3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 21

  1. 1
    ამ ამბების მერე იყო: იზრეყელელ ნაბოთს ვენახი ჰქონდა იზრეყელში, სამარიის მეფის, ახაბის სასახლის გვერდით.
  2. 2
    ელაპარაკა ახაბი ნაბოთს და უთხრა: "მომეცი შენი ვენახი, ბაღ-ბოსტნად მექნება, რადგან ჩემი სახლის გვერდითაა; სანაცვლოდ უკეთეს ვენახს მოგცემ, ან თუ გინდა, საფასურს ფულად გადაგიხდი”.
  3. 3
    უთხრა ნაბოთმა: "უფალმა დამიფაროს, რომ ჩემი მამების სამკვიდრო მოგცე!”
  4. 4
    მივიდა ახაბი სახლში დაღვრემილი და შეწუხებული იმ სიტყვების გამო, რაც უთხრა ნაბოთ იზრეყელელმა: "არ მოგცემო ჩემი მამების სამკვიდროს”. ჩაწვა საწოლში და კედლისკენ იბრუნა პირი; პურიც არ უჭამია.
  5. 5
    შევიდა მასთან მისი ცოლი იეზებელი და უთხრა: "ასე რამ დაგინაღვლიანა სული, პურსაც რომ არა ჭამ?”
  6. 6
    უთხრა: "ველაპარაკე ნაბოთ იზრეყელელს, ვუთხარი: მომეცი შენი ვენახი ფულის ფასად, ანდა, თუ გინდა, სანაცვლოდ სხვა ვენახს მოგცემ-მეთქი, მან კი უარი მითხრა: არ მოგცემო ჩემს ვენახს!
  7. 7
    უთხრა მას იეზებელმა, მისმა ცოლმა: "განა ისრაელის მეფე არა ხარ? ადექი, პური ჭამე და იმხიარულე; მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს”.
  8. 8
    წერილები დაწერა იეზებელმა ახაბის სახელით, მისი ბეჭდით დაბეჭდა და დაუგზავნა უხუცესებს და წარჩინებულთ, ნაბოთთან რომ ცხოვრობდნენ მის ქალაქში.
  9. 9
    ასე ჩაწერა წერილებში: "გამოაცხადეთ მარხვა და ნაბოთი ხალხის თავში დასვით.
  10. 10
    წინ ორი უღირსი კაცი დაუსვით, რომ ცილი დასწამონ და უთხრან: ‘შენ იყავი, რომ სწყევლიდი ღმერთსა და მეფესო; მერე გაიყვანეთ და ჩაქოლეთ, რომ მოკვდეს”.
  11. 11
    ისე მოიქცნენ იმ ქალაქის კაცები, უხუცესები და წარჩინებულები, იმ ქალაქის მკვიდრნი, როგორც შეუთვალა იეზებელმა, როგორც ეწერა წერილებში, მათთვის რომ ჰქონდა დაგზავნილი.
  12. 12
    გამოაცხადეს მარხვა და დასვეს ნაბოთი ხალხის თავში.
  13. 13
    მოვიდა ორი უღირსი კაცი და წინ დაუჯდა. ცილი დასწამეს ამ უღირსებმა ნაბოთს ხალხის წინაშე, ამბობდნენ: "დასწყევლა ნაბოთმა ღმერთი და მეფეო”. გაიყვანეს ქალაქის გარეთ, ქვებით ჩაქოლეს და მოკვდა.
  14. 14
    გაგზავნეს იეზებელთან და შეუთვალეს: "ჩაიქოლა ნაბოთი და მოკვდა”.
  15. 15
    როცა გაიგო იეზებელმა რომ ჩაიქოლა ნაბოთი და მოკვდა, უთხრა ახაბს: "ადექი და დაეპატრონე ნაბოთ იზრეყელელის ვენახს, რომელმაც უარი გითხრა დათმობაზე, რადგან აღარ არის ცოცხალი, მკვდარია”.
  16. 16
    როცა გაიგო ახაბმა, რომ მოკვდა ნაბოთი, ადგა, რომ ჩასულიყო ნაბოთ იზრეყელელის ვენახში და დაპატრონებოდა.
  17. 17
    უფლის სიტყვა გამოეცხადა ელია თიშბელს, უთხრა:
  18. 18
    "ადექი, წადი და შეხვდი ახაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის; აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად.
  19. 19
    ელაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი: კაცი მოკალი და მის ქონებას ეპატრონები. კიდევ ელაპარაკე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ”.
  20. 20
    უთხრა ახაბმა ელიას: "მიპოვე ჩემო მტერო?!” უთხრა ელიამ: "გიპოვე, რადგან უფლის თვალში ბოროტის საკეთებლად გაყიდე თავი.
  21. 21
    აჰა, ბოროტებას დაგათევ თავზე, მოვკვეთ შენს შემდგომს, ყველას, ვინც კი ჰყავს ახაბს კედელთან მიმშარდავი, როგორც მონას, ისე თავისუფალს, ისრაელში!
  22. 22
    ისე მოვექცევი შენს სახლს, როგორც იერობყამ ნებატის ძის სახლს და ბაყაშა ახიას ძის სახლს მოვექეცი, იმის გამო, რომ განმარისხე, რომ ცოდვაში შეიყვანე ისრაელი”.
  23. 23
    იეზებელზეც ილაპარაკა უფალმა, თქვა: "ძაღლები შეჭამენ იეზებელს იზრეყელის გალავანთან.
  24. 24
    ვინც ქალაქში მოუკვდება ახაბს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც მინდორში მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან”.
  25. 25
    ჯერ არავინ ყოფილა, რომ ახაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც იეზებელი, მისი ცოლი აქეზებდა.
  26. 26
    დიდი სიბილწე იყო, რომ გაჰყვა კერპების კვალს და მიბაძა ამორელთ, რომლებიც ისრაელის თვალწინ განდევნა უფალმა”.
  27. 27
    როცა მოისმინა ახაბმა ეს სიტყვები, შემოიხია სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. მარხულობდა, ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა.
  28. 28
    გამოეცხადა უფლის სიტყვა ელია თიშბიელს, უთხრა:
  29. 29
    "ხედავ, როგორ დაიმდაბლა ახაბმა თავი ჩემ წინაშე? იმის გამო, რომ ასე დაიმდაბლა თავი ჩემ წინაშე, არ დავათევ ბოროტებას მის სიცოცხლეში, მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ ბოროტებას მის სახლს”.
იტვირთება შემდეგი თავი