1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 10

  1. 1
    აიღო სამუელმა ზეთის ჭურჭელი, თავზე დაასხა საულს, აკოცა და უთხრა: "აჰა, თავისი სამკვიდროს მთავრად გცხო უფალმა.
  2. 2
    დღესვე, ჩემგან რომ წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის სამარხთან ცელცახში, ბენიამინის საზღვარზე. გეტყვიან: ნაპოვნია ვირები, რომელთა საძებრადაც წახვედი; აჰა, დაავიწყდა მამაშენს ვირები და შენზე დარდობს: რა ვიღონო ჩემი შვილისთვისო?
  3. 3
    გასცდები იმ ადგილს და თაბორის მუხნარამდე მიხვალ. იქ ბეთელისკენ ღმერთთან მიმავალ სამ კაცს შეხვდები. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, ხოლო მესამეს - ტიკით ღვინო.
  4. 4
    მოგესალმებიან და ორ პურს მოგცემენ; და შენც გამოართმევ.
  5. 5
    ამის შემდეგ ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია; ქალაქში შესვლისას, გორაკიდან ჩამომავალ წინასწარმეტყველთა გუნდს შეხვდები, რომელთაც ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით მიუძღვებიან წინ; თავად კი წინასწარმეტყველებენ.
  6. 6
    უფლის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად იწყებ წინასწარმეტყველებას; სხვა კაცად გარდაიქმნები.
  7. 7
    ამ ნიშნების შემდეგ, როგორც მოგიხდეს, ისე მოიქეცი, რადგან ღმერთი იქნება შენთან.
  8. 8
    ჩემზე წინ ჩადი გილგალში და მეც მალე მოვალ შენთან, რათა შევწირო სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. შვიდი დღე მელოდე, ვიდრე არ მოვალ შენთან და მე გეტყვი, როგორ უნდა მოიქცე”.
  9. 9
    როგორც კი გატრიალდა საული სამუელისგან, სხვა გული მისცა ღმერთმა; და ყველა ნიშანი აუხდა იმ დღეს.
  10. 10
    მივიდნენ გორაკთან და, აჰა, წინასწარმეტყველთა გუნდი მოდის მასთან შესახვედრად. გადმოვიდა მასზე უფლის სული და მათთან ერთად იწყო წინასწარმეტყველება.
  11. 11
    ყველა, ვინც მანამდე იცნობდა საულს, ხედავდა: აჰა, წინასწარმეტყველთა შორის წინასწარმეტყველებს იგი; ლაპარაკი გააბეს ერთმანეთში: "ეს რა დაემართა კიშის ძეს? ნუთუ საულიც წინასწარმეტყველთა შორისაა?”
  12. 12
    და თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: "ვინ არის მათი მამა?” ასე წარმოიშვა ანდაზა: "ნუთუ საულიც წინასწარმეტყველთა შორისააო?”
  13. 13
    შეწყვიტა წინასწარმეტყველება და ავიდა მაღლობზე.
  14. 14
    უთხრა საულის ბიძამ საულსა და მის მსახურს: "სად იყავით?” უპასუხა: "ვირებს ვეძებდით და რომ ვერ ვიპოვეთ, სამუელთან მივედით”.
  15. 15
    "რა გითხრათ სამუელმა?” - ჰკითხა საულს ბიძამ.
  16. 16
    მიუგო საულმა: "გვითხრა, ნაპოვნიაო ვირები”. არ გაუმხელია სიტყვა მეფობის შესახებ, რომელიც უთხრა სამუელმა.
  17. 17
    და დაუძახა სამუელმა ხალხს უფალთან მიცფაში.
  18. 18
    უთხრა ისრაელის ძეებს: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან. მე გიხსენით ეგვიპტელთა და ყველა სამეფოს ხელთაგან, რომელიც გავიწროვებდათ”.
  19. 19
    გიხსნათ ძნელბედობისა და გაჭირვებისას, თქვენ კი უარყოფთ თქვენს ღმერთს და ეუბნებით: "მეფე დაგვიდგინეო. აჰა, წარსდექით უფლის წინაშე, თქვენ-თქვენი ტომისა და სახლეულის მიხედვით”.
  20. 20
    სათითაოდ მოიახლოვა სამუელმა ისრაელის ყველა ტომი და ბენიამინის ტომს ხვდა წილი.
  21. 21
    მიიყვანა ბენიამინის ტომი სახლეულების მიხედვით და მატრის სახლს ხვდა წილი; მერე კი საულს, კიშის ძეს, ხვდა წილი. დაუწყეს ძებნა და ვერ იპოვეს;
  22. 22
    კვლავ დაეკითხნენ უფალს: "უკვე მოვიდა ის კაცი?” უთხრა უფალმა: "აჰა, აღალს არის ამოფარებული”.
  23. 23
    გაიქცნენ და წამოიყვანეს იქიდან. ჩადგა ხალხს შორის და ერთი თავით ყველაზე მაღალი გამოჩნდა.
  24. 24
    უთხრა სამუელმა მთელ ხალხს: "ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა, რადგან არავინაა მისი მსგავსი მთელ ხალხში”. შესძახა მთელმა ხალხმა და თქვა: "დღეგრძელი იყოს მეფე!”
  25. 25
    და გამოუცხადა სამუელმა მთელ ხალხს მეფის უფლებები, ჩაწერა წიგნში და დადო უფლის წინაშე. გაუშვა სამუელმა ხალხი და დაბრუნდა ყველა თავის სახლში.
  26. 26
    საულიც წავიდა თავის სახლისკენ, გიბყაში; და თან გაჰყვნენ ვაჟკაცები, რომელთა გულებსაც შეეხო ღმერთი.
  27. 27
    უღირსი ხალხი კი ამბობდა: როგორ გვიხსნისო ეგ კაცი? შეიძულეს, არც პატივი მიაგეს და არც ძღვენი მიართვეს. მას კი არაფერი უთქვამს.
იტვირთება შემდეგი თავი