3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 7

  1. 1
    ცამეტი წლის განმავლობაში აშენებდა სოლომონი თავის სახლს და მთლიანად დაასრულა იგი.
  2. 2
    ლიბანის ტყიდან მოტანილი ხისგან ააშენა სახლი, სიგრძით ასი წყრთა, სიგანით - ორმოცდაათი და სიმაღლით - ოცდაათი; ოთხ წყება კედარის სვეტებზე იყო შედგმული, კედარისავე ძელები იყო გადებული კედარის სვეტებზე.
  3. 3
    კედარით იყო გადახურული დარბაზი, ორმოცდახუთ სვეტზე შედგმული, თხუთმეტი სვეტი იდგა თითო რიგში.
  4. 4
    სამ რიგად იყო სარკმლის ჩარჩოები და სამ წყებად იყო სარკმელები, ერთმანეთის პირდაპირ.
  5. 5
    ყველა კარსა და წირთხლს ოთხი კუთხე ჰქონდა, სარკმელები კი ერთმანეთის პირდაპირ იყო სამ მწკრივად.
  6. 6
    სვეტებიანი დარბაზი გააკეთა; სიგრძეში ორმოცდაათი წყრთა იყო, სიგანეში - ოცდაათი, მის წინ სხვა დარბაზი იყო სვეტებით და ზღურბლი მათ წინ.
  7. 7
    სატახტო დარბაზი გააკეთა, სადაც მსჯავრი უნდა გამოეტანა; სამსჯავრო დარბაზის მთელი იატაკი და ჭერი კედარით დაფარა.
  8. 8
    მეორე ეზო ჰქონდა სახლს, დარბაზის უკან, სადაც სოლომონი ცხოვრობდა და ასევე იყო აგებული საცხოვრებელი სახლი ფარაონის ასულისთვის, რომელიც ცოლად მოიყვანა სოლომონმა.
  9. 9
    ეს ყველაფერი ზომაზე გათლილი, დახერხილი ძვირფასი ქვებისგან გაკეთდა, როგორც შიგნით, ასევე გარეთ, საძირკვლიდან თხემამდე და მთელი ნაგებობა დიდ ეზომდე.
  10. 10
    საძირკვლად ძვირფასი ქვები ედო, დიდი ქვები, ათწყრთიანი და რვაწყრთიანი ქვები;
  11. 11
    ხოლო ზემოთ ზომაზე გამოთლილი ძვირფასი ქვები და კედარი;
  12. 12
    დიდი ეზო ირგვლივ სამი წყება თლილი ქვითა და ერთი წყება კედარის ძელით იყო შემოზღუდული; ასევე იყო მოპირკეთებული უფლის სახლის შიდა ეზო და სახლის დარბაზიც.
  13. 13
    კაცი გაგზავნა მეფე სოლომონმა და მოაყვანინა ცორიდან ხირამი.
  14. 14
    ნაფთალის ტომელი ქვრივი ქალის ძე იყო, მამამისი კი ცორელი იყო - სპილენძის ოსტატი. სიბრძნით, გონებითა და ცოდნით იყო აღვსილი ხირამი, სპილენძის ყველა ნაკეთობის საკეთებლად. მივიდა მეფე სოლომონთან და ყველა სამუშაო შეუსრულა.
  15. 15
    სპილენძის ორი სვეტი გამოსახა: თითო სვეტის სიმაღლე თვრამეტი წყრთა იყო და თორმეტი წყრთის ზონარი სწვდებოდა გარშემო ორივე სვეტს ცალ-ცალკე.
  16. 16
    ორი სპილენძის გვირგვინი გამოსახა სვეტების თავზე დასადგმელად; ერთი გვირგვინის სიმაღლეც ხუთი წყრთა იყო და მეორე გვირგვინისაც.
  17. 17
    სვეტის თავზე დასადგმელ გვირგვინებს დაწნული ბადეები და ძეწკვისებური ჯინჯილები გაუკეთა: შვიდი - ერთ გვირგვინს და შვიდი მეორეს.
  18. 18
    გააკეთა სვეტები და ირგვლივ ბადეები შემოავლო, რათა თითოეულ თხემზე არსებული გვირგვინი ორ რიგად შემოვლებული ბროწეულებით დაეფარა.
  19. 19
    დარბაზის სვეტების გვირგვინებს შროშანის ფორმა ჰქონდა და ოთხი წყრთის სიმაღლის იყო.
  20. 20
    ორ სვეტზე შედგმულ გვირგვინებს ორასი ბროწეული ჰქონდა ორ რიგად შემოვლებული, ზემოთ, მომრგვალებულ ზედაპირზე, რომელიც ბადის მხარეს იყო.
  21. 21
    სვეტები აღმართა ტაძრის დარბაზში; აღმართა მარჯვენა სვეტი და უწოდა სახელად იაქინი, აღმართა მარცხენა სვეტი და უწოდა სახელად ბოყაზი.
  22. 22
    სვეტის თავებზე შროშანები გამოსახა და დასრულდა სვეტების სამუშაო.
  23. 23
    ჩამოასხა სპილენძის ზღვა, ერთი კიდიდან მეორე კიდემდე ათი წყრთა იყო, სრულიად მრგვალი, სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ზონარი სწვდებოდა ირგვლივ.
  24. 24
    ირგვლივ, კიდის ქვემოთ, კიტრის ჩუქურთმები ჰქონდა შემოვლებული, ათ-ათი თითო წყრთაზე და ორ რიგად ევლებოდა ზღვას. კიტრები, ზღვასთან ერთად იყო ჩამოსხმული.
  25. 25
    თორმეტ ხარზე იყო შედგმული: სამი ჩრდილოეთს უმზერდა, სამი - დასავლეთს, სამი - სამხრეთს და სამიც - აღმოსავლეთს; ზღვა ზედ ედგათ და მთელი უკანა მხარე შიგნით ჰქონდათ მიქცეული.
  26. 26
    სისქე ერთი მტკაველი ჰქონდა - მისი კიდეები თასის კიდესავით იყო გაკეთებული და აყვავებულ შროშანს ჰგავდა. ორი ათას ბათს იტევდა.
  27. 27
    გააკეთა სპილენძის ათი კვარცხლბეკი: თითოეული კვარცხლბეკის სიგრძე ოთხი წყრთა იყო, სიგანე ოთხი წყრთა, სიმაღლე სამი წყრთა.
  28. 28
    ამგვარად იყო გაკეთებული კვარცხლბეკი: დაფები ჰქონდათ, ჩარჩოში ჩასმული.
  29. 29
    ჩარჩოებში ჩასმულ დაფებზე: ლომები, ხარები და ქერუბები იყო გამოსახული; ასევე ჩარჩოებზე ლომებსა და ხარებს ზემოთ და ქვემოთ - დაშვებული ყვავილწნულები.
  30. 30
    სპილენძის ოთხ-ოთხი ბორბალი და სპილენძის ღერძები ჰქონდა თითო კვარცხლბეკს, მის ოთხივე კუთხეზე იყო შვერილები. საბანელის ქვეშაც შვერილები იყო, ხოლო ყოველ გვერდზე - ყვავილწნულები.
  31. 31
    მისი ღიობი შიდა გვირგვინიდან მაღლითამდე ერთი წყრთა იყო; ღიობი მრგვალი იყო, როგორც კვარცხლბეკი - წყრთანახევარი. ჩუქურთმები იყო ღიობზე. ოთხკუთხედი იყო მისი კედლები, არა მრგვალი.
  32. 32
    ოთხი ბორბალი იყო კედლებს ქვემოთ და ბორბლების ღერძები კვარცხლბეკზე იყო დამაგრებული; თითო ბორბლის სიმაღლე ერთ-ნახევარი წყრთა.
  33. 33
    ბორბლები ეტლის ბორბლებივით იყო გაკეთებული; მათი ღერძები, სალტეები, მანები და მორგვები სულ ჩამოსხმული სპილენძისა იყო.
  34. 34
    ოთხი შვერილი ჰქონდა თითოეული კვარცხლბეკის ოთხსავე კუთხეს, კვარცხლბეკთან ერთად იყო ჩამოსხმული.
  35. 35
    კვარცხლბეკს თავზე ნახევარი წყრთის სიმაღლის მრგვალი სადგამი ჰქონდა. კვარცხლბეკის სახელურები და კედლები მისივე მასალისგან იყო.
  36. 36
    ამოკვეთა სახელურების დაფებზე და კედლებზე ქერუბები, ლომები და პალმები ერთმანეთის დაშორებით, ირგვლივ ყვავილწნულები.
  37. 37
    ასეთი სახის ათი კვარცხლბეკი გააკეთა: ყველა ერთიანად იყო ჩამოსხმული, ერთი ზომა ჰქონდა, ერთი სახე.
  38. 38
    გააკეთა სპილენძის ათი საბანელი: ორმოც ბათს იტევდა თითოეული საბანელი, ოთხი წყრთა იყო თითოეული მათგანი; იმ ათი საბანელიდან თითოეული ერთ კვარცხლბეკზე იდგა.
  39. 39
    ხუთი კვარცხლბეკი სახლის მარჯვენა მხარეს დადგა, ხუთი სახლის მარცხენა მხარეს, ზღვა სახლის მარჯვენა მხარეს დადგა, სამხრეთ-აღმოსავლეთით.
  40. 40
    გააკეთა ხირამმა საბანელნი, აქანდაზები და სასხურებლები. და დაასრულა ხირამმა ყველა სამუშაო, რომელიც სოლომონს ჰქონდა დავალებული უფლის სახლისთვის.
  41. 41
    ორი სვეტი და სვეტების თავზე შემდგარი ორი ფიალის ფორმის გვირგვინი, ორი ბადე სვეტებზე შედგმული ფიალის ფორმის გვირგვინთა დასაფარად;
  42. 42
    ოთხასი ბროწეული ორი ბადისთვის: ბროწეულების ორი რიგი თითოეულ ბადეს სვეტებზე შედ­გმული გვირგვინების ორი ფიალის დასაფარად;
  43. 43
    ათი კვარცხლბეკი და ათ კვარცხლბეკზე შემდგარი ათი საბანელი;
  44. 44
    ერთი ზღვა და თორმეტი ხარი ზღვის ქვეშ;
  45. 45
    ქვაბები, აქანდაზები და სასხურებლები. ყველა ეს ჭურჭელი, რომლებიც მეფე სოლომონის დავალებით გააკეთა უფლის სახლისთვის ხირამმა, გაპრიალებული სპილენძისა იყო.
  46. 46
    იორდანეს მხარეში ჩამოასხა ისინი მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოთსა და ცართანს შორის.
  47. 47
    არ აუწონია ჭურჭელი სოლომონს, რადგან ფრიად მრავალი იყო. დიდი სიმრავლის გამო ვერ გაირკვა სპილენძის წონა.
  48. 48
    გააკეთა სოლომონმა უფლის სახლისთვის განკუთვნილი ყოვე­ლი ჭურჭელი: ოქროს სამსხვერპლო და ოქროს ტაბლა, რო­მელზეც საწინაშეო პური ეწყო;
  49. 49
    სუფთა ოქროს სასანთლეები: ხუთი მარჯვენა მხარეს და ხუთი მარცხენა მხარეს, შიდა საწმიდრის წინ, ყვავილებით, ლამპრებით და ოქროს მაშებით.
  50. 50
    სუფთა ოქროს ფიალები, სა­კვეთები, სასხურებლები, კოვზები და საცეცხლურები; და ოქროსავე ანჯამები შიდა სახლის კარისა და წმიდათა-წმიდის კარისთვ­ი­ს, ასევე ტაძარში შესასვლელი კარისთვის.
  51. 51
    და დასრულდა ყოველი სამუშაო, რაც უფლის სახლისთვის შეასრულა მეფე სოლომონმა. მოიტანა სოლომონმა დავითის, მამამისის მიერ მიძღვნილი ვერცხლი და ოქრო, ასევე ჭურჭელი და ერთად დადო უფლის ტაძრის საგანძურთან.
იტვირთება შემდეგი თავი