3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1მრავალი დღის შემდეგ, მესამე წელს ეუწყა უფლის სიტყვა ელიას: "წადი, გამოეცხადე ახაბს და მივცემ წვიმას მიწის პირს”.
- 2წავიდა ელია, რათა ახაბს ჩვენებოდა. დიდი შიმშილი იყო სამარიაში.
- 3და მოუხმო ახაბმა ობადიაჰუს, სასახლის მოურავს; ძალზე ღვთისმოშიში იყო ობადიაჰუ.
- 4როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს ხოცავდა, წაიყვანა ობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი, ორმოცდაათ-ორმოცდაათი გადამალა მღვიმეში და პურითა და წყლით არჩენდა მათ.
- 5უთხრა ახაბმა ობადიაჰუს: "მოიარე ქვეყნად ყოველი წყარო და ნაკადული: ეგებ ვპოვოთ ბალახი, რომ ცხენები და ჯორები გამოვკვებოთ და არ დაგვეხოცოს საქონელი”.
- 6გაინაწილეს მიწები გამოსაკვლევად: ერთი გზით ახაბი წავიდა მარტო, მეორე გზით კი - ობადიაჰუ.
- 7გზაზე იდგა ობადიაჰუ და აჰა, ელია შემოხვდა. იცნო, პირქვე დაეცა და ჰკითხა: "ეს შენ ხარ ელია, ჩემო ბატონო?”
- 8უპასუხა: "მე ვარ. წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არის-თქო ელია”.
- 9უთხრა ობადიაჰუმ: "განა რა შეგცოდე, რომ ახაბის ხელს აძლევ მოსაკლავად შენ მსახურს?
- 10როგორც უფალი, შენი ღმერთია ცოცხალი, ისე არ არსებობს ერი და სამეფო, სადაც არ წარეგზავნოს ჩემს ბატონს შენს მოსაძებნად. როცა ეუბნებოდნენ, ვერსად ვნახეთო, ფიცით აფიცებდა იმ ხალხსა და სამეფოს, რომ ვერ გიპოვნეს.
- 11ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია.
- 12შენგან რომ წავალ, არ ვიცი, საით გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ახაბთან საუწყებლად და რომ ვეღარ გიპოვნის, მომკლავს; შენი მსახური კი ღვთისმოშიშია სიჭაბუკიდან.
- 13განა არ ეუწყა ჩემს ბატონს, რა მოვიმოქმედე, როცა უფლის წინასწარმეტყველებს ჟლეტდა იეზებელი?! უფლის ასი წინასწარმეტყველი გადავმალე, ორმოცდაათ-ორმოცდაათი კაცი მღვიმეში და ვარჩენდი პურითა და წყლით.
- 14ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია. ის კი მომკლავს”.
- 15უპასუხა ელიამ: "როგორც ცაბაოთ უფალია ცოცხალი, ვის წინაშეც ვდგავარ, ისე დღესვე უცილობლად გამოვეცხადები მას!”
- 16წავიდა ობადიაჰუ და შეატყობინა ახაბს, და ისიც გაემართა ელიასთან შესახვედრად.
- 17დაინახა ახაბმა ელია და უთხრა: "ნუთუ შენა ხარ, ისრაელის შემაჭირვებელო?”
- 18მიუგო: "მე კი არ შევაჭირვე ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა, რადგან მიატოვეთ უფლის მცნებანი და ბაყალთა ნაკვალევს გაჰყევით.
- 19ახლა წარგზავნე და ქარმელის მთაზე შემიკრიბე მთელი ისრაელი და ბაყალის ოთხას ორმოცდაათი წინასწარმეტყველი, იეზებელის სუფრაზე რომ ჭამენ და აშერას ოთხასი წინასწარმეტყველი.
- 20წარგზავნა ახაბმა ისრაელის ყოველ ძესთან და ქარმელის მთაზე შეკრიბა წინასწარმეტყველნი.
- 21მივიდა ამ ხალხთან ელია და უთხრა: "როდემდე უნდა მერყეობდეთ ორ აზრს შორის? თუ უფალია ღმერთი, მის კვალს გაჰყევით! მაგრამ, თუ ბაყალია - მაშინ მის კვალს გაჰყევით!” ხმა არ ამოიღო ხალხმა.
- 22უთხრა ხალხს ელიამ: "მარტო მეღა დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაყალის წინასწარმეტყველნი კი ოთხას ორმოცდაათი კაცია.
- 23მოგვცენ ორი მოზვერი; ამოირჩიონ თავისთვის ერთი მოზვერი, დაჭრან და დადონ შეშაზე, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთონ. მე მეორე მოზვერს გავამზადებ, შეშაზე დავდებ, თუმცა ცეცხლს არ შევუნთებ.
- 24ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, მეც ვახსენებ უფლის სახელს. ის ღმერთი, რომელიც ცეცხლით გვიპასუხებს, ნამდვილად ღმერთია!” მიუგო მთელმა ხალხმა: "კეთილი სიტყვაა!”
- 25უთხრა ელიამ ბაყალის წინასწარმეტყველთ: "ამოირჩიეთ მოზვერი და ჯერ თქვენ მოამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ; ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ”.
- 26აიყვანეს მოზვერი, რომელიც მისცა, მოამზადეს და დილიდან შუადღემდე მოუხმობდნენ ბაყალის სახელს: "ბაყალ, გვიპასუხე!” მაგრამ არც ხმა ყოფილა და არც რაიმე პასუხის მსგავსი. და ხტოდნენ სამსხვერპლოს ირგვლივ, რომელიც გააკეთეს.
- 27შუადღისას დაცინვა დაუწყო მათ ელიამ; ეუბნებოდა: "ხმამაღლა იყვირეთ, რადგან ღმერთია იგი; იქნებ ჩაფიქრდა ან საჭიროების გამო გვერდზე გადგა, ან მოგზაურობს, ეგებ სძინავს და გაღვიძება სჭირდება”.
- 28გაჰყვიროდნენ ხმამაღლა. ჩვეულებისამებრ თავებს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, სანამ არ გადმოინთხა მათი სისხლი.
- 29შუადღე გადაიხარა, ისინი კი ისევ ამაოდ ცდილობდნენ მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე; არც ხმა ყოფილა, არც პასუხი და არც ჩქამი.
- 30უთხრა ელიამ ყველა იქ მყოფს: "ახლოს მოდით”. ყველანი მიუახლოვდნენ და აღადგინა უფლის დამხობილი სამსხვერპლო.
- 31თორმეტი ქვა აიღო ელიამ, იაკობის თორმეტი ძის შტოების მიხედვით, იაკობისა, რომელსაც უთხრა უფალმა: ისრაელი იქნებაო სახელი შენი.
- 32ააშენა ამ ქვებით სამსხვერპლო უფლის სახელზე, ირგვლივ კი ორი საწყაული თესლის ტევადობის თხრილი შემოავლო.
- 33დააწყო შეშა, შუაზე გაკვეთა მოზვერი და დადო შეშაზე.
- 34უთხრა: "აავსეთ წყლით ოთხი კოკა და დაასხით დასაწველსა და შეშას!” კვლავ უთხრა: "გაიმეორეთ!” გაიმეორეს. კვლავ უთხრა: "მესამედაც დაასხით!” მესამედაც დაასხეს.
- 35სამსხვერპლოს გარშემო ჩამოედინა წყალი და თხრილიც აივსო წყლით.
- 36შემოდგა ელია წინასწარმეტყველი მწუხრის მსხვერპლშეწირვისას და თქვა: "უფალო, ღმერთო აბრაჰამისა, ისაკისა და ისრაელისა! დაე შეიტყონ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელისა და მე, შენმა მსახურმა, შენი სიტყვით ვქმენი ყველა ეს საქმე;
- 37მიპასუხე უფალო, მიპასუხე! რათა შეიტყოს ხალხმა, რომ შენა ხარ უფალი ღმერთი და შენ კვლავ აბრუნებ მათ გულებს შენდამი!”
- 38ჩამოვარდა უფლის ცეცხლი. შთანთქა სრულადდასაწველი და შეშა, ქვები და მტვერი და თხრილში ჩასხმული წყალიც ამოლოკა.
- 39დაინახა მთელმა ხალხმა, პირქვე დაეცა და შესძახა: "უფალი - ისაა ღმერთი, უფალი - ისაა ღმერთი!”
- 40უთხრა მათ ელიამ: "შეიპყრეთ ბაყალის წინასწარმეტყველნი, არავინ გაიქცეს”. და შეიპყრეს. კიშონის ხევში ჩაიყვანა ისინი ელიამ და იქ დახოცა.
- 41უთხრა ახაბს ელიამ: "წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის შხაპუნის ხმა ისმის”.
- 42წავიდა ახაბი საჭმელ-სასმელად, ელია კი ქარმელის მთაზე ავიდა, მიწაზე დაწვა და სახე მუხლებს შორის მოიქცია.
- 43უთხრა მსახურს: წადი, გაიხედე ზღვის მხარეს”. ავიდა, გაიხედა და თქვა: "არაფერი ჩანს”. მან შვიდჯერ უთხრა: "კიდევ წადი”.
- 44მეშვიდე ჯერზე რომ მობრუნდა, თქვა: "აჰა, ზღვიდან ამომავალი ღრუბელი მოსჩანს, მცირე, როგორც კაცის მუჭი”. უთხრა ელიამ: "წადი, უთხარი ახაბს: ეტლი მოიმზადე და აუჩქარე, წვიმამ არ მოგისწროს-თქო”.
- 45ამასობაში ცა მოიქუფრა, ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა თავსხმა წვიმა. შეჯდა ეტლზე ახაბი და იზრეყელს გაემგზავრა.
- 46უფლის ხელი იყო ელიაზე, სარტყელი შემოირტყა წელზე და სირბილით გადაასწრო ახაბს იზრეყელამდე.
იტვირთება შემდეგი თავი