა უფლის თვალში და იერობყამის გზით მიდიოდა მის ცოდვებში, რომლითაც აცდუნა ისრაელი.
- 20ზიმრის დანარჩენი საქმენი და მისი ამბოხება, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 21მაშინ ორად გაიხლიჩა ისრაელის ხალხი: ხალხის ერთი ნახევარი თიბნი გინათის ძის გამეფებას ემხრობოდა, მეორე ნახევარი კი - ყომრისას.
- 22ყომრის ხალხი უფრო ძლიერი აღმოჩნდა თიბნის ხალხზე. მოკვდა თიბნი და გამეფდა ყომრი.
- 23იუდას მეფის, ასას მეფობის ოცდამეთერთმეტე წელს გამეფდა ყომრი ისრაელზე და თორმეტ წელს მეფობდა. ექვსი წელი თირცაში იმეფა.
- 24იყიდა შემერისგან სამარიის მთა ვერცხლის ორ ტალანტად, ქალაქი გააშენა იქ და სახელად სამარია უწოდა, ყოფილი მფლობელის სახელისამებრ.
- 25ბოროტად იქცეოდა ყომრი უფლის თვალში; იმათაც გადააჭარბა, რომლებიც მასზე უწინ იყვნენ.
- 26იერობყამ ნებატის ძის გზით წავიდა, მისი ცოდვის გზით, რომლითაც აცდუნა ისრაელი, რათა თავისი ამაო კერპებით განერისხებინა უფალი, ისრაელის ღმერთი.
- 27ყომრის დანარჩენი საქმენი და მისი სიმამაცე, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 28მიიძინა ყომრიმ თავის მამებთან და დაიკრძალა სამარიაში. მის ნაცვლად კი მისი ძე, ახაბი გამეფდა.
- 29ასას, იუდას მეფობის ოცდამეთვრამეტე წელს გამეფდა ახაბ ყომრის ძე ისრაელზე და ოცდაორი წელი მეფობდა სამარიაში, ისრაელზე.
- 30ყომრის ძის ბოროტებამ, რომელიც უფლის წინაშე ჩაიდინა მან, ყველას გადააჭარბა, ვინც მასზე უწინ იყვნენ.
- 31და არ იკმარა იერობყამ ნებატის ძის ცოდვაში სიარული; ცოლად მოიყვანა იეზებელი, ეთბაყალის, ციდონის მეფის ასული. და დაუწყო ბაყალს მსახურება და თაყვანისცემა.
- 32სამსხვერპლო აღუმართა ბაყალს სამარიაში, მის მიერვე აგებულ ბაყალის საკერპეში.
- 33გააკეთა ახაბმა აშერი და უფრო მეტად განარისხა უფალი, ისრაელის ღმერთი, ვიდრე ისრაელის ყველა მეფემ, მასზე უწინ რომ იყვნენ.
- 34მის დღეებში ააშენა ხიელ ბეთელელმა იერიხო: აბირამზე, თავის პირმშოზე დააფუძნა იგი და სეგუბზე, თავის უმცროს ძეზე დაადგინა მისი კარიბჭე, უფლის სიტყვისამებრ, რომელიც იეშუა ნავეს ძის მეშვეობით ჰქონდა წარმოთქმული.
იტვირთება შემდეგი თავი