3 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 8
- 1მაშინ შემოიკრიბა მეფე სოლომონმა ისრაელის უხუცესნი, ყოველი ტომის მეთაური და ისრაელიანთა მამის სახლთა მთავარნი იერუსალიმში, რათა წამოეღოთ უფლის აღთქმის კიდობანი სიონიდან, დავითის ქალაქიდან.
- 2და შეიკრიბა მეფე სოლომონთან ყოველი ისრაელიანი ეთანიმის (მეშვიდე) თვეს, დღესასწაულზე.
- 3მოვიდა ისრაელის ყველა უხუცესი და ასწიეს კიდობანი მღვდლებმა.
- 4გამოიტანეს მღვდლებმა და ლევიანებმა უფლის კიდობანი, საკრებულო კარავი და ყოველი წმიდა ჭურჭელი, რომელიც იყო კარავში. მღვდლები და ლევიანნი ზიდავდნენ.
- 5ხოლო მეფე სოლომონი, ისრაელის მთელ თემთან ერთად მიუძღოდა წინ კიდობანს, უამრავ ცხვარსა და ხარს სწირავდნენ; ვერ დაითვლებოდა სიმრავლის გამო.
- 6და მიიტანეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თავის ადგილზე ტაძარში, წმიდათა წმიდა ადგილას ქერუბთა ფრთებქვეშ,
- 7ვინაიდან გაშლილი ჰქონდათ ფრთები ქერუბებს კიდობანზე და ზემოდან ფარავდნენ ქერუბები კიდობანსა და მის ლატნებს.
- 8გრძელი იყო ლატნები, საწმიდრიდან ჩანდა ლატანთა ბოლოები, დაბირის წინ, მაგრამ გარედან არ ჩანდა; დღემდე იქ არის იგი.
- 9არაფერი იყო კიდობანში, გარდა ქვის ორი დაფისა, რომლებიც მოსემ ჩააწყო ხორებში, როდესაც აღთქმა დაუდო უფალმა ისრაელის ძეებს ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას.
- 10და აჰა, როცა გამოდიოდნენ მღვდლები საწმიდრიდან, ღრუბელმა აავსო უფლის სახლი.
- 11და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა მსახურებისთვის დგომა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აავსო უფლის სახლი.
- 12მაშინ თქვა სოლომონმა: "თქვა უფალმა, რომ სქელ ღრუბელში დაივანებდა.
- 13ამაღლებული სახლი აგიშენე შენთვის სავანედ, საუკუნო სამკვიდრებლად”.
- 14მობრუნდა მეფე ხალხისკენ და აკურთხა ფეხზე მდგომი ისრაელის მთელი კრებული;
- 15თქვა: "კურთხეულია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს და ახლა თავისი ხელით აღასრულა ეს სიტყვები:
- 16იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელი, არ ამომირჩევია ქალაქი ისრაელის არც ერთ ტომში, სახლის ასაშენებლად და ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად, არამედ დავითი ამოვირჩიე ჩემი ხალხის, ისრაელის მმართველად.
- 17გულში ჰქონდა დავითს, მამაჩემს, სახლის აშენება, უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
- 18მაგრამ უთხრა უფალმა დავითს, მამაჩემს: გულში გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე.
- 19მაგრამ შენ არ ამიშენებ სახლს, არამედ შენი ძე, შენი წიაღიდან გამოსული ამიშენებს!
- 20და აღასრულა უფალმა თავისი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა, მე ვდგავარ მამაჩემის, დავითის მაგიერ და ვზივარ ისრაელის ტახტზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს და ავაშენე სახლი უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
- 21იქ დავუდგინე ადგილი კიდობანს, რომელშიც ჩვენი მამებისადმი დადებული უფლის აღთქმაა, ეგვიპტიდან მათი გამოყვანისას რომ აღუთქვა!”
- 22დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოსა და უფლის მთელი კრებულის წინაშე, ზეცისკენ აღაპყრო ხელები
- 23და თქვა: "უფალო, ღმერთო ისრაელისა! არავინაა შენი სადარი, ღმერთო, მაღლა ზეცაში თუ დაბლა დედამიწაზე, აღთქმას და სიკეთეს უნახავ შენს მსახურთ, ვინც მთელი გულით დადის შენ წინაშე.
- 24შენ აღუსრულე შენს მსახურს დავითს, მამაჩემს, რაც ნათქვამი გქონდა მისთვის; შენი პირით ელაპარაკე და შენივე ხელით აღუსრულე, რაც დღეს ხდება.
- 25ახლა კი, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შეუნახე დავითს, შენს მსახურს, მამაჩემს, რაც ნათქვამი გაქვს მისთვის: არ დაგელევაო ჩემ წინაშე ისრაელის ტახტზე მჯდომი კაცი, ოღონდ თუ დაიცავენ თავის გზებს შენი ძენი, რათა ისე იარონ ჩემ წინაშე, როგორც შენ დადიოდი ჩემ წინაშე.
- 26ახლა კი, ღმერთო ისრაელისა, შესრულდეს შენი სიტყვა, რომელიც შენს მსახურს, დავითს, მამაჩემს უთხარი!
- 27ნუთუ ნამდვილად დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე? აჰა, ცანი და ცანი ცათანი ვერ გიტევენ შენ, როგორღა დაგიტევს ეს სახლი, რომელიც მე ავაშენე?
- 28მაგრამ, მოხედე შენი მსახურის ლოცვასა და ვედრებას უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომელთაც შენი მსახური აღავლენს დღეს შენ წინაშე.
- 29თვალი გეჭიროს ამ სახლზე დღითა და ღამით, ადგილზე, რომელზეც თქვი: იქ იქნებაო ჩემი სახელი, იმ ლოცვის მოსასმენად, რომლითაც შენი მსახური ილოცებს ამ ადგილზე.
- 30მოისმინე ვედრება შენი მსახურისა და ხალხისა, ისრაელისა, როცა ილოცებენ ამ ადგილზე, მოისმინე შენი ზეციური სამყოფელიდან; მოისმინე და მოგვიტევე.
- 31თუ შესცოდავს კაცი თავის მოყვასს და მოითხოვს მისგან, რომ დაიფიცოს და მოვლენ შენი სამსხვერპლოსა და ამ სახლის წინაშე ფიცის აღსავლენად,
- 32მაშინ ზეციდან მოისმინე და სამართალი გაუჩინე შენს მსახურებს; მსჯავრი დასდე დამნაშავეს, რათა მასზევე მიაქციო მისი ცოდვა, მართალი კი გაამართლე, რათა თავისი სიმართლისამებრ მიაგო მას.
- 33როცა დამარცხდება შენი ხალხი, ისრაელი, მტრის წინაშე, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მაგრამ მობრუნდებიან შენკენ, აღიარებენ შენს სახელს, ილოცებენ და შემოგევედრებიან ამ სახლში;
- 34ზეციდან მოისმინე და აპატიე შეცოდება შენს ხალხს, ისრაელს, და დააბრუნე ისინი იმ ქვეყანაში, რომელიც მათი მამებისთვის გაქვს მიცემული.
- 35როცა დაიხშობა ზეცა და აღარ იქნება წვიმა, იმის გამო, რომ შემოგცოდეს; თუ ილოცებენ ამ ადგილზე, შენს სახელს აღიარებენ და მობრუნდებიან თავისი ცოდვებისგან, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,
- 36ზეციდან მოისმინე და შეუნდე შენს მსახურებს, შენს ხალხს, ისრაელს ცოდვა, დააყენე სასიკეთო გზაზე, რომელზეც უნდა იარონ და გამოუგზავნე წვიმა შენს მიწაზე, რომელიც შენი ხალხისთვის გაქვს მიცემული სამკვიდრებლად.
- 37შიმშილი იქნება ქვეყანაში, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, გუდაფშუტა, კალია თუ მატლი, მტერი შეაჭირვებს მას თავის მიწაზე და ქალაქებში, თუ რაიმე წყლული ან სენი,
- 38ყოველი ლოცვა და ვედრება, რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი, ისრაელი, რადგან თითოეულმა იცის თავისი გულის შეჭირვება და ამ სახლისკენ გამოიწვდის ხელებს,
- 39ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე, აპატიე და აღუსრულე და ყოველ კაცს მისი გზებისამებრ მიაგე, რადგან იცი მისი გული, რადგან შენ, მხოლოდ შენ იცნობ ყოველი კაცის გულს;
- 40რათა დღენიადაგ ეშინოდეთ შენი, სანამ ცხოვრობენ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი მამებისთვის გაქვს მიცემული.
- 41უცხოელიც, რომელიც არ იქნება შენი ხალხიდან, არ იქნება ისრაელიანი და შორეული ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო,
- 42ვინაიდან, გაგონილი ექნება შენი დიადი სახელის, ძლიერი ხელისა და გაწვდილი მკლავის ამბავი, მოვა და ილოცებს ამ სახლში,
- 43ზეციდან მოისმინე, შენი სამკვიდრებლიდან და აღუსრულე უცხოტომელს ყოველივე, რასაც შემოგავედრებს, რათა დედამიწის ყოველმა ხალხმა იცოდეს შენი სახელი, ეშინოდეთ შენი, როგორც შენ ხალხს, ისრაელს და გაიგონ რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, რომელიც ავაშენე.
- 44როცა მტრის წინააღმდეგ გავა საომრად შენი ხალხი, იმ გზით, რომლითაც შენ წარგზავნი მათ და ილოცებენ უფლისადმი შენი რჩეული ქალაქისა და იმ სახლისკენ პირმიქცეულნი, რომელიც მე ავაშენე შენს სახელზე.
- 45ზეციდან მოისმინე მათი ლოცვა-ვედრება და აღუსრულე მათ სამართალი.
- 46თუ შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს კაცი, რომ არ შესცოდოს, და განურისხდები, მტრის ხელში ჩააგდებ, რათა ტყვედ წაიყვანონ მტრის მიწაზე, შორს ან ახლოს.
- 47მაგრამ მოაქცევენ თავის გულებს იმ ქვეყანაში, სადაც ტყვედ იქნენ წაყვანილნი, მოგიბრუნდებიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში: შეგცოდეთ, ურჯულოება ჩავიდინეთ და ბოროტად მოვიქეცითო!
- 48მთელი გულითა და სულით მობრუნდებიან შენკენ მათი მტრების ქვეყანაში, სადაც ტყვედ წაასხეს და ილოცებენ შენკენ პირმოქცეულნი, იმ ქვეყნისკენ, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აირჩიე და იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,
- 49ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე მათი ლოცვა-ვედრება და აღუსრულე სამართალი.
- 50შეუნდე შენს ხალხს ყოველი დანაშაული და უმართლობა შენ წინაშე და წყალობა აპოვნინე თავის დამატყვევებელთა თვალში.
- 51რადგან შენი ხალხი და სამკვიდრებელი არიან ისინი, რომელიც ეგვიპტიდან, რკინის ბრძმედიდან გამოიყვანე.
- 52ღია გქონდეს თვალი შენი მსახურის ვედრების მიმართ და შენი ხალხის, ისრაელის ვედრების მიმართ, რომ გესმოდეს მათი, როცა კი შემოგღაღადებენ.
- 53რადგან შენ გამოარჩიე ისინი დედამიწის ყველა ხალხთაგან შენთვის სამკვიდრებლად, როგორც შენი მსახურის, მოსეს მეშვეობით გაქვს ნათქვამი, ეგვიპტიდან ჩვენი მამების გამოყვანისას, ღმერთო, უფალო!”
- 54და როგორც კი დაასრულა სოლომონმა ეს ლოცვა-ვედრება, ზეცისკენ ხელაპყრობილი წამოიმართა მუხლებიდან, რადგან უფლის სამსხვერპლოს წინაშე იყო დაჩოქილი.
- 55იდგა და მაღალი ხმით აკურთხებდა ისრაელის მთელ კრებულს ამ სიტყვებით:
- 56"კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მოასვენა თავისი ხალხი, ისრაელი, როგორც დაპირდა! ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი მისი სასიკეთო დანაპირებიდან, რომელიც თავისი მსახურის, მოსეს მეშვეობით წარმოთქვა.
- 57ისე იყოს ჩვენთან უფალი, ღმერთი ჩვენი, როგორც ჩვენს მამებთან იყო; ნუ დაგვტოვებს და ნუ მიგვატოვებს,
- 58თავისკენ მიიზიდოს ჩვენი გულები, რათა მის გზებზე ვიაროთ და ვიცავდეთ მის მცნებებს, წესდებებსა და სამართალს, რომელიც ამცნო ჩვენს მამებს.
- 59დაე სიტყვა ჩემი, რომელიც შევავედრე უფალს, დღისით და ღამით ახლოს იყოს უფალთან, ჩვენს ღმერთთან, რათა დღენიადაგ აღუსრულოს სამართალი თავის მსახურსა და ისრაელიან ხალხს.
- 60რათა შეიცნოს დედამიწის ყოველმა ხალხმა, რომ უფალია ღმერთი და სხვა არავინაა.
- 61ამიტომ სრულად იყოს თქვენი გული მიძღვნილი უფლისადმი, თქვენი ღმერთისადმი, რათა ცხოვრობდეთ მისი წესებით და იცავდეთ მის მცნებებს, როგორც დღეს!”
- 62და მსხვერპლი შესწირა უფალს მეფემ მთელ ისრაელთან ერთად.
- 63სამშვიდობო შესაწირი შესწირა უფალს სოლომონმა: ოცდაორი ათასი ხარი და ასოცი ათასი ცხვარი; აკურთხეს უფლის სახლი მეფემ და ყოველმა ისრაელიანმა.
- 64იმავე დღეს წმიდაჰყო მეფემ შიდა ეზო, რომელიც უფლის სახლის წინ იყო; იქ აღავლინა სრულადდასაწველი, პურეული ძღვენი და სამშვიდობო შესაწირთა ქონი, ვინაიდან ძალიან პატარა იყო სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც უფლის წინაშე იყო, სრულადდასაწველის, პურეული ძღვენისა და სამშვიდობო შესაწირთა ქონის დასატევად.
- 65დღესასწაულობდა სოლომონი და მასთან ერთად მთელი ისრაელი, დიდი კრებული - ხამათის მისადგომებიდან ეგვიპტის მდინარემდე - უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე: შვიდი დღე და შვიდი დღე, სულ თოთხმეტი დღე.
- 66მერვე დღეს გაუშვა ხალხი. აკურთხეს მეფე და წავიდნენ თავ-თავის კარვებში გახარებულნი და გულგახალისებულნი იმ სიკეთის გამო, რაც უყო უფალმა დავითს, თავის მსახურს და თავის ხალხს, ისრაელს.
იტვირთება შემდეგი თავი