3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 17

  1. 1
    უთხრა ელია თიშბელმა, გილყადის მცხოვრებმა, ახაბს: "ცოცხალია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში არც ცვარი და არც წვიმა, თუ არა ჩემი სიტყვით!”
  2. 2
    გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
  3. 3
    "წადი აქედან, აღმოსავლეთისკენ იბრუნე პირი და ქერითის ხევში დაიმალე, იორდანეს გასწვრივ.
  4. 4
    იმ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანე, რომ გამოგკვებონ”.
  5. 5
    წავიდა და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; ჩაჯდა წყაროსთან ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.
  6. 6
    და მოჰქონდათ ყორნებს პური და ხორცი დილა-საღამოს, წყალს კი ნაკადულიდან სვამდა.
  7. 7
    გამოხდა ხანი და დაშრა ნაკადული, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად.
  8. 8
    გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
  9. 9
    "ადექი, წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე; ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ გამოგკვებოს.
  10. 10
    ადგა და წავიდა ცარფათში; ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, აჰა, შეშას აგროვებს ქვრივი ქალი. დაუძახა და უთხრა: "გთხოვ, ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო”.
  11. 11
    წავიდა თუ არა მოსატანად, კვლავ დაუძახა მან და უთხრა: "გთხოვ, პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით”.
  12. 12
    მიუგო ქალმა: "ცოცხალია უფალი, შენი ღმერთი, რომ პური არ გამაჩნია; ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი ქილაში; აჰა, ცოტაოდენ შეშას ვაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით”.
  13. 13
    უთხრა ელიამ: "ნუ გეშინია, წადი და ისე მოიქეცი, როგორც თქვი. მაგრამ ჯერ მე გამომიცხვე მცირედი პური და მომიტანე; შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ.
  14. 14
    რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: არ გამოილევა ფქვილი ქოთანში და ქილაში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მისცემს მიწის ზედაპირს”.
  15. 15
    წავიდა და ელიას სიტყვისამებრ მოიქცა; და ჭამდა თვითონ, მისი სახლეული და ელია, მრავალი დღის განმავლობაში.
  16. 16
    არც ფქვილი ილეოდა ქოთანში და არც ზეთი იკლებდა ქილაში, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ჰქონდა ნათქვამი ელიას მეშვეობით.
  17. 17
    ამ ამბების შემდეგ დასნეულდა იმ ქალის, სახლის პატრონის ვაჟი; იმდენად მძიმე იყო მისი სენი, რომ სიცოცხლის სუნთქვა აღარ იყო მასში.
  18. 18
    უთხრა ქალმა ელიას: "რა საქმე მაქვს შენთან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების შესახსენებლად მოხვედი ჩემთან და ძეს მიკლავ?”
  19. 19
    უთხრა ელიამ: "მომეცი შენი ძე”. უბიდან გამოართვა დედას ვაჟი და აიყვანა ზემოთვალში, სადაც თვითონ ცხოვრობდა; და დააწვინა თავის საწოლზე.
  20. 20
    უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო! ნუთუ ამ ქვრივზეც მოაწევ უბედურებას, რომელთანაც მდგმურად ვარ, და შვილს მოუკლავ?”
  21. 21
    სამგზის გადაემხო ბავშვს, უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო, ჩააბრუნე სიცოცხლე ამ ბავშვში!”
  22. 22
    ისმინა უფალმა ელიას ხმა, დაუბრუნდა ბავშვს მშვინვა და გაცოცხლდა.
  23. 23
    აიყვანა ბავშვი ელიამ, ჩამოიყვანა ზემოთვალიდან და მისცა დედამისს. თქვა ელიამ: "შეხედე, ცოცხალია შენი ვაჟი!”
  24. 24
    უთხრა ქალმა ელიას: "ახლა კი ვიცი, რომ ღვთისკაცი ხარ და ჭეშმარიტია უფლის სიტყვა შენს ბაგეებში!”
იტვირთება შემდეგი თავი