3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 20

  1. 1
    შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, თან ოცდათორმეტი მეფე ახლდა, ბედაურებითა და ეტლებით; მივიდა, ალყაში მოაქცია სამარია და შეებრძოლა;
  2. 2
    მოციქულები გაუგზავნა ახაბს, ისრაელის მეფეს, ქალაქში.
  3. 3
    შეუთვალა: "ასე ამბობს ბენ-ჰადადი: ჩემია შენი ვერცხლი და ოქრო, შენი საუკეთესო ცოლებიცა და ვაჟებიც ჩემია”.
  4. 4
    უპასუხა ისრაელის მეფემ: "შენი სიტყვისამებრ იყოს, მეფევ, ჩემო ბატონო, მეც შენი ვარ და რაც გამაჩნია, ისიც შენია”.
  5. 5
    კვლავ მობრუნდნენ მოციქულები და უთხრეს: "ასე ამბობსო ბენ-ჰადადი: განა არ შემოგითვალე? შენს ვერცხლსა და ოქროს, ცოლებსა და ძეებს მე მომცემ!
  6. 6
    ხვალ ამ დროს მსახურებს გამოგიგზავნი, გაჩხრეკენ შენს და შენი მსახურების სახლებს და თავისი ხელით აიღებენ ყველაფერს, რაც ძვირფასია შენთვის და წამოიღებენ”.
  7. 7
    მოუხმო ისრაელის მეფემ ქვეყნის ყველა უხუცესს და უთხრა: "შეიგნეთ და დაინახეთ, რომ ბოროტებას გვიპირებს ეს კაცი, რადგან ხალხი გამომიგზავნა ჩემი ცოლებისა და ძეების, ჩემი ვერცხლისა და ოქროსთვის, მე კი უარი არ მითქვამს მისთვის”.
  8. 8
    მიუგო მთელმა უხუცესობამ და ხალხმა: "არც მოუსმინო და არც დაემორჩილო”.
  9. 9
    უპასუხა ბენ-ჰადადის მოციქულებს: "უთხარით მეფეს, ჩემს ბატონს: რაც პირველად შემომითვალე აღვასრულებ, ამ სიტყვის აღსრულება კი არ ძალმიძს!” წავიდნენ მოციქულები და მიიტანეს ეს სიტყვა.
  10. 10
    კვლავ გამოუგზავნა ბენ-ჰადადმა მოციქულნი ამ სიტყვებით: "ასე დამმართონ ღმერთებმა და უარესიც, თუ თითო მუჭი სამარიის მტვერი შეხვდეს ჩემს ხალხს, რომელიც მომყვება”.
  11. 11
    უპასუხა ისრაელის მეფემ: "ასე გადაეცით: აბჯრის ამსხმელი მეომარი ვერ იტრაბახებს ისე როგორც, აბჯრის შემხსნელი ბრძოლის შემდეგ”.
  12. 12
    ეს სიტყვა რომ მიუტანეს ბენ-ჰადადს, მეფეებთან ერთად სვამდა კარვებში. უთხრა თავის მსახურებს: "ალყაში მოაქციეთ”. და შემოადგნენ ქალაქს.
  13. 13
    აჰა, წინასწარმეტყველი მივიდა ახაბთან, ისრაელის მეფესთან და უთხრა: "ასე ამბობს უფალი: ხომ ხედავ ამ უამრავ ხალხს? აჰა, შენს ხელს ჩავუგდებ მას დღეს და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი!”
  14. 14
    ჰკითხა ახაბმა: "ვისი მეშვეობით?” უპასუხა: "ასე ამბობს უფალი: მხარეთა მთავრების მებრძოლთა მეშვეობით”. კვლავ ჰკითხა ახაბმა: "ვინ დაიწყოს ბრძოლა?” უპასუხა: "შენ დაიწყე!”
  15. 15
    აღრიცხა ახაბმა მხარეთა მთავრების მებრძოლნი; ორას ოცდათორმეტნი იყვნენ; შემდეგ მთელი ხალხი აღრიცხა, ყველა ისრაელიანი და იყო შვიდი ათასი.
  16. 16
    შუადღისას გამოვიდნენ, როცა თრობამდე სვამდა ბენ-ჰადადი კარავში, თავის თანამებრძოლ ოცდათორმეტ მეფესთან ერთად.
  17. 17
    ჯერ მხარეთა მთავრების მებრძოლნი გამოვიდნენ. გაგზავნა ბენ-ჰადადმა და მოახსენეს: "კაცები გამოვიდნენო სამარიიდან”.
  18. 18
    თქვა: "სამშვიდობოდ გამოვიდნენ თუ საომრად, ცოცხლად შეიპყარით”.
  19. 19
    გამოვიდნენ ქალაქიდან მხარეთა მთავრების მებრძოლნი და ლაშქარი, რომელიც უკან მოჰყვებოდათ.
  20. 20
    თითოეულმა თავისი მეტოქე დასცა ძირს; უკუიქცნენ არამელნი, დაედევნა ისრაელი. და ცხენზე შემჯდარმა უშველა თავს არამელთა მეფემ ბენ-ჰადადმა, მხედრებითურთ.
  21. 21
    გამოვიდა ისრაელის მეფე, შემუსრა ცხენები, ეტლები და მოსრა არამი.
  22. 22
    მივიდა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფესთან და უთხრა: "წადი, განიმტკიცე თავი და იფიქრე, რა უნდა გააკეთო, რადგან წლის თავზე, კვლავ გამოვა არამის მეფე შენს წინააღმდეგ”.
  23. 23
    და უთხრეს არამის მეფეს მისმა მსახურებმა: "მთების ღმერთია მათი ღმერთი, ამიტომ იყვნენ ჩვენზე ძლიერნი. თუ ველზე შევებრძოლებით, უცილობლად მათზე ძლიერნი ვიქნებით!
  24. 24
    ასე მოიქეცი: მოაცილე თავისი ადგილებიდან მეფენი და მათ ნაცვლად მხედართმთავარნი დაადგინე.
  25. 25
    აღადგინე ლაშქარი, რომელიც დაკარგე, ცხენი ცხენის წილ და ეტლი ეტლის წილ; ვიბრძოლებთ მათთან ვაკეზე და უცილობლად დავამარცხებთ”. შეისმინა მეფემ მათი ნათქვამი და ასე მოიქცა.
  26. 26
    წლის შემობრუნებისას აღრიცხა ბენ-ჰადადმა არამელნი და აფეკს ავიდა ისრაელთან საბრძოლველად.
  27. 27
    აღირიცხნენ ისრაელის ძენი, მომარაგდნენ სურსათითა და იარაღით და წავიდნენ მათთან შესახვედრად. თხის ორი პატარა ფარასავით დაბანაკდნენ მათ პირისპირ ისრაელის ძენი, არამელებმა კი აავსეს არემარე.
  28. 28
    მიუახლოვდა ღვთისკაცი და უთხრა ისრაელის მეფეს: "ასე ამბობსო უფალი: რადგან ასე თქვეს არამელებმა, მთათა ღმერთიაო უფალი და არა ველების ღმერთი! ხელში ჩაგიგდებ მთელ ამ დიდ ჯარს და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი!”
  29. 29
    შვიდი დღე იყვნენ ერთმანეთის პირისპირ დაბანაკებულნი, მეშვიდე დღეს გაიმართა ბრძოლა; არამელთა ასი ათასი ქვეითი შემუსრეს ისრაელის ძეებმა ერთ დღეში.
  30. 30
    აფეკში გაიქცნენ გადარჩენილნი, მაგრამ ზღუდე დაეცა დარჩენილ ოცდაშვიდ ათას კაცს, ბენ-ჰადადი კი ქალაქში შევიდა და შიდა სამალავში დაიმალა.
  31. 31
    უთხრეს მას მისმა მსახურებმა: "გვსმენია, რომ ისრაელის სახლის მეფენი მოწყალენი არიან. გთხოვთ, ნება მოგვცე, რომ ჯვალო შემოვიკრათ წელზე, საბელები დავიდოთ თავზე და გავალთ ისრაელის მეფესთან, ეგებ ვიხსნათ შენი სიცოცხლე”.
  32. 32
    ჯვალო შემოიკრეს წელზე, საბელები დაიდეს თავზე; მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: "შენმა მსახურმა, ბენ-ჰადადმა შემოგითვალა, გემუდარები, შემინარჩუნეო სიცოცხლე”. მიუგო: "ნუთუ ჯერ კიდევ ცოცხალია? ჩემი ძმაა იგი!”
  33. 33
    კეთილად ენიშნათ ეს იმ კაცებს, აიტაცეს მისი ნათქვამი და უთხრეს: "შენი ძმაა ბენ-ჰადადი!” ბრძანა: "წადით და მომიყვანეთ”. მაშინ გამოვიდა ბენ-ჰადადი და თავისთან, ეტლში აიყვანა ის ახაბმა.
  34. 34
    მიუგო ბენ-ჰადადმა ახაბს: "ქალაქებს, მამაჩემმა რომ წაართვა მამაშენს, დაგიბრუნებ და საბაზრო მოედნებიც გაიკეთე დამასკოში, როგორც მამაჩემმა - სამარიაში”. უთხრა ახაბმა: "ამ პირობით გაგიშვებ”. აღთქმა დაადებინა და გაუშვა.
  35. 35
    ერთმა კაცმა, წინასწარმეტყველთა ძეთაგან, უფლის სიტყვით უთხრა თავის მეგობარს: "გთხოვ, მცემე!” მაგრამ არ ინება კაცმა მისი ცემა.
  36. 36
    უთხრა: "რადგან არ ისმინე უფლის ხმა, აჰა, წახვალ ჩემგან და ლომი მოგკლავს”. როგორც კი წავიდა მისგან, შემოხვდა ლომი და მოკლა.
  37. 37
    ახლა სხვა კაცი ნახა და უთხრა: "გთხოვ, მცემე!” სცემა იმ კაცმა და დაასისხლიანა.
  38. 38
    წავიდა წინასწარმეტყველი, დადგა გზაზე და დაელოდა მეფეს, თვალები საბურველით ჰქონდა დაფარული.
  39. 39
    მეფემ რომ გამოიარა, შეჰღაღადა და უთხრა: "ბრძოლის ველზე გამოვიდა შენი მსახური და აჰა, ვიღაც უცნობმა კაცი მომიყვანა და მითხრა: უდარაჯეო ამ კაცს; თუ დაგეკარგება, შენი სული იქნება მისი სულის წილ, ან ტალანტი ვერცხლი უნდა მომიწონოო მისთვის.
  40. 40
    სანამ საქმიანობდა შენი მსახური, გაქრა ის კაცი”. მიუგო ისრაელის მეფემ: "თვითონვე გამოგიტანია შენი თავისთვის განაჩენი”.
  41. 41
    მყისვე მოიხსნა საბურველი თვალთაგან და იცნო ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველი.
  42. 42
    უთხრა მეფეს: "ასე ამბობს უფალი, რადგან ხელიდან გაუშვი ჩემს მიერ სასიკვდილოდ განწესებული კაცი, შენი სიცოცხლე იქნება მისი სიცოცხლის წილ და შენი ხალხი - მისი ხალხის წილ”.
  43. 43
    დაღონებული და შეშფოთებული გაბრუნდა სახლში ისრაელის მეფე და მივიდა სამარიას.
იტვირთება შემდეგი თავი