3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 22

  1. 1
    სამ წელს არ უომიათ ერთმანეთთან არამსა და ისრაელს.
  2. 2
    მესამე წელს ჩამოვიდა იოშაფატი, იუდას მეფე, ისრაელის მეფესთან.
  3. 3
    უთხრა ისრაელის მეფემ თავის მსახურთ: "ნუთუ არ იცით, რომ ჩვენია გილყადის რამოთი? ჩვენ კი არ ვზრუნავთ, რომ გამოვაცალოთ იგი არამელთა მეფეს ხელიდან”.
  4. 4
    ჰკითხა იოშაფატს: "წამოგვყვები გილყადის რამოთს საბრძოლველად?” უპასუხა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: "ერთი ვართ მე და შენ; ჩემი ხალხი - შენი ხალხია, ჩემი ცხენები - შენი ცხენებია,
  5. 5
    მაგრამ გთხოვ - უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს - ჯერ უფლის სიტყვას დაეკითხე”.
  6. 6
    შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი, ოთხასამდე კაცი, და ჰკითხა მათ: "წავიდე გილყადის რამოთზე საბრძოლველად, თუ დავთმო?” უთხრეს: "წადი და ხელში ჩაუგდებს მეფეს უფალი”.
  7. 7
    თქვა იოშაფატმა: "ნუთუ არაა აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ?”
  8. 8
    მიუგო ისრაელის მეფემ იოშაფატს: "არის კიდევ ერთი კაცი, მიქა იმლას ძე. შეგვიძლია მას ვაკითხვინოთ უფლისთვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ ბოროტს. უთხრა იოშაფატმა: "ასე ნუ ამბობ, მეფეო”.
  9. 9
    მოუხმო ისრაელის მეფემ ერთ საჭურისს და უბრძანა: "სასწრაფოდ მომიყვანე მიქა იმლას ძე”.
  10. 10
    თავ-თავის ტახტებზე ისხდნენ ისრაელის მეფე და იუდას მეფე, იოშაფატი; სამეფო ტანსაცმელში გამოწყობილნი, კალოზე, სამარიის კარიბჭესთან; და მათ წინაშე წინასწარმეტყველებდნენ წინასწარმეტყველნი.
  11. 11
    რკინის რქები გაიკეთა ციდკია ქენაყანის ძემ და თქვა: "ასე ამბობს უფალი: ამით ურქენ არამელთ, სანამ ბოლომდე არ მოსპობ”.
  12. 12
    ყოველი წინასწარმეტყველი ასე წინასწარმეტყველებდა: "გაილაშქრე გილყადის რამოთზე, გაიმარჯვებ და ხელში ჩაუგდებს მეფეს უფალი”.
  13. 13
    მოციქულმა, რომელიც მიქას მოსახმობად წავიდა, უთხრა: "აჰა, წინასწარმეტყველნი, როგორც ერთი ისე წინასწარმეტყველებენ, ყველანი გამარჯვებას და კეთილს უქადიან მეფეს; შენი სიტყვაც მათი სიტყვისამებრ იყოს, შენც სასიკეთოდ ელაპარაკე”.
  14. 14
    მიუგო მიქამ: "ცოცხალია უფალი, რასაც მეტყვის უფალი, იმას ვილაპარაკებ!”
  15. 15
    მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: "მიქა, წავიდეთ გილყადის რამოთზე საბრძოლველად, თუ დავთმოთ?” მიუგო მიქამ: "წადი და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს მას უფალი”.
  16. 16
    უთხრა მას მეფემ: "რამდენჯერ დაგაფიცო, რომ არაფერი მითხრა უფლის სახელით, გარდა ჭეშმარიტებისა?”
  17. 17
    მიუგო მიქამ: "ფარასავით მთებზე გაბნეული ვნახე მთელი ისრაელი, რომელსაც მწყემსი არ ჰყავდა. თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაუბრუნდეს თავის სახლს ყოველი”.
  18. 18
    უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: "აკი გითხარი, არ მიწინასწარმეტყველებს-მეთქი სასიკეთოს, არამედ მხოლოდ ბოროტს”.
  19. 19
    თქვა მიქამ: "ახლა, ისმინე უფლის სიტყვა! ვიხილე თავის ტახტზე მჯდომი უფალი და ცის მთელი ლაშქარი მასთან მდგომი, მის მარჯვნივ და მის მარცხნივ.
  20. 20
    თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს ახაბს, რომ წავიდეს და დაეცეს გილყადის რამოთში? ზოგმა ის თქვა, ზოგმა - ეს.
  21. 21
    გამოვიდა სული, დადგა უფლის წინაშე და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: როგორ?
  22. 22
    უპასუხა: გავალ და მაცდურ სულად ვიქცევი მისი ყოველი წინასწარმეტყველის პირში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და გამოგივა კიდეც; წადი და ასე მოიქეცი.
  23. 23
    და აჰა, სიცრუის სული ჩაუდო უფალმა ბაგეში ყველა შენს წინასწარმეტყველს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე”.
  24. 24
    მივიდა ციდკია ქენაყანის ძე, სახეში გაარტყა მიქას და უთხრა: "როგორ, ნუთუ ჩემგან განვიდა უფლის სული, რომ შენში ელაპარაკა?”
  25. 25
    უთხრა მიქამ: "თვითონ დაინახავ იმ დღეს, როცა სამალავს დაუწყებ ძებნას”.
  26. 26
    მაშინ ბრძანა ისრაელის მეფემ: "წაიყვანეთ მიქა და ქალაქისთავ ამონსა და უფლისწულ იოაშს მიუყვანეთ.
  27. 27
    უთხარით, ასე თქვა-თქო მეფემ: საპყრობილეში ჩასვით და ძღომამდე არ აჭამოთ პური და არ ასვათ წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე”.
  28. 28
    უთხრა მიქამ მეფეს: "თუ მშვიდობით დაბრუნდები, უფალს არ ულაპარაკია ჩემი პირით”. და კიდევ თქვა: "ხალხნო, მისმინეთ ყველამ?”
  29. 29
    წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატი, იუდას მეფე და გილყადის რამოთზე გაილაშქრეს.
  30. 30
    უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: "შევინიღბები და ისე გავალ საბრძოლველად; შენ კი შენი მოსასხამი მოიცვი”. გადაცმული ჩაება ისრაელის მეფე ბრძოლაში.
  31. 31
    ასე უბრძანა არამის მეფემ თავისი ეტლების ოცდათორმეტ მხედართმთავარს: "ნურც დიდს შეებრძოლებით და ნურც პატარას, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეუტიეთ”.
  32. 32
    როცა დაინახეს ეტლების მხედართმთავრებმა იოშაფატი, იფიქრეს, ნამდვილად ისრაელის მეფეაო და მისკენ მიბრუნდნენ საომრად; და შეჰყვირა იოშაფატმა.
  33. 33
    დაინახეს ეტლების მხედართმთავრებმა, რომ არ იყო ისრაელის მეფე და შეწყვიტეს მისი დევნა.
  34. 34
    ალალბედზე მოზიდა ერთმა კაცმა მშვილდი და აბჯრის ნაწიბურებს შორის დალახვრა ისრაელის მეფე. უთხრა ახაბმა თავის მეეტლეს: "მობრუნდი და გამიყვანე ბრძოლის ველიდან, ვინაიდან დაჭრილი ვარ”.
  35. 35
    გახურდა იმ დღეს ბრძოლა; ეტლში მოუწია მეფეს დგომა არამელთა პირისპირ და მოკვდა საღამოს, რადგან სისხლი სდიოდა ჭრილობიდან.
  36. 36
    მზის ჩასვლისას ასეთი ხმა დაირხა ბანაკში: "თითოეული თავის ქალაქს და თითოეული თავის ქვეყანას დაუბრუნდეს!”
  37. 37
    მოკვდა მეფე, გადაასვენეს სამარიაში და იქ დაკრძალეს.
  38. 38
    გარეცხეს ეტლი სამარიის აუზთან, სადაც მეძავებიც ბანაობდნენ და ძაღლები ლოკავდნენ მის სისხლს უფლის სიტყვისამებრ.
  39. 39
    ახაბის დანარჩენი საქმენი და ყოველივე, რაც გააკეთა, სპილოს ძვლის სახლი და ყველა ქალაქი, რომელიც ააშენა, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
  40. 40
    მიიძინა ახაბმა თავის მამებთან, მის ნაცვლად კი მისი ძე, ახაზია გამეფდა.
  41. 41
    იოშაფატ ასას ძე იუდაზე ისრაელის მეფის, ახაბის მეფობის მეოთხე წელს გამეფდა.
  42. 42
    ოცდათხუთმეტი წლისა იყო თავისი გამეფებისას იოშაფატი და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო ყაზუბა, შილხის ასული.
  43. 43
    მამამისის, ასას გზით დადიოდა იოშაფატი, არ განშორებია მას და მართებულად იქცეოდა უფლის თვალში. თუმცა მაღლობები არ გაუუქმებია, და ხალხი ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა და აკმევდა.
  44. 44
    მშვიდობა დაამყარა იოშაფატმა ისრაელის მეფესთან.
  45. 45
    იოშაფატის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც აღასრულა და მისი ბრძოლები, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
  46. 46
    საკერპოთა მეძავი კაცები კი, რომლებიც მამამისის, ასას დღეებიდან შემორჩა, ამოძირკვა ქვეყნიდან.
  47. 47
    მეფე არ იყო მაშინ ედომში; იუდას მეფისნაცვალი მმართველობდა.
  48. 48
    ათი სავაჭრო ხომალდი ააგო იოშაფატმა, ოფირიდან ოქროს შემოსაზიდად, მაგრამ ვერ ჩააღწიეს, რადგან დაიმსხვრნენ ყეციონ-გებერში.
  49. 49
    მაშინ უთხრა ახაზიამ, ახაბის ძემ, იოშაფატს: ერთად ინაოსნონ ჩემმა და შენმა მსახურებმა გემებზე, მაგრამ არ ინება იოშაფატმა.
  50. 50
    მიიძინა იოშაფატმა თავის მამებთან და მათთანვე დაიკრძალა მამამისის, დავითის ქალაქში, მის ნაცვლად კი მისი ძე, იორამი გამეფდა.
  51. 51
    სამარიაში კი ახაზია, ახაბის ძე გამეფდა ისრაელზე, იოშაფატის იუდაზე გამეფების მეჩვიდმეტე წელს და ორ წელიწადს მეფობდა ისრაელზე.
  52. 52
    ბოროტს სჩადიოდა უფლის თვალში, თავისი დედ-მამისა და იერობყამ ნებატის ძის გზით დადიოდა, რომლებმაც აცდუნეს ისრაელი.
  53. 53
    ემსახურებოდა ბაყალს და თაყვანს სცემდა. და ანრისხებდა უფალს, ისრაელის ღმერთს ყველა იმ საქმით, რასაც მამამისი აკეთებდა.