1 მეფეთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 9

  1. 1
    იყო კაცი ბენიამინის ტომში, სახელად კიში, აბიელის ძე, ცერორის, ბეხორათის, ბენიამინელი აფიას შთამომავალი - პატივდებული და მამაცი კაცი.
  2. 2
    ჰყავდა ძე, სახელად საული, ახალგაზრდა და მშვენიერი კაცი; ისრაელის ძეთაგან მასზე უკეთესი არვინ იყო: ერთი თავით მაღალი იყო ხალხზე.
  3. 3
    ერთხელ ხრდალი ვირები დაეკარგა კიშს, საულის მამას და უთხრა საულს, თავის ძეს: "გაიყოლე ერთი მსახურთაგანი და წადი ვირების მოსაძებნად”.
  4. 4
    გადაიარა ეფრემის მთა, მოიარა შალიშას მიწა, მაგრამ ვერ იპოვეს; გაიარეს შაყალიმის ქვეყანა და ვერც იქ მიაგნეს; მოიარეს ბენიამინის მიწა და ვერ იპოვეს.
  5. 5
    მივიდნენ ცუფის მხარეში და უთხრა საულმა მსახურ ბიჭს, თან რომ ახლდა: "მოდი დავბრუნდეთ, რადგან დაივიწყებდა მამაჩემი ვირებს და ჩვენზე უფრო იდარდებს”.
  6. 6
    მიუგო მსახურმა: "აჰა, ღვთის კაცია ამ ქალაქში. პატივდებული კაცია: რასაც იტყვის, ყოველივე სრულდება. მოდი, მივიდეთ მასთან, იქნებ გვითხრას, რა გზას დავადგეთ”.
  7. 7
    უთხრა საულმა თავის მსახურს: "კარგი, წავიდეთ, მაგრამ რა მივართვათ იმ კაცს? პური გამოგველია ხურჯინში და არც სხვა საჩუქარი გვაქვს, რომ ღვთის კაცს მივუტანოთ; გვაქვს რამე?”
  8. 8
    ისევ მიუგო მსახურმა: "აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელთ, მივცემ ღვთის კაცს და გვაუწყებს ჩვენს გზას”.
  9. 9
    ძველად ისრაელში, როცა კაცი ღმერთთან კითხვით მიდიოდა, ასე ამბობდა: "მოდი, წავიდეთ მხილველთან”, რადგან ახლანდელ წინასწარმეტყველს მაშინ მხილველს უწოდებდნენ.
  10. 10
    უთხრა საულმა თავის მსახურს: "კეთილი, წავიდეთ”. და წავიდნენ იმ ქალაქისკენ, სადაც ეგულებოდათ ღვთის კაცი.
  11. 11
    ქალაქის აღმართს რომ შეუყვნენ, წყლის ამოსახაპად გამოსული ყმაწვილქალები შემოხვდათ. ჰკითხეს: "არის აქ სადმე მხილველი?”
  12. 12
    მიუგეს ყმაწვილქალებმა: "აქვეა ახლოში, ოღონდ იჩქარეთ, დღეს ამოვიდა ქალაქში, რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს ხალხს მაღლობზე.
  13. 13
    და როგორც კი შეხვალთ ქალაქში, მაშინვე მოიკითხეთ იგი, სანამ მაღლობზე არ ასულა საჭმელად; მის მისვლამდე არ შეჭამს ხალხი, რადგან მან უნდა აკურთხოს მსხვერპლი და მერე შეუდგებიან ჭამას წვეულნი. აჰა, ადით მაღლობზე და იპოვით”.
  14. 14
    ავიდნენ ქალაქში; კარიბჭეში რომ შედიოდნენ, აჰა, მაღლობისკენ მიმავალი სამუელი წამოვიდა მათ შესაგებებლად.
  15. 15
    ერთი დღით ადრე გაუმხილა უფალმა სამუელს საულის მოსვლა და უთხრა:
  16. 16
    "ხვალ ამ დროს მოგივლენ კაცს ბენიამინის მიწიდან და სცხე იგი ჩემი ხალხის, ისრაელის მთავრად; ის დაიხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთა ხელიდან, რადგან მოვხედე ჩემს ხალხს, როცა ჩემამდე მოაღწია მისმა ღაღადმა”.
  17. 17
    დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაუმოწმა: "აი, ის კაცი, რომელზეც გითხარი; ის იმეფებს ჩემს ხალხზე”.
  18. 18
    ჭიშკართან მიუახლოვდა საული სამუელს და უთხრა: "მითხარი, სად არის მხილველის სახლი?”
  19. 19
    მიუგო სამუელმა საულს და უთხრა: "მე ვარ მხილველი; წამიძეხი მაღლობზე. დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ, ხვალ განთიადისას კი გაგიშვებ და ყველაფერს გაგიცხადებ, რაც გულში გაქვს.
  20. 20
    ვირებზე კი, რომლებიც სამი დღეა, რაც დაკარგე, ნუ ინაღვლებ, რადგან უკვე ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელ სახლს?”
  21. 21
    მიუგო საულმა: "არა, მე ბენიამინელი ვარ, ისრაელის ყველაზე მცირერიცხოვანი ტომიდან; ჩემი საგვარეულო კი უმცირესია ბენიამინის საგვარეულოთა შორის. რისთვის მეუბნები ამას?”
  22. 22
    წაიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური. შეიყვანა დარბაზში და დასვა ოცდაათი წვეულის სათავეში.
  23. 23
    უთხრა სამუელმა მზარეულს: "მომეცი ის ხორცის ნაჭერი, რომელიც მოგეცი და რომელზეც გითხარი, გადაინახე-მეთქი”.
  24. 24
    აიღო მზარეულმა ბეჭი და წინ დაუდო საულს. თქვა სამუელმა: "აი, რაც მორჩა, დაიდე წინ და ჭამე, რადგან იმ დროიდან გინახავდი, რაც ხალხი მოვიპატიჟე”. და იმ დღეს სამუელთან პურობდა საული.
  25. 25
    როცა მაღლობიდან ქალაქში ჩამოვიდნენ, ერდოზე ელაპარაკა საულს სამუელი.
  26. 26
    ადრიანად ადგნენ მეორე დღეს. განთიადისას ამ სიტყვებით იხმო სამუელმა საული ერდოზე: "ადექი, გაგაცილებ”. ადგა საული და ორივენი გარეთ გავიდნენ, ის და სამუელი.
  27. 27
    ქალაქის ბოლოს რომ მიუახლოვდნენ, უთხრა სამუელმა საულს: "უბრძანე შენს მსახურს, წინ წავიდეს, შენ კი შეჩერდი, ღვთის სიტყვა უნდა გამოგიცხადო”. და წინ გაუშვეს მსახური.
იტვირთება შემდეგი თავი