1 პეტრეს წერილი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 5

  1. 1
    თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი, ქრისტეს ტანჯვის მოწმე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც გაცხადდება.
  2. 2
    მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისთვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.
  3. 3
    ნუ იბატონებთ ღმერთის სამკვიდროზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის.
  4. 4
    და როცა გამოჩნდება მწყემსმთავარი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.
  5. 5
    ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
  6. 6
    მაშ, დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ თქვენ.
  7. 7
    თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.
  8. 8
    იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.
  9. 9
    წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი ტანჯვანი თქვენს ძმებსაც ხვდებათ ქვეყნიერებაზე.
  10. 10
    ხოლო ყოველგვარი მადლის ღმერთი, რომელმაც თავისი საუკუნო დიდებისკენ მოგვიწოდა ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ.
  11. 11
    დიდება და ძლიერება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
  12. 12
    ერთგულად მიჩნეული ძმის, სილოვანეს დახმარებით მოგწერეთ მცირე რამ, თქვენს შესაგონებლად და დასამოწმებლად, რომ ღმერთის ის მადლი, რომელშიც დგახართ, ჭეშმარიტია.
  13. 13
    მოკითხვას გითვლიან ბაბილონიდან თქვენთან ერთად რჩეულნი და მარკოზი, ჩემი ძე.
  14. 14
    მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით. მშვიდობა ყველას, ვინც ქრისტეში ხართ. ამინ!