3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 3

  1. 1
    დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ცოლად შეირთო მისი ასული და დავითის ქალაქში მიიყვანა, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლსა და გალავანს იერუსალიმის გარშემო.
  2. 2
    მაგრამ ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი, რადგან იმ დროს ჯერ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე.
  3. 3
    შეიყვარა სოლომონმა უფალი და დადიოდა დავითის, მამამისის წესებით, მაგრამ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
  4. 4
    გაბაონში იყო მთავარი მაღლობი; წავიდა მეფე, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ. ათასი სრულადდასაწველი აღავლინა სოლომონმა იმ სამსხვერპლოზე.
  5. 5
    ღამით სიზმარში უფალი გა­მოეცხადა გაბაონში სოლომონს და უთხრა ღმერთმა: "მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე!”
  6. 6
    უთხრა სოლომონმა: "სიკეთით და წყალობით ექცეოდი შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენ წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი სიკეთე და ძე მიეცი, რომელიც მის ტახტზე ზის დღეს.
  7. 7
    ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური; მაგრამ პატარა ბავშვივით ვარ, არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა.
  8. 8
    შენი რჩეული ხალხის წიაღშია შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არ აღირიცხება სიმრავლის გამო.
  9. 9
    მიეცი შენს მსახურს გამგები გული, რათა განსაჯოს შენი ხალხი, რომ განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს შენი ხალხი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?”
  10. 10
    მოსაწონი იყო უფლის თვალში სოლომონის სათხოვარი.
  11. 11
    უთხრა მას ღმერთმა: "იმის გამო, რომ ეს მთხოვე და არა ხანგრძლივი სიცოცხლე, სიმდიდრე ან შენი მტრების სული, არამედ გაგების უნარი მთხოვე სამართლის გასაკითხად!
  12. 12
    აჰა, შენი სიტყვებისამებრ მოვიქეცი და მოგეცი ბრძენი და გამგები გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა და არც შენს შემდეგ გამოჩნდება.
  13. 13
    რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრეს და დიდებას, ისე რომ მთელ შენს სიცოცხლეში, არავინ იქნება შენი მსგავსი მეფეთა შორის.
  14. 14
    თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს წესებსა და მცნებებს დაიცავ, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი”.
  15. 15
    გაიღვიძა სოლომონმა და აჰა, სიზმარი! მივიდა იერუსალიმში და წარსდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, აღავლინა სრულადდასაწველი და შესწირა სამშვიდობო მსხვერპლები. ამის შემდეგ ნადიმი გამართა თავისი მსახურებისთვის.
  16. 16
    მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და წარსდგნენ მის წინაშე.
  17. 17
    თქვა ერთმა ქალმა: "ჩემო ბატონო, ერთ სახლში ვცხოვრობთ მე და ეს ქალი; იმ სახლში ვიმშობიარე მისი თანდასწრებით.
  18. 18
    ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც; ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
  19. 19
    მოკვდა ამ ქალის ვაჟი ღამით, რადგან ზედ დასწოლოდა.
  20. 20
    ადგა შუაღამისას, ეძინა შენს მხევალს, აიყვანა ჩემი ვაჟი ჩემი გვერდიდან და მკერდთან მიიწვინა, თავისი მკვდარი კი ჩემს მკერდთან დააწვინა.
  21. 21
    ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ჩემი ვაჟისთვის და აჰა, მკვდარია იგი. კარგად დავაკვირდი დილით და არ იყო ის ყრმა ჩემი შვილი, მე რომ ვშობე”.
  22. 22
    მეორე ქალმა თქვა: "არა, ცოცხალი ჩემი ვაჟია, მკვდარი კი შენი”. ის პასუხობდა: "არა, მკვდარი შენი ვაჟია, ცოცხალი კი ჩემი”. ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე.
  23. 23
    თქვა მეფემ: "ერთი ამბობს: ცოცხალი ჩემი შვილია, შენი კი მკვდარიაო; მეორე ამბობს: "არა, მკვდარი შენი შვილია, ცოცხალი კი ჩემიაო.
  24. 24
    თქვა მეფემ: "მახვილი მომიტანეთ”; და მოიტანეს მახვილი.
  25. 25
    თქვა მეფემ: "ორად გაკვეთეთ ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთს მიეცით და მეორე ნახევარი მეორეს”.
  26. 26
    უთხრა ცოცხალი ბავშვის დედამ მეფეს, რადგან გულ-მუცელი დაეწვა თავისი ვაჟის გამო: "ოჰ, ჩემო ბატონო, მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი, ოღონდ ნუ მოკლავთ”. მეორე იმეორებდა: "არც ჩემი იყოს და არც შენი. გაკვეთეთ!”
  27. 27
    მაშინ თქვა მეფემ პირველ ქალზე: "ამ ქალს მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ, ეს არის მისი დედა!”
  28. 28
    გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, რომლითაც განსაჯა მეფემ და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე იყო მასში სამართლის აღსასრულებლად.
იტვირთება შემდეგი თავი