3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 2

  1. 1
    მოახლოვდა დავითის გარდაცვალების დღე. უბრძანა სოლომონს, თავის ძეს და უთხრა:
  2. 2
    "მიწის ყოველი მკვიდრის გზით მივდივარ, ამიტომ გაძლიერდი და კაცი იყავი.
  3. 3
    დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, რათა მის გზებზე დადიოდე, იცავდე მის დადგენილებებს, მცნებებსა და მოწმობებს, როგორც მოსეს რჯულში სწერია; რათა წარმატებას მიაღწიო ყოველივეში, რასაც გააკეთებ და რასაც განიზრახავ;
  4. 4
    რათა აღასრულოს უფალმა ყველა სიტყვა, რომელიც აღმითქვა: თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს გზებს, რომ იარონ ჩემ წინაშე ჭეშმარიტებით, მთელი გულითა და გონებით, მაშინ არ ამოგეძირკვებაო შთამომავალი ისრაელის ტახტზე!
  5. 5
    შენ თვითონ იცი, რაც იოაბ ცერუიას ძემ მიყო, როგორ მოექცა ისრაელის ორ მხედართმთავარს: აბნერ ნერის ძესა და ყამასა იეთერის ძეს. მოკლა ისინი და საბრძოლო სისხლი დაღვარა მშვიდობის ჟამს; საბრძოლო სისხლში გაისვარა სარტყელი, რომელიც წელზე ერტყა და ფეხსაცმელი, რომელიც ფეხზე ემოსა.
  6. 6
    შენი სიბრძნისამებრ მოექეცი, მშვიდობით ნუ ჩაიყვან მის ჭაღარას საფლავში.
  7. 7
    გილყადელი ბარზილაის ძეთ სიკეთე უყავ, სუფრასთან გესხდნენ, რადგან თვითონაც ასე მომექცნენ, აბესალომს, შენს ძმას რომ გავურბოდი.
  8. 8
    აჰა, შენთანაა შიმყი გერას ძე, ბენიამინელი, ბახურიმიდან, რომელიც მწარედ მწყევლიდა, მახანაიმში რომ მივდიოდი, მაგრამ იორდანესთან ჩამოვიდა ჩემს შესახვედრად და ასე შევფიცე უფლის სახელით: არ მოგკლავ-მეთქი მახვილით!
  9. 9
    მაგრამ შენ ნუ დატოვებ და­უ­ს­ჯ­ელს, ვინაიდან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე! სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანე სა­ფლავში!”
  10. 10
    განისვენა დავითმა თავის მამებთან და დაიმარხა დავითის ქალაქში.
  11. 11
    ორმოც წელს იმეფა დავითმა ისრაელზე, შვიდ წელიწადს ხებრონში მეფობდა და ოცდაცამეტ წელიწადს - იერუსალიმში.
  12. 12
    დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და ფრიად განმტკიცდა მისი მეფობა.
  13. 13
    მივიდა ადონია ხაგითის ძე ბათ-შებაყთან, სოლომონის დედასთან; ჰკითხა ბათ-შებაყმა: "მშვიდობით მოხვედი?” მიუგო: "მშვიდობით”.
  14. 14
    თქვა: "სიტყვა მაქვს შენთან”. უთხრა ბათ-შებაყმა: "ილაპარაკე”.
  15. 15
    უთხრა: "იცი, რომ ჩემი იყო სამეფო; მთელმა ისრაელმა მე მომაპყრო თვალი, რომ მეფედ დავმჯდარიყავი, მაგრამ შეტრიალდა სამეფო და ჩემს ძმას ერგო, რადგან მისთვის ჰქონდა უფალს მიცემული”.
  16. 16
    ახლა ერთი რამ უნდა გთხოვო და უარს ნუ მეტყვი!” მიუგო ბათ-შებაყმა: "ილაპარაკე”.
  17. 17
    თქვა ადონიამ: "მიშუამდგომლე მეფე სოლომონთან, შენ უარს არ გეტყვის, აბიშაგ შუნამელი მომცეს ცოლად”.
  18. 18
    უპასუხა ბათ-შებაყმა: "კეთილი, გადავცემ შენს თხოვნას მეფეს”.
  19. 19
    მივიდა ბათ-შებაყი მეფე სოლომონთან, რათა ადონიაზე დალაპარაკებოდა. ადგა მეფე მის შესახვედრად, თაყვანი სცა და კვლავ თავის ტახტზე დაჯდა. მეფის დედასაც დაუდგეს ტახტი და დაჯდა მის მარჯვნივ.
  20. 20
    უთხრა სოლომონს: "ერთ მცირე სათხოვარს ვითხოვ შენგან და უარს ნუ მეტყვი”. მიუგო მეფემ: "მთხოვე, დედაჩემო, არ გეტყვი უარს”.
  21. 21
    უთხრა: "ადონიას, შენ ძმას, აბიშაგ შუნამელი მიეცი ცოლად”.
  22. 22
    მიუგო მეფე სოლომონმა: "რად ითხოვ აბიშაგ შუნამელს ადონიასთვის? და რადგან ჩემი უფროსი ძმაა იგი ბარემ სამეფოც მთხოვე მისთვის; მასთან არიან აბიათარ მღვდელი და იოაბი, ცერუიას ვაჟი”.
  23. 23
    დაიფიცა მეფე სოლომონმა უფალი: "ასე და ასე დამმართოს ღმერთმა და უარესიც, თუ თავის საუბედუროდ არ ეთქვას ადონიას ეს სიტყვები!
  24. 24
    ახლა, როგორც ჩემი განმამტკიცებელი უფალია ცოცხალი, რომელმაც დამსვა მამაჩემის, დავითის ტახტზე და შეპირებისამებრ მომცა სამეფო სახლი, ისე დღესვე მოკვდება ადონია”.
  25. 25
    გაგზავნა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე, დაჰკრა და მოკლა ადონია.
  26. 26
    უთხრა მეფემ აბიათარ მღვდელს: "წადი ყანათოთში, შენი ველებისკენ, სიკვდილს იმსა­ხურებ, მაგრამ არ მოგკლავ, რადგან უფლის, ღმერთის კიდობანს ატარებდი დავითის, მამაჩემის წინაშე და ყველაფერს იტანდი, რასაც მამაჩემი იტანდა”.
  27. 27
    გააძევა სოლომონმა აბიათარი უფლის მღვდლობიდან, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რომელიც ყელის სახლეულზე წარმოითქვა შილოში.
  28. 28
    მიუვიდა ეს ამბავი იოაბს, რომელიც ადონიასკენ იყო გადახრილი, თუმცა აბესალომს არ მიმხრობია. გაიქცა იოაბი უფლის კარვისკენ და სამსხვერპლოს რქებს ჩაეჭიდა.
  29. 29
    შეატყობინეს მეფე სოლომონს, უფლის კარვისკენ, სამსხვერპლოსკენ გაიქცაო იოაბი; გაგზავნა სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე და დაავალა: "წადი და მოკალი”.
  30. 30
    მივიდა ბენაია უფლის კარავთან და უთხრა: "ასე ბრძანა მეფემ: გამოდი!” მიუგო: "არა, აქვე მოვკვდები”. და შეატყობინა ბენაიამ მეფეს ეს სიტყვები: "ასე თქვაო იოაბმა”.
  31. 31
    უთხრა მეფემ: "ისე მოექეცი, როგორც თვითონ თქვა, მოკალი და დამარხე, მომბანე უდანაშაულო სისხლი მეც და მამაჩემის სახლსაც, რომელიც იოაბმა დაღვარა.
  32. 32
    უფალი მის თავზევე მიაქცევს მის სისხლს, რადგან ორ მართალ და თავისზე უკეთეს კაცს დაეცა და მახვილით დახოცა: აბნერი, ძე ნერისა, ისრაელის მხედართმთავარი და ყამასა, იეთერის ძე, იუდას მხედართმთავარი; მამაჩემმა დავითმა კი არა უწყოდა რა.
  33. 33
    მიექცეს მათი სისხლი იოაბისა და მისი შთამომავლობის თავს საუკუნოდ, ხოლო დავითს, მისი შთამომავლობის სახლსა და ტახტს კი საუკუნო მშვიდობა ჰქონდეს უფლისგან”.
  34. 34
    წავიდა ბენაია იეჰოიადაყის ძე და განგმირა იოაბი; თავისივე სახლში დაიმარხა იგი, უდაბნოში.
  35. 35
    მის ნაცვლად ბენაია იეჰოიადაყის ძე დანიშნა მეფემ ლაშქრის სარდლად, აბიათარის ნაცვლად კი - ცადოკ მღვდელი.
  36. 36
    წარგზავნა მეფემ, მოიხმო შიმყი და უთხრა: "აიშენე სახლი იერუსალიმში, იქ იცხოვრე და არ გახვიდე იქიდან,
  37. 37
    რადგან როგორც კი გახვალ და გასცდები კედრონის ხევს, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება; შენზევე იქნება შენი სისხლი”.
  38. 38
    უპასუხა შიმყიმ მეფეს: "კეთილია ეს სიტყვა; როგორც მიბრძანა მეფემ, ჩემმა ბატონმა, ისე მოიქცევა შენი მსახური”. და დიდხანს ცხოვრობდა შიმყი იერუსალიმში.
  39. 39
    სამი წლის თავზე ორი მსახური გაექცა შიმყის აქიშ მაყაქას ძესთან, გათის მეფესთან. შეატყობინეს შიმყის: გათში არიანო შენი მსახურნი.
  40. 40
    ადგა შიმყი, შეკაზმა სახედარი და წავიდა გათში აქიშთან, რათა გაქცეული მსახურები მოეძებნა. მივიდა შიმყი და წამოიყვანა გათიდან თავისი მსახურნი.
  41. 41
    ეუწყა სოლომონს, შიმყი იერუსალიმიდან გათში წავიდა და დაბრუნდაო.
  42. 42
    გაგზავნა მეფემ, მოიხმო შიმყი და უთხრა: "განა უფალი არ დაგაფიცე და არ გაგაფრთხილე, როგორც კი გახვალ ქალაქიდან, მოკვდები-მეთქი? ხომ მიპასუხე, შენი ბრძანებისამებრ მოვიქცევიო.
  43. 43
    რატომ დაარღვიე უფლის ფიცი და ჩემი ნაბრძანები?!”
  44. 44
    კვლავ მიუგო მეფემ შიმყის: "იცის შენმა გულმა მთელი ის ბოროტება, რაც დავითს, მამაჩემს გაუკეთე; შენივე თავზე მოაქცია უფალმა შენი უკეთურება!
  45. 45
    მეფე სოლომონი კი კურთხეული იქნება და საუკუნოდ განმტკიცდება დავითის ტახტი უფლის წინაშე”.
  46. 46
    უბრძანა ბენაია იეჰოიადაყის ძეს, მანაც დაჰკრა და მოკლა შიმყი. განმტკიცდა სამეფო სოლომონის ხელში.
იტვირთება შემდეგი თავი